პარფიუმის მდგრადობა: სწორი ზონები სუნამოს წასასმელად ქალისა და კაცისთვის

0
227

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად პარფიუმის მდგრადობა და უკეთესი სუნი მის ფასზე პირდაპირ კავშირში არაა. უფრო მნიშვნელოვანია, სად წაისვამთ სუნამოს. ამასთან ქალისა და კაცის შემთხვევაში სუნამოს წასასმელი ზონები ოდნავ განსხვავდება. Paparazzi გიამბობთ, რა წესები უნდა დაიცვათ, რომ სუნამო დიდხანს იგრძნოთ და უკეთ გაიხსნას.

პარფიუმის მდგრადობა – სუნამოს მდგრადობას არომატული ნივთიერებების რაოდენობა განსაზღვრავს. სუნამო Extrait ან PARF კანზე წერტილოვნად უნდა წაისვათ და არა შეისხუროთ. მისი სუნი ნელა იშლება და დიდხანს ძლებს. როგორც წესი, ძვირადღირებულია. პარფიუმერული წყალი, რომელიც საშუალო და მაღალი ფასის სეგმენტს მიეკუთვნება, 15-20% არომატულ ნივთიერებას შეიცავს. ასეთი პარფიუმი სხვადასხვა ზომის ბოთლებით იყიდება და სხეულის სხვადასხვა ზონაზე უნდა შეისხუროთ. ტუალეტის წყალი მაქსიმუმ 10% არომატულ ნივთიერებას შეიცავს და შედარებით იაფია. ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ, სანამ სუნამოს შეძენას გადაწყვეტთ. თუ სუნამო თავის ტკივილს იწვევს, მასში ბევრი არომატული ნივთიერება შედის. გირჩევთ, ნაზი შემადგენლობის სუნამო შეიძინოთ.

სწორი ზონები სუნამოს წასასმელად – ქალისა და კაცისთვის სუნამოს წასმის საერთო წესი ამბობს, რომ პარფიუმი უნდა წაისვათ იქ, სადაც პულსი უკეთ ისმის. ასე არომატი უკეთ გაიშლება. თან სხეულის სუნს შეერევა და უფრო მიმზიდველ სურნელს შექმნის. ქალმა სუნამო უნდა წაისვას ყურების უკან, ქვედა ყბასთან, მუხლქვეშა ფოსოებთან, მაჯებზე, იდაყვების შიდა მხარეს, მუცელსა და გულმკერდის არეში. სუნამო რამდენიმე ზონაზე ერთდროულად წაისვით. სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. მაგალითად, ზაფხულში სუნამო ყელზე, მაჯაზე, მკერდსა და მუხლქვეშა ფოსოებზე შეგიძლიათ წაისვათ. კაცმა სუნამო უნდა წაისვას ყელზე, ყურების უკან, მხრებზე, წინამხრებზე, გულმკერდის არეში და მაჯებზე. ბევრი ზონა არ აირჩიოთ. 1–2 ადგილი საკმარისია.

სხვა დეტალები – მნიშვნელოვანია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. 2–3 დაჭერა საკმარისია. ნაკლები უკეთესია, ვიდრე ბევრი. თან როგორც თქვენთვის, ასევე სხვებისთვის. არომატის ჰაერში გაფრქვევა და მასში გახვევა ეფექტური არაა. იგივე სუნამოს წასმის შემდეგ მაჯების გახახუნებას ეხება. ძლიერი არომატი უფრო სწრაფად ორთქლდება. თუ გრძელ გზაზე ხართ, პატარა ბოთლი პარფიუმი თან ატარეთ და დროდადრო განაახლეთ. სუნამო ტანსაცმელს ან სხვა ნივთს არ შეასხუროთ. ასე ძვირფასი ნივთი გაფუჭდება, თან ქსოვილიდან არომატი სწრაფად ორთქლდება. უმჯობესია, რომ სუნამო სუფთა დაბანილ კანზე წაისვათ. ამ დროს ფორები გახსნილია და სუნამოს უკეთ იღებს. ზოგიერთ ზონას თავი აარიდეთ. ასეთია თვალების გარშემო და იღლიების ქვეშ. სუნამო უფრო დიდხანს გაძლებს, თუ ჯერ უსუნო ლოსიონს ან ვაზელინს წაისვამთ. სუნამო ბნელ, მშრალ და გრილ ადგილას შეინახეთ. სუნამოზე მაღალი ტენიანობა და სინათლე ცუდად მოქმედებს.

რედაქციის რჩევა – ბევრი ფიქრობს, რომ თმაზე პარფიუმის შესხურება არ შეიძლება, რადგან სუნამოს ნაზი შემადგენლობა არ აქვს და თმას აშრობს, მტვრევადს ხდის. სპეციალისტები ასე არ ფიქრობენ. „თანამედროვე სუნამო ემოლენტებს შეიცავს. ეს დამარბილებელი და დამატენიანებელი ნივთიერებაა, რომლიც თმის გამოშრობას არ დაუშვებს. 2–3 დაჭერა სუნამოს თმაზე შესხურება საშიში არაა.“ პირადად, სუნამოს ყოველთვის ვისხურებ ყელზე (ერთი დაჭერა), ასევე თმაზე (ესეც ერთი დაჭერა). მართალია, კრაფტულ სუნამოს ვიყენებ, რომელშიც ბევრი ეთერზეთი შედის. ასე არომატი დიდხანს ძლებს, შემდეგ იწოვება და სასიამოვნო სურნელს ტოვებს.