“როცა აღარ ვიქნები, ცხოვრებით დატკბი!” კიბოთი დაღუპული ჟურნალისტის გამოსამშვიდობებელი წერილი…

0
413

გთხოვთ, არ დაგეზაროთ და ბოლომდე წაიკითხოთ! ადამიანები, ხშირად, არ ვაფასებთ, რომ შეგვიძლია სუნთქვა, მზის სხივებით ტკბობა და ქუჩაში აუჩქარებლად სეირნობა.

შარლოტა კიტლი ცნობილი ინგლისური გამოცემა The Huffington Postის სვეტის რედაქტორად 2013 წლიდან მუშაობდა. სამწუხაროდ, 2014 წლის 16 სექტემბერს იგი გარდაიცვალა, მანამდე კი მკითხველებს ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა.

გთავაზობთ სტრიქონებს მისი “წერილიდან მათთვის, ვინც რჩება”:

-“ყოველთვის მიყვარდა დაგეგმვა. მომწონდა დღისთვის საქმეებისა და მისიების სიის შედგენა. ძალიან მარტივად ვერთვებოდი ახალ საქმეში, თუმცა ასევე სწრაფად ვკარგავდი მის მიმართ ინტერესს.

კიბოსთან ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს ისეთი რამ არაა, რომელსაც, თუ მოგბეზრდება, მომდევნო დღისთვის გადადებ და უფრო საინტერესო რამეებით დაკავდები. არ არსებობს გადამრთველი, რომელიც შეცვლიდა დღეებს, სურვილისამებრ. ყოველ შემთხვევაში, მე ეს არ გამომივიდა.

პირველივე დღიდან, როცა გავიგე, რომ კიბო მქონდა, ჩავიტარე ყველა გამოკვლევა, შევასრულე ექიმის ყველა დანიშნულება. ვცდილობდი, მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებზე უარი მეთქვა და, ალტერნატიული თერაპიის სახით, ვჭამდი ხაჭოსა და კომბოსტოს, ვიკეთებდი აკუპუნქტურას. კიბო ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღესასწაულები, ვარცხნილობები, თვითმფრინავის მართვის გაკვეთილები – ეს ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ ჩაივლიდა კიდევ ერთი ქიმიოთერაპია. დენი და ლუ(შვილები) ჩემი დღის რეჟიმის ტყვეები იყვნენ. ეს ყველაფერია, რაც მათ იცოდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, გამხდარიყვნენ ყველაზე სასურველი და საყვარელი ბავშვები. თუმცა, როგორც არ უნდა გვეცადა მათი დაცვა ჩემი დაავადებისგან, მაინც ყველაფერს ხვდებოდნენ.

ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე ცუდად გავხდი. საავადმყოფოში ანალიზები გავიკეთე და შედეგი საშინელი იყო. ახლა ჩვენ აღარ ვგეგმავთ თვეებით ადრე. მე დამითვალეს დღეები, შესაძლოა, კვირები. უკვე იმედი აღარ მქონდა, რომ საავადმყოფოს დავტოვებდი, მაგრამ მაინც მოვახერხე სახლში დაბრუნება. დარჩენილი დრო საყვარელ ქმართან და ბავშვებთან ერთად გავატარე.

ახლა, ამის წერის დროს, დივანზე ვზივარ, ვცდილობ საკუთარი მანქანის გაყიდვას და დაკრძალვის ორგანიზებას. ყოველ დილით, გაღვიძებისას, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ კიდევ ერთი შანსი მომცა, ჩავხუტებოდი ჩემს საყვარელ ბავშვებს.

როცა ამას წაიკითხავ, მე უკვე აღარ ვიქნები. რიჩს (ქმარს) დრო დასჭირდება იმისათვის, რომ შეეჩვიოს და გაიგოს, რომ მე აღარ ვარ. იგი სიზმრებში მნახავს, მაგრამ დილით საწოლი ცარიელი დახვდება. იგი კარადიდან ორ ფინჯანს გამოიღებს და მალევე მიხვდება, რომ ყავა ახლა მხოლოდ ერთისთვის უნდა გააკეთოს. ლუსი ვეღარავის დაუწნის თმას.

დენი დაკარგავს Lego-ს კუბს, თუმცა არავის ეცოდინება, როგორია იგი და სად უნდა ეძებონ. შენ წაიკითხავ ჩემს საავტორო სვეტს და დაელოდები ახალ პუბლიკაციებს, თუმცა მათ ვეღარ იხილავთ, ეს უკანასკნელი თავია…

…თუმცა, ეს დასარული არაა. როცა აღარ ვიქნები, გთხოვ, დატკბი ცხოვრებით! ჩაეჭიდეთ მას ორივე ხელით და შეანჯღრიეთ. იგრძენით მისი ყოველი წამი. გიყვარდეთ შვილები. ვერც წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერებაა ეს: დილით დააჩქაროთ კბილების გახეხვის დროს.

ჩაეხუტეთ თქვენს სიყვარულს და, თუ იგი საპასუხოდ არ ჩაგეხუტებათ, იპოვეთ ის, ვინც ამას გააკეთებს. ყველა ადამიანი იმსახურებს საპასუხო ფრჩხნობას. არ დათანხმდეთ ნაკლებზე. ეძებეთ სამსახური, რომელიც მოგწონთ და არ გახდეთ მისი მონა. იცეკვეთ, იცინეთ და ჭამეთ მეგობრებთან ერთად. მყარი, ჭეშმარიტი მეგობრობა ღვთიური საჩუქარია.

მეგობრები შეარჩიეთ გონივრულად, გაუფრთხილდით მათ და გიყვარდეთ მთელი სიყვარულით, რომლის გაცემაც შეგიძლიათ. შემოიზღუდეთ თავი ლამაზი ნივთებით. ცხოვრება სავსეა ნაცრისფრითა და დარდით – დაუმატეთ მას ფერადი საღებავები. სილამაზე ყველაფერშია, ხანდახან უბრალოდ დაკვირვება გჭირდებათ მის დასანახავად.

მაშ ასე, მგონი სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყველას იმ სიკეთისთვის, რომელიც 36 წლის მანძილზე ვიგრძენი. 

გთხოვ, არ დახარჯო სიყვარული ჩემზე – გადაეცი იგი რიჩს, ბავშვებსა და ახლობლებს. დღეს, ფარდების დახურვისას, იპოვეთ ვარსკვლავი ცაზე. ეს მე ვსვამ პინა კოლადას და ვტკბები ძვირადღირებული შოკოლადების ჭამით.

ღამე მშვიდობისა, მშვიდობით და ღმერთი გფარავდეს!

შენი ჩარლი.”

ხანდახან, ასეთი წერილები ერთგვარი გამოსაფხიზლებელი სულია ჯანმრთელი ადამიანებისთვის. რამდენად ხშირად ვწუწუნებთ სისულელეებზე, დიდ ღიპზე, ულამაზო ვარცხნილობაზე თუ მოტეხილ ფრჩხილზე. ასეთი წერილები გვეხმარება იმის გაგებაში, რომ, როცა სიკვდილს თვალებში უყურებთ, მთავარია გიყვარდეთ და იცხოვროთ მთელი ძალით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი