უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე ხედავთ ადამიანს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად გიყვართ, თუმცა მისი შეხება არ შეგიძლიათ… არ შეგიძლიათ ჩახუტება, თმაზე მოფერება, ხელის ჩაკიდება… საშინელებაა, არა?
ესპანელ ხუაანა მუნიესის ცხოვრება უკვე 13 წელია, სწორედ ასეთია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მისმა ქმარმა კარტოფილი დარგო და ქალი მოსავლის ასაღებად გაეშურა. მუშაობის დროს, მას ალერგიის უძლიერესი შეტევა მოუვიდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს შესიებული ქალი, რომელიც ტკივილისგან კიოდა.
ძლიერმოქმედი პრეპარატების წყალობით, ექიმებმა შეძლეს ხუანას გადარჩენა, თუმცა, ქალს სიცოცხლის ბოლომდე ექნება ალერგია ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებზე. სწორედ ამან მოიტანა მის ცხოვრებაში ასეთი ცვლილებები.
აღმოჩნდა, რომ კარტოფილი დამუშავებული იყო რაღაც პესტიციდით, რომელიც შემთხვევიდან მალევე აკრძალეს. უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა, თუმცა ხუანას არაერთხელ შესთავაზეს სასამართლოში საჩივრის შეტანა და საკუთარი უფლებების დაცვა. ქალმა თქვა, რომ დარდი ისედაც საკმარისად აქვს, ამიტომ სასამართლოზე სირბილს არ აპირებს.
ქალი თვალსა და ხელშუა სუსტდებოდა. სულ უბრალო ნივთთან კონტაქტსაც კი შეეძლო მისთვის ტრავმისა და საშინელი ტკივილის მიყენება. ექიმებმა დასვეს ფიბრომალგიის, ჭარბი ქიმიური მგრძნობელობისა და ელექტრომგრძნობელობის დიაგნოზი. ახლა, ხუანას რისკის გარეშე მხოლოდ სტერილურ გარემოში შეუძლია ცხოვრება.
წვიმა, მზე და ქარი ხუანასთვის სიტყვა “ტკივილის” სინონიმად იქცა. ყვავილების არომატი – მისი დახრჩობის მიზეზად. თვეში ორჯერ, ქმარი მას განსაკუთრებულ დიეტურ ხორცს ყიდულობს ერთი და იმავე, გამოცდილი მწარმოებლისგან. ასევე, მას მოჰყავს ბოსტნეული და ხილი, სასუქების გამოყენების გარეშე.
ქალის სიცოცხლის გადასარჩენად, ოჯახმა სპეციალური სახლი ააშენა, რომელშიც ხუანა უკვე მე-14 წელს ატარებს. შუშის კედლების წყალობით, იგი თავის ბაღს უყურებს, თუმცა საყვარელ მცენარეებთან შეხება არ შეუძლია, რადგან ეს კიდევ ერთი ალერგიული შეტევის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ სახლში ყველა ნივთი კერამიკისგანაა დამზადებული, ხოლო ხუანას ტანსაცმელი – მთლიანად ბამბაა.
რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ხუანა გეგმურ გამოკვლევებზე მიდის საავადმყოფოში. ახლა ეს ნამდვილი სასიკვდილო ლატარეაა, რადგან ავტომობილის სრულყოფილად გასტერილება შეუძლებელია.
წელიწადში ორჯერ, ხუანას შვილებსა და ქმარს მის სახლში შესვლა შეუძლიათ ჩასახუტებლად და ცოტა ხნით დასარჩენად. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში იცავენ სპეციალურ დიეტას, ხოლო შესვლამდე გულდასმით იწმენდენ ტანსაცმელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება საყვარელი ადამიანი უნებურად მოკლან.
მალე ხუანა ბებია გახდება, თუმცა არ აქვს იმედი, რომ შვილიშვილის ხელში აყვანას შეძლებს. ქალმა სხვა მიზანი დაისახა: დაეხმაროს მსგავსი დაავადების მქონე სხვა ადამიანებს. ცოტა ხნის წინ, იგი სპეციალური სასუნთქი ნიღბის გამომცდელი მოხალისე გახდა. ქალმა რამდენიმე წუთით ბაღში გასეირნებაც კი შეძლო.