პელმენს მთელი ცხოვრება არასწორად ვხარშავდი. ფატალური შეცდომები

0
2609

რა შეიძლება იყოს პელმენის მოხარშვაზე უფრო ადვილი? საყინულიდან გამოიღე და ქვაბში ჩაყარე. აღმოჩნდა, რომ აქაც უხეში შეცდომა შეიძლება დაუშვათ. ალბათ, პელმენის ნაცვლად ერთი შეწებებული გუნდა არაერთხელ მიიღეთ. მიზეზი ერთი შეცდომაა, რომელსაც ისევ და ისევ ვუშვებთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოხარშოთ პელმენი სწორად, რომ იდეალური კერძი მიიღოთ. ძირითად წესებზე გიამბობთ.

პელმენის სწორად მოხარშვა – ბევრი თვლის, რომ პელმენი მარტოხელას და სტუდენტის საჭმელია, თუმცა საქმიანი დიასახლისის მხსნელია, როცა ქურასთან დგომის დრო არ აქვს. ნოყიერი კერძით მთელი ოჯახი დანაყრდება. თანამედროვე ნახევრად მზა პროდუქტები ხარისხით და კარგი გემოთი გამოირჩევა. რა თქმა უნდა, შინ მომზადებულ პელმენს ვერ შეედრება.

პელმენი სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ: შეწვათ, მოხარშოთ, ორთქლზე მოამზადოთ. ტრადიციული მეთოდი ქვაბში მოხარშვაა. აქ ფატალური შეცდომები იმალება. როგორ ვართ მიჩვეული პელმენის მოხარშვას? წყალს ვაცხელებთ, ცოტა მარილს ვუმატებთ და პირდაპირ გაყინულ პელმენს ვუმატებთ. ეს მთავარი შეცდომაა. პელმენის საყინულიდან პირდაპირ მდუღარე წყალში ჩაყრა არ შეიძლება. გაყინული ცომი ელასტიური არაა და მშრალია, ამიტომ სწრაფად სკდება და შემდეგ ერთმანეთს ეკვრის. ორი მეთოდია, როგორ შეგიძლიათ იმოქმედოთ. ადუღებულ წყალს ჯერ 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი დაუმატეთ, შემდეგ პელმენი. ასე ტემპერატურას გაათანაბრებთ. პელმენი მთელი დარჩება და არ დაიშლება. მეორე ვარიანტი: პელმენი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მთლიანად გალღობა საჭირო არაა. 10-15 წუთი საკმარისია. ასე ცომი ელასტიური დარჩება და ხარშვისას არ გაიხევა.

ინსტრუქცია პელმენის მოსახარშად – რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენი მკითხველი ხელმარჯვე დიასახლისია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ არიან ისეთებიც, რომლებმაც პელმენზე არაფერი იციან. გიამბობთ, როგორ მოხარშოთ პელმენი სწორად. პირველ რიგში, კარგი პელმენი შეარჩიეთ. შემადგენლობას დააკვირდით. არ დაზოგოთ. ყოველთვის მარტივი კავშირი არსებობს, რაც უფრო დაბალია ფასი, მით უარესი ხორცია შიგნით.

დროა ქვაბში წყალი აადუღოთ. პელმენი 1:3 პროპორციით მოხარშეთ. ნაჯერი ბულიონის მისაღებად ნაკლები წყალი აიღეთ. ადუღებულ წყალს მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. კოვზი ზეთიც შეგიძლიათ დაუმატოთ. სიტყვაზე, ეს დაგეხმარებათ, რომ პელმენები ერთმანეთს არ მიეკრას. ოდნავ გალღობილი პელმენები ქვაბში ჩაყარეთ. კარგად აურიეთ, სანამ წყალი კიდევ ერთხელ არ ადუღდება. ასე არც ქვაბის ძირსა და გვერდებს არ მიეკვრება. ცეცხლს დაუწიეთ და ზუსტად 7-10 წუთით ხარშეთ. როგორ გამოვთვალოთ სწორი დრო? ამას მწარმოებელი შეფუთვაზე ხშირად უთითებს. ყოველთვის უმჯობესია, რომ პროცესს დააკვირდეთ. თუ პელმენები ამოტივტივდა, სავარაუდოდ, უკვე მზადაა. მომზადებისთანავე მდუღარე წყლიდან ამოიღეთ, რომ ცომი წყლით არ გაივსოს და უგემური არ გახდეს. მზა კერძი ნებისმიერ საკაზმთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ. მაგალითად, კეტჩუპი, არაჟანი ან მაიონეზი. ზოგს პელმენი ძმრით უყვარს. ეს ყველაფერია, რაც პელმენის სწორად მოხარშვაზე უნდა იცოდეთ.