მე და ჩემი რძალი დიდი ხნის მანძილზე საერთო ენას ვერ ვპოულობდით

1837

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.

ცოტა ხნის წინ ჩემი ვაჟი დაქორწინდა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემთან იცხოვრებენ. მე მათ დიდი ოთახი დავუთმე. ეს ოთახი მე და ლევანმა ქორწილამდე გავარემონტეთ. ახალი ავეჯიც კი ვიყიდეთ.

 

ორი თვე გავიდა. ვუყურებ ჩემს რძალს და ვერ ვხვდები: რა იპოვა ჩემმა შვილმა მასში? კარგი არაფერი არ აქვს! ძალიან პატარა და საშინლად ნელია. მთელი დღე დივანზე წევს. მესმის, რომ ორსულადაა, ტოქსიკოზი აქვს, მაგრამ ეს საიმისო მიზეზი არ არის, რომ მუდმივად იწვეს.

მე მას ვეუბნები:

– სახლი უნდა დაალაგო, საჭმელი უნდა მოამზადო, გარეცხო.

– არა, არ არის საჭირო. ლევანმა მითხრა, რომ გასარეცხ ნივთებს სამრეცხაოში წაიღებს. მე ახლა გარეცხვა არ შემიძლია. ძალიან მიჭირს. საჭმელს კი მომზადებულს მოიტანს, ჩვენ უბრალოდ გავაცხელებთ და შევჭამთ.

– რა სისულელეებს ლაპარაკობ? ადექი და ერთად გავრეცხოთ! შემდეგ კი ქათამი შევწვათ ღუმელში!

მოკლედ, ვაიძულე რომ ამდგარიყო. სარეცხის გარეცხვაში დავეხმარე. ის ისეთი პატარაა, რომ სარეცხის მანქანიდან საბნის პირის ამოღებაც კი ვერ შეძლო. საშინელება! შემდეგ ქათამი მოვამზადეთ ერთად, მაგრამ არც ლევანმა და არც თამუნამ არ მიირთვეს. მარტოს მომიწია მისი ჭამა. ლევანი გამიბრაზდა, როდესაც გაიგო, რომ მის ცოლს სარეცხის გარეცხვა დავაძალე.

მერე ვნახე, რომ თავიანთი ოთახიდან ყველა ხალიჩა გამოეტანათ.

– ხალიჩები რას გიშლიდათ?

– მათ გარეშე უფრო ადვილია სუნთქვა!

– კი მაგრამ, მათ გარეშე სიმყუდროვე არ არის!

-არის! ჩვენ ასე მოგვწონს.

მეწყინა და ყველა ხალიჩა ჩემს ოთახში შევიტანე.

ერთ დღეს დავინახე, რომ თამუნა მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა.

– რას აკეთებ?

– წერილს ვწერ დედაჩემს!

– ყოჩაღ! დედის დავიწყება არ შეიძლება.

ჩემი მძახალი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი. ნანა მუსიკალურ სკოლაში მუშაობს. ისიც ასეთი პატარა და გამხდარია. როგორ ასწავლის მუსიკას თავის მოსწავლეებს?

 

რამდენიმე დღის შემდეგ მომესმა, რომ თამუნა თავის ოთახში ვიღაცას ელაპარაკებოდა. კი მაგრამ, ჩვენთან არავინ მოსულა. შევედი და რას ვხედავ? ჩემი რძალი ხმამაღლა კითხულობს ზღაპარს.

– რას აკეთებ? ზღაპარს ასე ხმამაღლა ვის უკითხავ?

– ჩემს შვილს. მას უკვე ყველაფერი ესმის და ყველაფერს გრძნობს!

– რა სისულელეებს იგონებ? არ გაგიჟდე!

– ესმის! ის ყველაფერს გრძნობს. გრძნობს, როდის ვარ კარგად და როდის ცუდად. ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება. მე ჩემს შვილზე უნდა ვიფიქრო. ბავშვის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მის დაბადებამდეც უნდა იფიქრო.

მოკლედ, თამუნამ ამ თემაზე მთელი ლექცია წამიკითხა. როგორ გავაჩინე და გავზარდე ლევანი? გაუგებარია!

– კმარა მთელი ეს სისულელე. მოემზადე, ხვალ აგარაკზე მივდივართ. კარტოფილის ამოღების დროა.

მე მეგონა, რომ ლევანი ამოთხრიდა, მე და თამუნა კი მოვაგროვებდით.

დილით ადრე აგარაკზე წავედით. ლევანი თამუნას არაფრის გაკეთების უფლებას არ აძლევდა. ის უბრალოდ ხის ქვეშ იჯდა და ბუნების სილამაზით ტკბებოდა.

– მან უნდა იმუშაოს! ასე უფრო ადვილად იმშობიარებს! – ვუთხარი ჩემს შვილს.

ლევანმა არ დამიჯერა. ლევანამ შემთხვევით მიწიდან თაგვის სორო ამოთხარა. თაგვი ამოხტა და გაიქცა. თამუნას შეეშინდა და გონება დაკარგა.

– ღმერთო ჩემო! რა დაემართა? მშობიარობს? – შეეშინდა ლევანს.

-არა! ის ძალიან მგრძნობიარეა! თაგვის შეეშინდა. ახლა გონს მოვა. ცივი წყალი გვჭირდება.

ცხვირსახოცი ცივ წყალში დავასველე, სახეზე წავუსვი. ვუყურებდი მას და ვხედავდი, რამდენად სუსტი იყო. ძალიან გამხდარი! როგორ შეძლებს ბავშვის გაჩენას? ექიმები ამბობენ, რომ ბავშვი დიდი იქნება. ავნერვიულდი. ლევანს ვუთხარი:

– წამოდი საავადმყოფოში წავიდეთ! უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი კარგად არის!

ამ დროს თამუნა გონს მოვიდა. ის უარს აცხადებდა საავადმყოფოში წასვლაზე, მაგრამ ჩვენ დავარწმუნეთ და წავიყვანეთ. ექიმმა ის საავადმყოფოში დატოვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ დედაც და ბავშვიც კარგად იყვნენ.

თამუნამ საავადმყოფოში სამი დღე გაატარა. ამ დროს დავიწყე ბინის გენერალური დასუფთავება. როდესაც მათ ოთახს ვასუფთავებდი, შემთხვევით აღმოვაჩინე წერილი, რომელიც ჩემმა რძალმა დედამისს მისწერა, მაგრამ გაგზავნა ვერ მოასწრო. ვიცოდი, რომ სხვისი წერილების კითხვა კარგი არ არის, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. ავიღე და წავიკითხე.

იმ წერილის წყალობით ბევრ რამეს მივხვდი. მაგალითად, იმას, რომ თამუნას ჩემი შვილი ძალიან უყვარს და მას მსოფლიოში საუკეთესო ადამიანად მიაჩნია. მივხვდი, რომ ჩემს რძალს უკვე ძალიან უყვარს თავისი შვილი. იმ წერილში ბევრი რამ ჩემზეც ეწერა, მაგრამ ჩემს რძალს ჩემზე ცუდი არაფერი დაუწერია.

ძალიან მიხაროდა ამ ყველაფრის წაკითხვა. რა მშვენიერი რძალი მყავს. თავისი ასაკის მიუხედავად, ის ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა. ის ითმენდა ჩემს პრეტენზიებს და მარადიულ უკმაყოფილებას. წერილი ადგილზე დავდე და დასუფთავება დავასრულე.

საღამოს ლევანი კმაყოფილი დაბრუნდა. მითხრა, რომ თამუნას საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ.

ჩემი რძლის მოსვლამდე მისი საყვარელი ნამცხვარი გამოვაცხვე. როდესაც მოვიდა, ჩავეხუტე და სამზარეულოში შევიყვანე. ჩაი და ნამცხვარი მივირთვით და მშვიდად ვისაუბრეთ.

ომი დასრულდა. სამუდამოდ. და ეს ყველაფერი ჩემი რძლის გონიერებისა და იმ თაგვის გამო მომხდარი ამბის წყალობით.