საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის ხელფასის ნახევარი ან მეტი საკვებში იხარჯება. ფასები ყოველწლიურად იმატებს და ხალხს ქამრების შემოჭერა ან დამატებითი შემოსავლის ძებნა უწევს, რაც არ არის მარტივი საქმე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ხარჯების ეკონომიის გზებზე.
ხარჯები საკვებზე
იმისათვის, რომ გონივრულად გადაანაწილოთ საკვებისთვის განკუთვნილი ხარჯები, საჭიროა დაგეგმოთ. გაითვალისწინეთ, რომ მარკეტოლოგები მიმართავენ ხრიკებს, რომელიც გაიძულებთ კვერცხის საყიდლად მისულებმა გაიყოლოთ აქციაში მოხვედრილი გემრიელი სასუსნავი ან პროდუქტი. ყურადღების მისაქცევად ცვლიან ეტიკეტის ფერს და უთითებენ ფასდაკლებას, თუმცა, ფასი შეიძლება იგივე იყოს. არაჟნის ან ყავის შეფუთვებში ზედმეტს არავინ ამატებს, შეგიძლიათ გადაამოწმოთ მაღაზიაში საკონტროლო სასწორზე. შეინარჩუნეთ ჯანსაღი აზრი , არსებობს დაზოგვის რამდენიმე გზა.
მთელი კვირის მენიუ – რაციონში მრავალფეროვნების შესატანად კარგი საშუალებაა კვირის მენიუს გაკეთება. თქვენ წინასწარ გეცოდინებათ რა უნდა მოამზადოთ და რა უნდა იყიდოთ ამისთვის. ზოგიერთი პროდუქტი უფრო მომგებიანია დიდ შეფუთვებში, ზოგი ჯობია წონით იყიდოთ. ეს მიდგომა ამცირებს იმპულსური შესყიდვების რაოდენობას.
წინასწარ მომზადება – კვირაში ან თვეში ერთხელ საკვების წინასწარ მომზადება კარგი იდეაა მათთვის, ვისაც არ უყვარს ყოველდღიურად მომზადება. ასევე შეგიძლიათ გონივრულად გაანაწილოთ. მაგალითად, გაცილებით მომგებიანია მთლიანად ქათმის ყიდვა და მისგან ნეხევრფაბრიკატის ან კერძის მომზადება, ვიდრე ნაწილ-ნაწილ შეძენა. ასევე, ხილ-ბოსტანი, რომელიც სეზონზე იაფია და შეგიძლიათ დახუფოთ, შეინახოთ საყინულეში.
კონსერვაცია – ეს არის ის, რამაც იხსნა ჩვენი ბებიების თაობა შიმშილისგან. დაკონსერვებული პროდუქტები დიდხანს ინახება. ზაფხული საუკეთესო დროა ამის გასაკეთებლად. ასევე შეგიძლიათ გაახმოთ ვაშლი, ქლიავი, გარგარი… მოხარშეთ ჯემი, მურაბა, გაყინეთ კენკრა, მწვანილი, მოამზადეთ მარინადები და ა.შ.
მწვანილი ფანჯრის რაფაზე – ცივ სეზონსა და ადრე გაზაფხულზე მწვანილი საკმაოდ ძვირია. თქვენს აივანსა და ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ გააშენოთ ჯანსაღი მიკრო მწვანილი, მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში, პომიდორი, მარწყვი.
საყიდლების სია – სია გვაძლევს მოქმედების მკაცრ გეგმას და იმის გააზრების საშუალებას, როგორ გადაანაწილოთ ბიუჯეტი. საყიდლებზე წასვლამდე ყოველთვის ჩამოწერეთ სია, ფასები. დაახლოებით გეცოდინებათ რამდენის დახარჯვა მოგიწევთ. ასეთ დროს ზუსტად გეცოდინებათ რა გჭირდებათ და აღარ გაამახვილებთ ყურადღებას მარკეტოლოგების მიერ შემოთავაზებულ ხრიკებზე.
არ წახვიდეთ საყიდლებზე მშიერი – როდესაც ადამიანს შია, გულგრილად ვერ აუვლის გვერდს შოკოლადის ფილას ან სხვა გემრიელ საკვებს. შიმშილი უბიძგებს დაუფიქრებლად ჩაალაგოს საჭმელი კალათაში. ამიტომ მიირთვით ჯერ გემრიელად და ისე წადით საყიდლებზე.
ქვედა თაროები – როგორც წესი, ყველაზე პოპულარული და არასაჭირო ნივთები განლაგებულია თვალში საცემ ადგილებში. დააკვირდით ქვედა თაროებს და დაინახავთ, რომ იქაც აწყვია არარეკლამირებული და დაბალფასიანი ხარისხიანი პროდუქცია.
რჩევა რედაქციისგან: აქციაში მოხვედრილი პროდუქტები ყოველთვის არ არის მარკეტინგული ხრიკი. დაიმახსოვრეთ ხოლმე ძირითადი ფასები და არასდროს შეცდებით. არ დაიზაროთ და შეადარეთ ხოლმე ღირებულება სხვადასხვა მაღაზიებში. ხშირად არის მნიშვნელოვანი სხვაობა. თქვენ როგორ აკეთებთ ეკონომიას პროდუქტის ხარჯებზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.