სლინგი აუცილებელია ყველა თანამედროვე დედისთვის. ის საშუალებას გაძლევთ კომფორტულად ატაროთ ბავშვი. პატარა იღებს ბუნებრივ მდგომარეობას და ძალიან ახლოს არის დედასთან, რაც უზრუნველყოფს შინაგან სიმშვიდეს.
სლინგი ბავშვებისთვის
რატომ სლინგი? ხშირად დედას სჭირდება სადმე წასვლა: სასეირნოდ ან თუნდაც მაღაზიაში. ეტლის ყოველ ჯერზე გამოყვანა რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მახლობლად არავინ არის დასახმარებლად. სლინგის ჩაცმა და ბავშვის შიგნით ჩასმა ბევრად მარტივია.აქტიური დედების უმეტესობა უპირატესობას სლინგს ანიჭებს. ყველას არ უყვარს ბავშვის დაბადებასთან ერთად დღე და ღამე სახლში ჯდომა და სურთ შეინარჩუნონ ისეთი აქტიური ცხოვრების წესი, როგორიც ბავშვის დაბადებამდე ჰქონდათ. სლინგით კი ეს ადვილი შესაძლებელია. მისი პირველი პროტოტიპები აიღეს აზიისა და აფრიკის მკვიდრთა უძველესი კულტურებიდან. ჩვენთვის სლინგი ახალი ხილია. ეს არის ტრენდი, რომელიც საოცრად სასარგებლო აღმოჩნდა. უძველესი ტომებისთვის კი ბავშვის გადაყვანის მსგავსი მეთოდი ყოველდღიური და ერთადერთი საშუალება იყო.
რაში მდგომარეობს სლინგის სხვა სარგებელი? მაგალითად ის, რომ დედას არ სჭირდება მუდმივად ეტლში ჩახედვა იმის შესამოწმებლად, რომ ბავშვი ნორმალურად სუნთქავს, ხომ არ ცხელა და ხომ არ სურს ჭამა. ბავშვი მუდამ თქვენს თვალწინაა. გარდა ამისა, უფრო მარტივად დაამშვიდებთ პატარას, თუ ის ატირდება.თავისუფალია ხელები, რაც დედას საშუალებას აძლევს გააკეთოს საქმე, სანამ ბავშვი მშვიდად არის მის გვერდით. ბავშვი კი მშვიდად არის, რადგან მისი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია – დედასთან სიახლოვე. ასევე, ბავშვის სლინგში ტარება დიდ როლს თამაშობს ძუძუთი კვების ხელისშეწყობაში.
რატომ ჯობია სლინგი ეტლს – თუ დავუბრუნდებით სლინგისა და ეტლის შედარებას, პირველი ვარიანტი არანაირად არ ზღუდავს დედას მოძრაობის თვალსაზრისით. შეგიძლიათ ბავშვი ჩასვათ სლინგში და მშვიდად წახვიდეთ სასეირნოდ ან საყიდლებზე. ვინც მუდმივად სარგებლობს ეტლით, მათთთვის კიბეები, ლიფტის არქონა, ან თუნდაც ზედმეტად ვიწრო კარი გადაულახავი დაბრკოლება ხდება. ტრანსპორტით მგზავრობაც ბევრად მარტივდება სლინგით.სლინგის ტარება მოსახერხებელია სახლშიც. თქვენ აკეთებთ საქმეებს, ბავშვი კი მუდმივად თქვენთან არის. არიან სლინგის მკაცრი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბავშვის ამგვარად ტარება მას დედაზე დამოკიდებული ხდის. მაგრამ ეს მთლად ასე არ არის და კრიტიკოსები ცუდად ერკვევიან ახალშობილის ფსიქოლოგიაში.ფაქტია, რომ ბავშვები, რომლებიც იღებენ დედობრივ სითბოს და ზრუნვას, იზრდებიან უფრო დამოუკიდებლები. მათში ფორმირდება მიჯაჭვულობის საიმედო ტიპი, რადგან მუდმივად იღებდნენ სიყვარულს და ზრუნვას სათუთ ასაკში. ხოლო ისინი, ვინც ყველანაირად ცდილობენ ბავშვში დამოუკიდებლობის განვითარებას, არღვევენ ცხოვრების ბუნებრივ სვლას. დედიკოებო, გახსოვდეთ: ბავშვის ცხოვრების პირველ წელს არ ღირს დამოუკიდებლობაზე ორიენტირება. ამ პერიოდში ბავშვს სჭირდება დედა და ეს სრულიად ბუნებრივია.
სლინგის სახეები – სლინგის გამოყენება შესაძლებელია დაბადების პირველი კვირებიდან. პატარას მშვიდად და ტკბილად სძინავს მასში, რადგან ის ნაყოფის პოზაშია და ამ პოზაში იყო მთელი 9 თვე, ეს პოზა მისთვის ნაცნობია. თან დედის გვერდით თავს დაცულად გრძნობს.გაითვალისწინეთ, რომ ყველა სლინგი არ არის შესაფერისი ახალშობილებისთვის. ასეთი პატარებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ სლინგი-შარფები და სლინგი რგოლებით. ეს უკანასკნელი მარტივი გამოსაყენებელია და გამოუცდელ დედასაც კი შეუძლია მისი სწორად შეკვრა. ეს ვარიანტი კარგია სიცხეში და მისგან ბავშვის საწოლზე გადაყვანა ადვილია. რგოლიან სლინგს ატარებენ ერთ მხარზე და ამიტომ ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ნუ გაიკეთებთ.სხვა სლინგები თანაბრად ანაწილებენ ბავშვის წონას და დედას შეუძლია მისი ტარება დიდი ხნის განმავლობაში. მაი-სლინგი არის ქსოვილის კვადრატი თასმებით. ის განკუთვნილია 3 თვის ასაკიდან ჩვილებისთვის.აქტიური დედებისთვის იდეალური ვარიანტია სლინგი-შარფი. უბრალოდ, ცოტა ვარჯიში მოგიწევთ სწორად შესაკრავად.
რჩევა რედაქციისგან: შესაძლოა, ზოგიერთი დედა ჯერ კიდევ ერიდება სლინგებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის გამოიყენებოდა უძველესი დროიდან და სასარგებლოა როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. არ მოუსმინოთ პრეტენზიულ ბებიებს, რომლებიც უარყოფენ ყველაფერ ახალს და ყველაფერი „უკეთესად იციან“. შეეცადეთ მოუსმინოთ თანამედროვე ექსპერტებს და შეიძინეთ სლინგი, ნამდვილად არ ინანებთ!
გაგვიზიარეთ კომენტარებში გამოგიყენებიათ თუ არა სლინგი და რამდენად კომფორტული იყო ის თქვენთვის.