ოთახის მცენარე შემოდგომა–ზამთრის პერიოდში სათანადო მოვლას ვერ იღებს. მზის სინათლე აკლია, ჰაერი მშრალია, ხოლო მიწაში საკმარისი რაოდენობის მინერალები არაა. ეს ფაქტორები ყვავილის განვითარებაზე ნეგატიურად რომ არ აისახოს, გამოკვებეთ. ამ საქმეში ხახვის ფურცლებისგან დამზადებული ხელნაკეთი სასუქი დაგეხმარებათ. სწორად მომზადებული ნახარში მცენარეს დაკარგულ სასიცოცხლო ძალებს აღუდგენს. ხახვის გასუფთავების შემდეგ ფურცლების გადაყრას არ გირჩევთ. ტომარაში მშრალ ადგილას შეინახეთ. ასე ეფექტური სასუქის მომზადებას ყოველთვის შეძლებთ.
როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ხელნაკეთი სასუქი ხახვის ფურცლებისგან
დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა ხახვის ფურცლები
- 2 ლ წყალი
მომზადების წესი:
- ხახვის ფურცლები ქვაბში ჩაყარეთ. ცხელი წყალი დაასხით.
- ქვაბი ქურაზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და ქვაბს თავსახური დაახურეთ.
- 5 წუთით ხარშეთ. ქურა გამორთეთ და ნახარში თავდახურულ ქვაბში 2 საათით გააჩერეთ.
გამოყენების წესი
- თუ მცენარის გაძლიერება გსურთ, ხახვის ფურცლების ნახარშით კვირაში 2–ჯერ მორწყეთ. ასე ოთახის მცენარეს სხვადასხვა მავნებლისა და დაავადებისგან დაიცავთ. გახსოვდეთ, რომ ხახვის ფურცლების ნახარში ყველა მცენარისთვის შესაფერისი არაა. ასეთი სასუქი კაქტუსს, ფიკუსს და სუკულენტს არ უყვარს.
- ეს საშუალება იასთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ხახვის ფურცლების საკვები შემოდგომაზე გამოიყენეთ. ასე ყვავილოვანი მცენარე აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების მომარაგებას შეძლებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ია მიწას სწრაფად ფიტავს. მნიშვნელოვანია! ხახვის ფურცლების ნახარშის გამოყენებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ იის ხავერდოვან ფოთლებს არ მოხვდეს, ეს მისთვის საზიანოა.
როცა კერძს ხახვით ამზადებთ, მისი ფურცლები არ გადაყაროთ. ხახვის ნახარში მცენარეზე დადებითად მოქმედებს, მის დიდებულ ყვავილობას ხელს უწყობს. მთავარია, რომ სწორი დოზა დაიცვათ. ამ შემთხვევაში ხახვის სასუქის ეფექტი ნამდვილად გაგახარებთ.