ომის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანების მორალური მხარდაჭერა, განსაკუთრებით მათ, ვინც საკუთარი თვალით ნახა ეს საშინელება და გამოსვლა შეძლეს. მათ ახეს სიკვდილი, ნგრევა, დაკარგეს სახლი, ახლობლები.პაპარაცის რედაქცია უთანაგრძნობს თითოეულ უკრაინელს და უსამძიმრებს ახლობლების დაკარგვას რუსეთის მიერ წამოწყებულ ამ არაადამიანურ ომში. დღეს ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ დაამყაროთ კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომელთაც ჯოჯოხეთის გავლა მოუწიათ.
მორალური მხარდაჭერა
თუ თქვენ მასპინძლობთ ლტოლვილებს უკრაინიდან, მნიშვნელოვანია იცოდეთ გარკვეული დეტალები ურთიერთობის დროს. არ უთხრათ მათ, რომ გესმით რას განიცდიან ისინი, რადგან ამ საშინელებას ვერანაირი ადამიანი ვერ გაივლის ადგილზე ყოფნის გარეშე და ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ. ათასობით ადამიანმა დაკარგა სახლი, წლობით ნაგროვები და ნაშენები გარემო, სამსახური, პროფესია. დაკარგეს საყვარელი ადამიანი და ვეღარასდროს გაიგებენ მის ხმას.
მათ მდგომარეობაში შესვლა არ არის მარტივი საქმე, ეს შეუძლებელია განიცადოთ თქვენც და არც მოგეთხოვებათ. უმჯობესია, თანადგომა გამოხატოთ სიტყვებით: “საშინელებაა, რაც შეგემთხვათ, ვწუხვარ, რომ ამის გავლა მოგიწიათ,” ან “ვერც კი წარმომიდგენია, რა საშინელების გავლა მოგიწევდათ…არ უგულვებელყოთ ომის თემა დაზარალებულთან დიალოგის დროს. არ მიიღოთ ისეთი პოზიცია, თითქოს არაფერი მომხდარა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აქ სიტყვები ზედმეტია, მაგრამ სიჩუმე უფრო მტკივნეულია ამ დროს ადამიანისთვის. ის ქმნის ერთგვარ ვაკუუმურ ეფექტს და ადამიანები საკუთარ თავში იკეტებიან, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას.
მნიშვნელოვანია სიტუაციის სიმძიმის და ადამიანის ტანჯვის გათავისება: “რაც მოხდა თქვენს ქვეყანაში, საშინელებაა!”. არ შეაფასოთ პიროვნების გრძნობები, ნუ ეტყვით რა ჯობდა გაეკეთებინა და როგორ მოქცეულიყო. თქვენ არ ყოფილხართ მის ადგილას და არავინ იცის, როგორ მოიქცეოდით.”ადრე რატომ არ წამოხვედი?”, “ბედნიერი უნდა იყო, რომ გადარჩი” – აკრძალული ფრაზებია. დაზარალებული ისედაც იდანაშაულებს თავს ბევრ რამეში, ასევე ცდილობს ახალ ცხოვრებას აუწყოს ფეხი, მაგრამ იმისათვის, რომ მან ეს შეძლოს, მნიშვნელოვანია ემოციების გადახარშვა და გადატანა.
წარსული ცხოვრებიდან მხოლოდ მოგონებები დარჩა და მოუწევს ამასთან შეგუება. გაამხნევეთ: “შენ სრული უფლება გაქვს გაბრაზებული იყო იმაზე, ვინც შენი ცხოვრება დაანგრია, ის ნამდვილი დამნაშავეა და აუცილებლად დაისჯება!”ომში დაზარალებულ ადამიანებთან არ არის სასურველი პრობლემის განზოგადება. არანაირი “ჩვენ ყველას გვიჭირს”, “ჩვენც ვზარალდებით”.თუ ადამიანი გაგიზიარებთ საკუთარ განცდებს, მოუსმინეთ ბოლომდე და უთანაგრძნეთ. არ უთხრათ, რომ უარესი შეიძლებოდა მომხდარიყო და ამას გადარჩა. ამით გაუუფასურებთ დანაკარგს და გრძნობებს გაუცივებთ. თითოეული შემთხვევა უნიკალურია.
არ გამოხატოთ სიბრალული, ეს მათ არ სჭირდებათ, ნუ გამოიყვანთ მსხვერპლად. ხაზი გაუსვი თმის ძლიერ მხარეებს და იმედი მიეცით, რომ ყველა სირთულეს გაუმკლავდება.იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება და აღარასდროს დადგება სამყაროში მსგავსი მდგომარეობა. უკრაინა გაიმარჯვებს და ეს კოშმარი ცუდი სიზმარივით გაქრება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.