ორქიდეა ერთ–ერთი ულამაზესი ოთახის მცენარეა. როგორ ყვავილობს ორქიდეა? სხვადასხვა ფორმა, ფერი, ფურცლებზე მოხატულობა შეიძლება ჰქონდეს. სამწუხაროდ, ძალიან სუსტია. შეიძლება ყვავილის გადარჩენა, თუ ყუნწი გადატყდა? ისევ აყვავდება? რა თქმა უნდა, დიახ, თუ ცოტას გაირჯებით. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოიქცეთ, თუ საყვარელი ორქიდეა დაზიანდა.
თუ ყვავილის ყუნწი მთლიანად დაზიანდა – სამწუხაროდ, დარჩენილ ღეროსთან ერთად ვეღარ გაიზრდება. მხოლოდ ერთი ვარიანტია: გადატეხილ ადგილას ფრთხილად გადაჭერით. თუ ღეროს ქვემოთ კვირტები და მომლოდინე კოკრები არის, არ ინერვიულოთ, ორქიდეა მალე აყვავილდება. ამას დრო სჭირდება, ასევე ბევრი „მზის აბაზანა“ და კარგად გამოკვება. გადაჭრილი ტოტი ყვავილებით წყალში ჩადეთ (მუქი ფერის ჭურჭელში). ასე ყვავილებით კიდევ დიდხანს გაგახარებთ. სხვათა შორის, გამორიცხული არაა, რომ გაფესვიანდეს. ასეც ხდება, როცა მანამდე ორქიდეაზე კარგად ზრუნავდით და კვებავდით. გაფესვიანების შემთხვევაში ისევ ქოთანში დარგეთ. გახსოვდეთ, რომ წყალში ფესვები სინათლისგან დაცული უნდა იყოს.
თუ ღეროზე მხოლოდ მცირე დაზიანებაა – თუ ყუნწი ბოლომდე არ გადატყდა, არამედ მხოლოდ დაზიანდა, დიდი ალბათობით, გადაჭრა არ დასჭირდება. პროფესიონალი ფლორისტის რჩევას გიზიარებთ. თუ სახლში ალოე ვერა გაქვთ, სიტუაციას ნამდვილად გამოასწორებს. გამოცდილია!
- ალოეს ხორციანი ფოთოლი აიღეთ და დაზიანებულ ადგილზე კარგად წაუსვით. ალოეს წვენი შეიცავს ყველა აუცილებელ ნივთიერებას, რომელიც ღეროზე ჭრილობას ახორცებს, უჯრედების აღდგენას ხელს უწყობს და ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.
- ალოეს წვენს შეწოვა აცადეთ და ღეროზე სკოჩით მიამაგრეთ. ხშირად წაუსვით, მინიმუმ 3-4 დღეში ერთხელ. ფრთხილად იყავით, როცა სკოჩს ააძრობთ, რომ ღერო უფრო არ დააზიანოთ.
- შემდეგ დააკვირდით, როდის გაიზრდება ტოტი. ამის შემდეგ ორქიდეაზე კარგად იზრუნეთ, საკმარისი განათებით უზრუნველყავით და გამოკვებეთ, რომ ყვავილობას ხელი შეუწყოთ.
- სხვათა შორის, ალოე მძინარე კვირტებსაც გააღვიძებს. თუ მცენარე დიდხანს არ ყვავილობს, ალოეს ნაჭერი ღეროს კვირტების ადგილზე ჩამოაცვით. ალოე რამდენჯერმე, გაშრობის მიხედვით გამოცვალეთ. ვიტამინები და მიკროელემენტები ორქიდეას ახალი ყლორტების და ყვავილების ფორმირებისკენ უბიძგებს.
როგორ ვიზრუნოთ ორქიდეაზე: სასარგებლო რჩევები – ზოგიერთ ორქიდეას დიდი ყვავილი ეზრდება, ზოგს ყვავილები ცვივა და მხოლოდ ღერო რჩება. გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს და საიდუმლო მეთოდებს, რომ ორქიდეა აყვავილდეს, ჯანმრთელი და სასიცოცხლო ძალებით სავსე იყოს.
- შეძენისთანავე ორქიდეა სხვა ყვავილებისგან მოშორებით დადეთ. ჯერ არ გამოკვებოთ და ძლიერ არ მორწყათ.
- ორქიდეას მზის სინათლე სჭირდება, მაგრამ არა პირდაპირი, არამედ გაფანტული, რადგან ტროპიკულ სამშობლოში ხეების ქვეშ იზრდება.
- ტენიანობის და ტემპერატურის მიმართ მომთხოვნია: ოთახის გადახურება არ დაუშვათ და სპრეი ბოთლით მუდმივად დანამეთ.
- ყვავილობისას თბილი წყლით მორწყეთ, მაგრამ წყლის ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.
- კონკრეტულად ამ ჯიშის ორქიდეისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი გამოიყენეთ. 6 თვეში მინიმუმ ერთხელ გამოკვებეთ.
ამ რჩევების გათვალისწინებით ღეროს დაზიანების შემდეგ ორქიდეას აღდგენას შეძლებთ, თან მისი ლამაზი ყვავილებით თვალს გაახარებთ.