მშობლების სიბერის ყურება ძალიან რთულია. ახლა მოვლა სჭირდება მათ, ვინც ადრე ჩვენზე ზრუნავდა. სარას და მისი მეუღლის ისტორია რთულია. ცოლ–ქმარი რთული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: დედამთილთან ცხოვრება, რომელსაც მუდმივად მოვლა ესაჭიროება, თუ მოხუცთა თავშესაფარში განთავსება? არ იჩქაროთ დასკვნის გამოტანა, სანამ ამ ოჯახის მთელ ისტორიას არ გაიგებთ.
ამბავი ქალზე, რომელსაც დედამთილთან ერთად ცხოვრება არ სურს – „დედამთილი მოხუცი და ავადმყოფი ქალია. ქალაქის მეორე ბოლოში მარტო ცხოვრობს. ბოლო თვეებში მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ექიმებმა დემენციის დიაგნოზი დასვეს. ჩემი ქმარი მისი ერთადერთი შვილია! სურს, რომ დედა ჩვენთან გადმოვიყვანოთ და მასზე ვიზრუნოთ. პრობლემა იმაშია, რომ ორივე მთელი დღე ვმუშაობთ, ხოლო თავისუფალ დროს შვილებს ვუთმობთ. არ ვიცი, როგორ გამოვყოფთ დროს, რომ მოხუც ქალზე ზრუნვაც შევძლოთ.
გამიგეთ, საქმე იმაში არაა, რომ დედამთილთან ცხოვრება არ მსურს. დიახ, ეს გარკვეულ სირთულეს შექმნის, მაგრამ ქმრის დედას ბედის ანაბარად ვერ მივატოვებ. უბრალოდ საკმარისი უნარები არ გვაქვს, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანზე საუკეთესოდ ვიზრუნოთ. სპეციალურ დაწესებულებაში, ანუ მოხუცთა თავშესაფარში წაყვანა შევთავაზე. იქ არიან ექთნები, მზარეულები და ფიზიოთერაპევტები, რომლებიც მოხუცზე სათანადოდ იზრუნებენ. ქმარს ამის გაგონება არ სურს. გამოსავლის პოვნა მსურს. არ მინდა, რომ ამ პრობლემამ ოჯახი დამინგრიოს.“
საკითხის განხილვა – სამედიცინო ლექსიკონის მიხედვით დემენცია არის სინდრომი, რომლის დროსაც კოგნიტური ფუნქციები უარესდება, ანუ ადამიანი მეხსიერებას კარგავს და ნორმალურად ვეღარ აზროვნებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 55 მილიონ ადამიანს დემენცია აქვს და ყოველწლიურად თითქმის 10 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ვფიქრობთ, რომ ასეთ მოხუცზე ზრუნვა სრულფასოვან სამუშაოდ უნდა განიხილოთ. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს ოჯახის წევრები დემენციის მქონე ადამიანების მოვლაზე დღეში საშუალოდ 5 საათს ხარჯავდნენ. ეს დამღლელი საქმეა, რომელიც ყურადღებას და ძალას მოითხოვს. სახლში ზრუნვას დიდი უპირატესობა აქვს: ახლობლების გვერდით ავადმყოფი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. თუმცა არაკვალიფიცირებული ადამიანის მოვლას ექთნის ან სერთიფიცირებული მომვლელის ზრუნვას ვერ შეადარებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სრულ განაკვეთზე მუშაობთ.
დედამთილს არჩევანის უფლება მიეცით – თქვენი და თქვენის მეუღლის აზრის გარდა, სხვა ადამიანის, დედამთილის აზრიც უნდა გაითვალისწინოთ. ჰკითხეთ, რა სურს. ასე თქვენთვის ოპტიმალურ და დედამთილისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს ხომ მას მოუწევს საცხოვრებლის, გარემოს შეცვლა და ახალ პირობებთან შეგუება. ხმის უფლება ნამდვილად აქვს. დედამთილის მკურნალ ექიმს გაესაუბრეთ. ალბათ, გირჩევთ, რომ დაავადების დაწყება საცხოვრებლის შესაცვლელად საუკეთესო დროა. ამ შემთხვევაში ადაპტაციის პერიოდი უფრო ადვილი იქნება. ექიმი გეტყვით, რა სტადიაზეა დემენცია ახლა და რისთვის უნდა მოემზადოთ. საწყის სტადიაზე დედამთილი დამოუკიდებელი შეიძლება იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყოველდღიურ საქმეში, მაგალითად, ჩაცმაში, დაბანასა და სეირნობაში დახმარება დასჭირდება. ქმარს დაელაპარაკეთ და ჰკითხეთ, მზად თუა ასეთი გამოწვევისთვის. შეძლებს წლების განმავლობაში სამსახურის და პირადი დროის მსხვერპლად გაღებას, რომ დედაზე იზრუნოს.
სახლში მოვლა, მოხუცთა თავშესაფარი თუ მომვლელი – თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, მოხუცთა თავშესაფარს ეწვიეთ. თანამედროვე პირობები გაგაოცებთ. კარგი დაწესებულება უფრო სასტუმროს ჰგავს. მყუდრო ოთახები, პროცედურები მოხუცებისთვის, ურთიერთობა და გართობა. ეს ვარიანტი დედამთილს შეიძლება უფრო მოეწონოს. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი. ეს მომვლელია. მას შეუძლია სახლში იაროს და დედამთილზე იზრუნოს, ელაპარაკოს, სანამ დაკავებული ხართ. ეს ერთგვარი კომპრომისია. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი გადასაწყვეტია: დედამთილთან იცხოვრებთ და თავისუფალ დროს მას დაუთმობთ თუ შესაფერის დაწესებულებაში მის სიბერეს უზრუნველყოფთ.