ზურგის ყველა უბედურებაში კისრის მარილებს ვადანაშაულებდი. აღმოჩნდა, რომ ასე არააა

1747

თანამედროვე სამყაროში რთულია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ზურგი ერთხელ მაინც არ ტკიოდა. უმეტესობა მათგანი დარწმუნებულია, რომ მიზეზი კისერზე, ხერხემალზე და სადმე სხვაგან მარილებია. ყველამ ვიცით, რომ მარილების დაშლა მხოლოდ სპეციალური მასაჟით შეიძლება. ასეა სინამდვილეში და რას ფიქრობს ამის შესახებ თანამედროვე მედიცინა? Paparazzi მარილების შესახებ მითებს აქარწყლებს და გიამბობთ, რა იწვევს ზურგში დისკომფორტს სინამდვილეში და როგორ ვებრძოლოთ.

კისრის მარილები – პირველ რიგში, გავარკვიოთ, საიდან გაჩნდა მითი მარილებზე და რა არის სინამდვილეში. ხერხემალში მარილის გროვად რენტგენზე ხილულ ეკლიან წანაზარდებს მიიჩნევენ. ასეთი წანაზარდი ბევრ ადამიანს ასაკთან ერთად უჩნდება. ჩვენი ხერხემალი დროთა განმავლობაში ცვდება, მალთაშუა დისკის შიდა რგოლზე ცვეთა იზრდება. ზედმეტი დატვირთვის კომპენსაციის მიზნით ორგანიზმი დამატებით ძვლოვან ქსოვილს ზრდის. ეს ნაზარდი ბუნებრივია და ოსტეოფიტი ეწოდება. არსებობს მითი, რომ მათ გამო ხერხემალში დისკომფორტს განვიცდით. თავად ნაზარდი ზურგის და კისრის ტკივილს არ იწვევს. ეს ჩვენი სხეულის დაბერების მხოლოდ ერთ–ერთი გამოვლინებაა. იგივეა, სიტყვაზე, ოსტეოქონდროზი. დაავადება არაა, არამედ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. უნდა გესმოდეთ, რომ ეს მარილები კისერში ძვლოვანი ქსოვილია. მასაჟით მისი დაშლა, გატეხვა, დაზელვა ან მოშორება არ შეიძლება. პრეპარატები და სპეციალური დიეტები ვერ გიშველით.

საინტერესო ფაქტი: ბევრი თვლის, რომ დეპოზიტებს ბევრი მარილის მიღება იწვევს. ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ რეალობასთან საერთო არ აქვს, თუმცა მარილის ჭარბად მიღება ნამდვილად საზიანოა.

რატომ გვტკივა ზურგი, თუ ეს კისერში მარილი არაა? – ვფიქრობ, რომ მათ, ვინც ყველაფერს მარილს აწერს, პასუხი არ მოეწონებათ. ზურგის ტკივილის მთავარი მიზეზი ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესია. ახლა ბევრი მწარედ ჩაისუნთქავს, თითქოს, კვლავ ესაო. სიმართლეა და ვერ გავექცევით. ზოგჯერ ადამიანი ზურგის დისკომფორტის მიზეზს წლები ეძებს, ის კი ხერხემლის ნაკლებ მოძრაობაში იმალება. ყველა ასაკობრივი ცვლილების შესანელებლად მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა შეგვიძლია. მეტი უნდა იმოძრაოთ, ზედმეტ წონას ებრძოლოთ და მავნე ჩვევებზე უარი თქვათ. მენდეთ, ეს უფრო მუშაობს, ვიდრე სხვა პოპულარული მეთოდები. დღეს, ყველაზე პოპულარულ მეთოდებზე გიამბობთ და ერთად გავარკვიოთ, მუშაობს თუ არა.

მოძრაობის შეზღუდვა – არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ზურგის ტკივილის დროს უნდა დაწვეთ და დაისვენოთ. ეს სწორია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ დაღლას გრძნობთ. სხვა შემთხვევაში, პირიქით, მოძრაობა შეძლებისდაგვარად უნდა შეინარჩუნოთ. ხანგრძლივი უმოქმედობა სიტუაციას მხოლოდ ამწვავებს. თუ დღის განმავლობაში ცოტას მოძრაობთ, ფიზიკური დატვირთვა ნელ–ნელა გაზარდეთ. საჭირო არაა, პირდაპირ ამბრაზურაში გადაეშვათ. სეირნობით დაიწყეთ. დღეში 30-40 წუთი სიარული განწყობის და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ხერხემალი მადლობას გეტყვით. თანდათან ძალოვანი ვარჯიშები დაუმატეთ. ძლიერი კუნთები ჯანმრთელი ზურგის გარანტიაა. თუ ვარჯიშს სწორად შეარჩევთ და რეგულარულად შეასრულებთ, უსიამოვნო შეგრძნებები შეიძლება სამუდამოდ მოიშოროთ. მთავარია, სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ გააკეთოთ.

მასაჟი – მასაჟი ზურგის დისკომფორტის მოსაშორებლად პოპულარული მეთოდია. ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს, ოღონდ ყბადაღებულ მარილებს არ კურნავს, არამედ კუნთებს ადუნებს. მასაჟი შებოჭილობას და სპაზმებს, ტკივილს მოგაშორებთ. კარგი საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ გარკვეული დეტალები არსებობს. ეს სხეულზე პასიური მოქმედებაა. მასაჟის ეფექტი ხანმოკლეა, მასში პროგრესი არაა. ადამიანი ძლიერი ან მოქნილი არ ხდება, კუნთები არ ვითარდება. ფიზიკურ აქტივობასთან კომბინირება მოგიწევთ. ყოველ დილით ზურგის ვარჯიშები მაინც შეასრულეთ. იოგაც დაგეხმარებათ. გირჩევთ, ჩართოთ ვარჯიშები, რომლებიც კუნთებს ავითარებს.

იმედი გვაქვს, გული არ გაგიტეხეთ. ადამიანს ხშირად საკუთარი უბედურების მარტივად ახსნა სჭირდება, მაგრამ სწორედ აქ ხალხური მედიცინის სტერეოტიპები იზრდება. სტერეოტიპები თანდათან უნდა მოიშოროთ. მთავარია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ისწრაფოდეთ. ასე არანაირ მარილზე ფიქრი აღარ მოგიწევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს