პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის პრობლემაზე საუბრობს.
მე ელენე მქვია. მყავს მეუღლე და ორი ზრდასრული შვილი. მეც 50 წლის ვარ და ჩემი მეუღლეც.
მე და ჩემი მეუღლე ქალაქში მრავალი წლის წინ ჩამოვედით. ორივემ ინსტიტუტში ჩავაბარეთ. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყეთ და დავქორწინდით. მე სამსახურმა კომუნალური ბინა მომცა. ცოტა ხანში ვაჟი შეგვეძინა. დიდი ხნის მანძილზე კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდით და ნორმალური სახლის შესაძენად ფულს ვაგროვებდით.
ჩვენი შვილი უკვე 7 წლის იყო, როდესაც გოგონა შემეძინა. ამ დროისთვის ერთოთახიანი ბინის საყიდელი ფული უკვე გვქონდა. თანხის ნახევარი ჩემმა მშობლებმა მომცეს. ეს ბინა დედაჩემზე დავარეგისტრირეთ. ჩვენ უბრალოდ ბინის რიგში ვიდექით და ამ რიგის დაკარგვა არ გვინდოდა.
ჩვენთან ერთად კომუნალურ ბინაში კიდევ ერთი ოჯახი ცხოვრობდა. მოხდა ისე, რომ მათი შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მამაკაცი მალევე გარდაიცვალა, ბებიამ კი შემომთავაზა, რომ მისთვის მეპატრონა. მან მითხრა, რომ თავის ოროთახიან ბინას მე მომცემდა. მე დავეთანხმე. ბებიას 5 წლის მანძილზე ვუვლიდი, შემდეგ ის გარდაიცვალა.
მე და ჩემმა ქმარმა ეს კომუნალური ბინა გავყიდეთ. მიღებული თანხით კიდევ ორი ერთოთახიანი ბინა ვიყიდეთ. ამ ბინებს ვაქირავებდით და ჩვენი ოროთახიანი ბინის იპოთეკას ვიხდიდით. ეს ბინა ჩვენი ერთოთახიანი ბინის სიახლოვეს ვიყიდეთ.
იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენმა ვაჟმა ინსტიტუტში ჩააბარა, ჩვენ უკვე სამი ერთოთახიანი ბინა გვქონდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჩვენი ვაჟი საცხოვრებლად და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. მას სახლში დაბრუნება არ სურს. საცხოვრებლის თანხას კომპანია უნაზღაურებს, მას კარგი შემოსავალი აქვს. ჩვენი ქალიშვილი ჯერ კიდევ სწავლობს, ის ჯერ-ჯერობით ჩვენთან ერთად ცხოვრობს.
სამი წლის წინ მამა გარდამეცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი ჩვენთან წამოვიყვანეთ. დედაჩემი იმ ბინაში ცხოვრობს, რომელიც დიდი ხნის წინ ვიყიდეთ და მის სახელზე დავარეგისტრირეთ.
ჩვენი სურვილი იყო, რომ ქმრის მშობლებიც ჩვენთან წამოგვეყვანა. ჩვენ გვინდოდა, რომ მათ მეორე ერთოთახიან ბინაში ეცხოვრათ, მაგრამ მათ არ მოისურვეს. ერთი წლის წინ ჩემი მეუღლის მამა გარდაიცვალა. დედამთილი მარტო დარჩა. ჩვენთან წამოვიყვანეთ და ჩვენს ერთოთახიან ბინაში დავასახლეთ. ეს ბინა ჩვენგან ცოტა მოშორებით არის. ეს ჩემს დედამთილს საერთოდ არ მოეწონა.
მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, ჩვენი ქალიშვილი სწავლობს. მასთან ხშირად სიარული არც ჩვენ შეგვიძლია და არც ჩვენს ქალიშვილს. ჩემს დედამთილს ეს ძალიან სწყინს. ამბობს, რომ დედაჩემი ჩვენთან ახლოს ცხოვრობს და მასთან ხშირად მივდივართ, ის კი შორსაა და მასთან ვერ მივდივართ.
ჩემი დედამთილი ამბობს, რომ ძალიან აკლია ჩვენთან საუბარი და ჩვენი ყურადღება. ახლა ის მოითხოვს, რომ მისთვის ბინა ჩვენი სახლის სიახლოვეს ვიყიდოთ. ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენს უბანში ბინები ძალიან ძვირი ღირს და თუ იმ ბინას გავყიდით, სადაც ახლა ჩემი დედამთილი ცხოვრობს, ამ ფულით ჩვენს უბანში ვერაფერს ვიყიდით.
მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი მეორე ერთოთახიანი ბინის გაყიდვა არ გვინდა, რადგან ამ ბინას ვაქირავებთ და ამ ფულით ჩვენი ქალიშვილის ინსტიტუტში სწავლის საფასურს ვიხდით. ჩემს დედამთილს არაფრის მოსმენა და არაფრის გაგება არ სურს.
ჩემი დედამთილი ამის გამო სულ გვეჩხუბება. ამის ნიადაგზე წნევა ეწევა და იძულებულნი ვართ სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ.
ჩვენ არც კი ვიცით, რა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ…