ადრე სახლში ბროლის საგნების ქონა შეძლებულად ცხოვრების და კარგი გემოვნების ნიშნად ითვლებოდა. ახლა ასე არაა. დროთა განმავლობაში ასეთმა მინამ პოპულარობა დაკარგა და დღეს ბევრი ადამიანი უსარგებლო ფუფუნების არაპრაქტიკულ ნივთად აღიქვამს. ბროლს სიპრიალეს შენარჩუნება სჭირდება, რაზეც დროის ხარჯვა ყველას არ სურს. რას იტყვით, თუ ბროლს ჯერ კიდევ აქვს შანსი თანამედროვე ინტერიერში თავი გამოავლინოს? შეიძლება თუ არა „არაპრაქტიკულ“ საგნებს მეორე სიცოცხლე ვაჩუქოთ და საცხოვრებელი თანამედროვედ მოვაწყოთ? Paparazzi ამის გარკვევას ეცდება.
ბროლის ბზინვარება სახლში – შეგახსენებთ, რომ თითქმის ნებისმიერი მასალა ხელმეორედ შეგიძლიათ გამოიყენოთ. იქნება ეს ქსოვილი, პლასტმასი თუ რაღაც სხვა. რა თქმა უნდა, უსარგებლო ნივთის გადაგდება უფრო მარტივია, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება ინანოთ. ხელმეორე გამოყენება ნაგვის რაოდენობას ამცირებს და სიამოვნება მოაქვს. ვაღიაროთ: ბროლი სანაგვეზე არავის გამოადგება. მომავალში მისი გამოყენება გონივრული და რაციონალურია. ეს მომენტი შეიძლება ახლავე არ დადგეს, მაგრამ უკეთესი და მისაღები ვარიანტია.
დეკორში ბროლის გამოყენების საუკეთესო მეთოდი: როგორც პანოს დეტალი. ამისთვის დაგჭირდებათ არა მხოლოდ სასალათე და საკანფეტე, არამედ სილიკონის წებო, ფანჯრის ჩარჩო (საფუძველი იქნება), კავები და ჯაჭვები. მინის ბურთები ან ნამსხვრევებიც გამოგადგებათ. პანოს მთელ ნაწილებს შორის სივრცის ამოსავსებად გამოიყენეთ.სინამდვილეში, ყველაფერი მარტივია. მთავარია, ადგილი და შესაფერისი მინა ჩარჩოთი ან უბრალოდ ფანჯარა იპოვოთ. ახლა სწორი ბროლის დეტალი შეარჩიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელს სწორი კიდეები ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში მყარად არ დამაგრდება. ამავდროულად, თავად ჭურჭელი როგორც ბრტყელი, ასევე ამობურცული შეიძლება იყოს.
როცა ჭურჭელს შეარჩევთ, დაფიქრდით, სად ღირს დამაგრება. სივრცის მაქსიმალურად ათვისება არ სცადოთ. თავისუფალი ადგილი ნატეხებით და მინის კენჭებით შეგიძლიათ გაავსოთ. როცა განლაგებას დაასრულებთ, დაწებება დაიწყეთ.სილიკონის წებოთი ნაწილები მინაზე დაამაგრეთ. სილიკონის წებო ამ საქმიანობისთვის უფრო შესაფერისია, რადგან კვალს არ ტოვებს და საკმაოდ გამძლეა. როცა ყველა ჭურჭელს და მინას დაამაგრებთ, პანოს დამაგრება შეგიძლიათ დაიწყოთ. ამისთვის კავები და ჯაჭვები დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, თუ ფანჯარა გააფორმეთ, მხოლოდ დაწებებით შემოიფარგლებით.
ბროლი მბზინავი უნდა იყოს. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ბროლის ჭურჭელი დაბინდული ხდება. გთავაზობთ კარგ რეცეპტს, რომლის დახმარებით ბროლს ბზინვარებას სახლის პირობებში მინიმალური ძალისხმევით და ხარჯით დაუბრუნებთ. პირველ რიგში, ჭურჭელი თბილი წყლით და სარეცხი საშუალებით გარეცხეთ, ღრუბლის რბილი მხარე გამოიყენეთ. ახლა წყლისა და ძმრის ნარევი გადაავლეთ. ესეც ასე, ბროლი დიდხანს აღარ დაიბინდება. მეთოდი გამოადგება ყველას, ვისაც სახლში ბროლი აქვს.