ამ დღეებში რაიმე გემრიელის მომზადება მომინდა, მაცივარში კი, ჯიბრზე, მხოლოდ სტაფილო მქონდა. ჯერ დავღონდი, შემდეგ კი გამახსენდა, რომ ხილის განყოფილებაში 2 ცალი ფორთოხალი მქონდა. ტელეფონი ავიღე და ინტერნეტში დავიწყე სწორედ, იმ კერძის ძებნა. ვიპოვე! სტაფილოს პეროგმა, ფორთოხლის მოხარშული კრემით – ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში სტაფილოს პეროგის რეცეპტს გთავაზობთ.
სტაფილოს პეროგი – ამ რეცეპტში ყველაფერი შესანიშნავია. ჯერ ერთი დესერტი საკმაოდ სწრაფად და მარტივად მზადდება. მოხარშული კრემიც კი! მეორეც, პეროგში არ არის რძის პროდუქტები, რის შედეგადაც კერძი ნაკლებად ცხიმიანი გამოდის. ეს, ზუსტად ის არის, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში გვჭირდება.
ინგრედიენტები ცომისათვის
- სტაფილო – 300 გრამი;
- კვერცხი – 3 ცალი;
- მცენარეული ზეთი – 150 მლ;
- ფქვილი – 150 გრამი;
- შაქარი – 220 გრამი;
- გამაფხვიერებელი – 10 გრამი;
- ვანილის შაქარი – 10 გრამი;
- 2 ფორთოხლის და 1 ლიმონის ცედრა.
ინგრედიენტები მოხარშული კრემისათვის
- შაქარი – 80 გრამი;
- სიმინდის სახამებელი – 30 გრამი;
- კვერცხი – 1 ცალი;
- 2 ფორთოხლისა და 1 ლიმონის წვენი.
მომზადების წესი
- პირველ რიგში, ციტრუსები უნდა მოამზადოთ. კარგად გარეცხეთ და ადუღებული წყალი დაასხით. შემდეგ, ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა მოამზადეთ. ხილიდან კი წვენი გამოწურეთ.
- მოხარშული კრემის მოსამზადებლად, ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, შაქარი და სახამებელი. დაამატეთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენი და კარგად შეურიეთ. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ. სისქით, ისეთივე უნდა გამოვიდეს, როგორიცაა მანის ფაფა.
- კრემი ღრმა ჯამში გადაასხით და საკვების ცელოფანი გადააფარეთ. ცელოფანი კრემის ზედაპირს მჭიდროდ უნდა ეხებოდეს, რათა კრემოვან მასას გაციების შემდეგ ქერქი არ გაუკეთდეს. ამ დროის განმავლობაში თავად პეროგი მოამზადეთ.
- ცომის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, ვანილის შაქართან ერთად. ამ უკანასკნელის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ვანილი ან ვანილის ესენცია. კვერცხიან მასას დაამატეთ მცენარეული ზეთი, ცედრა და ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთში. შემდეგ, მიღებულ მასაში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ცომი მოზილეთ.
- წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო და ცომს შეურიეთ. ინგრედიენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტის ქაღალდი. მნიშვნელოვანია, რომ ქაღალდი ფარავდეს ფორმის ძირსაც და გვერდებსაც. ცომი თანაბარ ფენად გადაანაწილეთ ფორმაში. გაციებული მოხარშული კრემი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და წრიულად გადაანაწილეთ უმ ცომზე.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, 45 – 50 წუთის განმავლობაში. უკეთესი იქნება თუ ჩართავთ ზედა და ქვედა გაცხელების რეჟიმს. ორიენტირდით თქვენი ღუმლის მიხედვით. მზად არის თუ არა, ძველებური მეთოდით შეამოწმეთ, ხის ჩხირის მეშვეობით.
აცადეთ პეროგი გაცივდეს და ისე დაჭერით. გემრიელად მიირთვით!
რედაქციისაგან: მოამზადეთ სტაფილოს პეროგი საღამოს, რათა დილით თქვენი ახლობლები არაჩვეულებრივად გემრიელი ნამცხვრით გაანებივროთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ფორთოხალი, თუ არ მოგწონთ ლიმონი და მკვეთრად გამოხატული ციტრუსის გემო. მე გამაოცა არაჩვეულებრივი მოხარშული კრემისა და სტაფილოს პეროგის კომბინაციამ. თუ სტუმრების გაოცება გსურს აუცილებლად მოამზადეთ ეს გემრიელობა, მათ მოსვლამდე!ყველა დიასახლისს არ უყვარს სტაფილოს პეროგის მომზადება, რადგან ფიქრობს, რომ პეროგს სტაფილოს მკვეთრად გამოხატული გემო ექნება. მაგრამ, ეს სულაც არ არის ასე და სტაფილოს გემრიელი პეროგის ეს რეცეპტი, მხოლოდ ამას ადასტურებს.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენც მოგეწონათ დღევანდელი რეცეპტი და აუცილებლად ცდით ამ არაჩვეულებრივი მოხარშულ კრემიანი პეროგის გამოცხობას.