ბულგარულ წიწაკას ზამთარში არ ვყიდულობ. ორიგინალური მეთოდები წიწაკის შესანახად

0
3211

ბულგარული წიწაკა ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ შეიძინოთ. მთავარია, ფული და ახლომახლო სუპერმარკეტი გქონდეთ. ზამთარში ბოსტნეული გაცილებით ძვირია, ამიტომ მის მომარაგებას გირჩევთ. თანამედროვე მაცივრის საყინულე კამერა საშუალებას იძლევა, რომ ხილ–ბოსტნეული ახალი მოსავლის აღებამდე შეინახოთ. Paparazzi გიზიარებთ ორიგინალურ მეთოდებს, როგორ შეინახოთ ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის.

ბულგარული წიწაკის ნამზადი ფარშირებისთვის – ბუნებამ ბულგარული წიწაკა ფარშირებისთვის იდეალური გახადა. წვნიანი რბილობი ხორცის, ყველის და კომბოსტოს გემოს იდეალურად ეთავსება. ნაყოფის ღრუ ფორმა იდეალური კონტეინერია და ითხოვს, რომ სხვა გემრიელობით გაავსოთ. ერთნაირი, წაწვეტებული ფორმის წიწაკა გადაარჩიეთ. თავი მოაჭერით და თესლებისა და ტიხრებისგან გაწმინდეთ. განსაკუთრებით წვნიანი ნაყოფი სალფეთქით გაამშრალეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ. წიწაკები ერთმანეთს ჩამოაცვით. ასე ნაკლებ ადგილს დაიკავებს. პარკში გაახვიეთ და საყინულეში შეინახეთ.

როგორ დავზოგოთ ადგილი წიწაკის მომზადებისას – ერთმანეთში ჩადებული წიწაკაც საკმაოდ მოცულობითია. თუ საყინულეში ადგილის დაზოგვა გსურთ, სხვა რეცეპტი გამოიყენეთ. ერთნაირი ზომის წიწაკები შეარჩიეთ, თავი მოაჭერით და თესლი და ტიხარი მოაშორეთ. თითოეულ წიწაკას შიგნიდან მარილი წაუსვით და ასე 1 საათით გააჩერეთ. დამარილებული წიწაკა დარბილდება და გაწურვას შეძლებთ. წვენი გადაასხით. ნაყოფი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, რომ ზედმეტი მარილი მოაშოროთ. წიწაკები ერთმანეთში ჩადეთ, პარკში გაახვიეთ და საყინულეში შეინახეთ. წიწაკა დამარილების შემდეგ რბილი და დამყოლია, ამიტომ ნაკლებ მოცულობას იკავებს. 1 ლ მოცულობის პარკში დაახლოებით 10 ბულგარული წიწაკის შენახვას შეძლებთ.

ნამზადი სალათებისთვის – თუ ბულგარული წიწაკის გამოყენებას სალათისთვის აპირებთ, სასურველი ზომის კუბებად დაჭერით. ძალიან პატარა კუბები მისაღები არაა, რადგან დაჭრილი პროდუქტიდან მეტი წვენი გამოვა. დაჭრილი წიწაკა ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. პარკში ან კონტეინერში ჩააწყვეთ და საყინულეში შეინახეთ. პლასტმასის ფართოყელიანი ბოთლიც ან ბოთლი გადაჭრილი თავით გამოგადგებათ.

წიწაკის პასტა – წინა რეცეპტის მომზადებისას დარჩენილი ძალიან წვრილი ნაჭრებიც შეგიძლიათ შეინახოთ. ამისთვის წიწაკის პასტა მოამზადეთ. დაჭრილი წიწაკა ბლენდერის ჭიქაში ჩაყარეთ და პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. თუ გსურთ, რამდენიმე ღერო მწვანილი დაუმატეთ. ყინულის ფორმები პასტით გაავსეთ და საყინულეში შეინახეთ. გაყინული პიურე ფორმებიდან ამოიღეთ და ცალკე პარკში შეინახეთ. ასეთი პასტა პირველი კერძის, ხორცის გუფთების და სოუსის მოსამზადებლად შესანიშნავია.

ზაფხულში დახარჯული ცოტა დრო საშუალებას მოგცემთ, რომ მთელი წელი ბულგარული წიწაკით გემრიელი კერძები მოამზადოთ. მაგალითად, ახალ წელს შეგიძლიათ ქათმის ხორცით ფარშირებული წიწაკა მოამზადოთ, ხოლო შობას ამ კერძის სამარხვო ვარიანტი კარტოფილით და ქამა სოკოთი.