რა გავაკეთოთ, თუ პრეტენზიული ყვავილი გაფიცვას აწყობს: ორქიდეა არ ყვავილობს, მხოლოდ მწვანე მასას და ფესვებს ზრდის. Paparazzi ამ უცნაური მოვლენის გამომწვევ მიზეზებსა და გამკლავების მეთოდებზე გიამბობთ. ორქიდეას ყვავილობის სურვილი ხშირად არ აქვს. განსაკუთრებით მაშინ, თუ დამწყები ხართ და მცენარის შეძენისთანავე რიგი შეცდომები დაუშვით. მოდით, მიზეზები მოვძებნოთ და აღმოფხვრათ.
რატომ არ ყვავილობს ორქიდეა და მხოლოდ ფოთლებს და ფესვებს ზრდის
- ზედმეტი არასწორი სასუქი. დეკორატიული მცენარეების უნივერსალურ სასუქში ბევრი აზოტია, რომელიც მწვანე მასის ზრდას ხელს უწყობს. თუ ორქიდეა არ ყვავილობს, სასუქის მიწოდება შეწყვიტეთ, ხოლო 2 კვირაში ფოსფორის სასუქი დაუმატეთ, რომ კვირტების ნასკვები გააქტიუროთ.
- ჰაერის არასწორი ტემპერატურა. ორქიდეასთვის ზუსტად 25 გრადუსი ტემპერატურა იდეალურია, ხოლო ჰაერის ტენიანობა 65-80%. არანაირი ორპირი ქარი! ორქიდეას კვირტები დაცვივდება, თუ ოთახში ძალიან მშრალი და ცხელი ჰაერია. დაბალ ტემპერატურას, 17-22 გრადუსამდე ადვილად იტანს.
- ხშირი მორწყვა. ორქიდეა წყლის მოყვარულია. მორწყეთ პრინციპით „უხვად, მაგრამ იშვიათად“. თბილი და რბილი წყლით მორწყეთ. მორწყვებს შორის ფესვები და მიწა უნდა გაშრეს.
- სინათლის დეფიციტი. ორქიდეას ნორმალური განვითარებისთვის ათსაათიანი დღის სინათლე სჭირდება. სწორედ ამიტომ, ოქტომბრიდან აპრილამდე მძინარე კვირტის გაღვიძება სპეციალური განათების გარეშე გაგიჭირდებათ. ზაფხულში მცენარე მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. თუ ორქიდეა აყვავილდა, თამამად შეგიძლიათ ოთახის ნებისმიერ ბნელ კუთხეში გაიტანოთ.
რა გავაკეთოთ, თუ ორქიდეა არ ყვავილობს – თუ ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომებზე იმუშავეთ, ხოლო ზარმაცი ორქიდეა მაინც არ ყვავილობს, სწრაფად გამოსაფხიზლებელი მეთოდი სცადეთ. მცენარეს სტრესი შეუქმენით, რომ ორქიდეამ ძლიერი ისრები კვირტებით განავითაროს. აი, სამი მეთოდი.
როგორ ვაიძულოთ ორქიდეას ყვავილობა
- მეთოდი №1 „გვალვის სეზონი“. მეთოდი ორქიდეას სინათლის დეფიციტის პირობებშიც აყვავებას აიძულებს. ამისთვის მორწყვებს შორის ინტერვალი 2–ჯერ გაზარდეთ. შემდეგ მცენარე სითბოში (30 გრადუსამდე) კიდევ 5 დღე გააჩერეთ. არ დანამოთ და არ გამოკვებოთ! ასეთ რეჟიმში 1–2 თვე გააჩერეთ, სანამ ყვავილის ყუნწი არ გამოჩნდება. ამის შემდეგ მორწყვის ჩვეული სქემა დააბრუნეთ.
- მეთოდი №2 „ყინულის პერიოდი“. ტემპერატურის რყევები მცენარეს ყვავილობისკენ უბიძგებს. ისე მოაწყვეთ, რომ დღის და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობა ზუსტად 6 გრადუსი იყოს, მაგრამ არა 16 გრადუსზე დაბალი! ამოცანა შეგიძლიათ გაამარტივოთ და ყვავილი რამდენიმე კვირით სარდაფში გააძევოთ.
- მეთოდი №3 „ცხელი შხაპი“. ორქიდეა ჯერ ჩვეულებრივად მორწყეთ, შემდეგ „ცხელი“ წყალი გადაავლეთ. წყალი მაქსიმუმ 37 გრადუსის უნდა იყოს. 2 კვირაში პროცედურა გაიმეორეთ.
მნიშვნელოვანია: ექსტრემალურ მეთოდებში გადაჭარბება არ ღირს. ეს მაინც დიდი სტრესია. სწორედ ამიტომ, ამა თუ იმ ორქიდეას შენახვის პირობები ყურადღებით შეისწავლეთ და დაიცავით.