ხშირად ამჩნევთ, რომ ადამიანები კარგ და კეთილ საქციელს ჩადიან? უბრალო და გულწრფელ ღიმილს სასწაულების მოხდენა შეუძლია, მაგალითად, შეუძლია სხვა ადამიანს განწყობა გაუუმჯობესოს, დააჯეროს სასწაულისა და ადამიანური სიკეთის არსებობაში.
პაპარაცის რედაქციამ მოგიმზადათ15 ისტორია, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ ამ სამყაროში ჯერ კიდევ არის ადგილი სასწაულებისა და ნამდვილი სიკეთისთვის.
ისტორია 1
ეს ამბავი რომ მოხდა, მე ძალიან პატარა ვიყავი. ბებიაჩემი ნაგვის გადასაყრელად გავიდა, მას გაჰყვა ჩემი 5 წლის ძმაც. ბებიას გასაღების აღება დაავიწყდა, კარი კი ჩაიკეტა. ამ დროს მე მეძინა. ბებია გაზქურაზე ფაფას ამზადებდა. ბებია სახლში ვერაფრით ვერ შემოდიოდა. ბებიაჩემს ჩვენი მეზობელი დაეხმარა. მას არ შეეშინდა, ჩვენს ბინაში აივნიდან გადმოვიდა და ბებიას კარი გაუღო. ჩვენ მეათე სართულზე ვცხოვრობდით. მთელი ჩვენი ოჯახი მთელი ცხოვრება ამ მეზობლის მადლიერი იყო. მისმა გამბედაობამ და გულისხმიერებამ მეც გადამარჩინა და ბებიაჩემის ბინაც გადაარჩინა ხანძრისაგან.
ისტორია 2
მრავალი წლის მანძილზე სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად ვმუშაობდი. ცოტა ხნის წინ გაკვეთილზე ასეთი რამ მოხდა. ერთი ბიჭი ერთ-ერთ თანაკლასელს გაეკიდა და ბურთის წართმევას ცდილობდა. იმ ბიჭმა სთხოვა, არ შეხებოდა, მაგრამ ის არ ცხრებოდა. გადავწყვიტე ჩარევა. ამ მოსწავლეს დავუძახე და აზიდვების გაკეთება დავავალე. სანამ ის აზიდვებს აკეთებდა, მე აღმზრდელობით საუბარს ვატარებდი იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება მათი დაჩაგვრა ვინც უფრო სუსტია. ბიჭი მთხოვდა, რომ მეპატიებინა, მე კი მოვითხოვდი, რომ აზიდვები გაეგრძელებინა. უცებ, ის ბიჭი მომიახლოვდა, რომლის დაჩაგვრასაც ცდილობდა და მითხრა: – გიორგი მასწავლებელო, აპატიეთ ზურას! ნუ აწვალებთ!
ზურას უფლება მივეცი, რომ ამდგარიყო. ის ბიჭი კი მიუახლოვდა და ბურთი გაუწოდა. ამ საქციელმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ისტორია 3
ეს ამბავი ათ წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, მაშინ 9-10 წლის ვიყავი, სამხატვრო სასწავლებლიდან ვბრუნდებოდი. ზამთარი იყო, ადრე ღამდებოდა. შევნიშნე, რომ ერთი კაცი ძალიან უცნაურად მიყურებდა. მისი მზერა რაღაცნაირად არანორმალური, ბრაზიანი იყო. ეს მზერა შენიშნა გოგონამ, რომელიც იქვე იჯდა. ის ჩემს გვერდზე გადმოჯდა და ჩემთან საუბარი დაიწყო. ვითომ ერთმანეთს ვიცნობდით და ერთად ვმგზავრობდით. ეს უცნაური კაცი მომდევნო გაჩერებაზე ტროლეიბუსიდან ჩავიდა, ჩვენ კი გზა განვაგრძეთ. მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ მივხვდი, რომ იმ გოგომ თავისი საქციელით სიცოცხლე გადამარჩინა. მგონი, ის კაცი მანიაკი იყო.
ისტორია 4
ამბავი, რომლის მოწმეც ახლახან გავხდი, ზოგადად ფანტასტიკას უფრო ჰგავს, თუმცა ეს ჩვეულებრივ მიკროავტობუსში მოხდა. ერთ კაცს სურდა მძღოლისთვის მგზავრობის საფასური ძალიან დიდი კუპიურით გადაეხადა, მაგრამ მძღოლს ხურდა არ ჰქონდა. კაცს კი სხვა ფული არ ჰქონდა. მიკროავტობუსის მძღოლმა მამაკაცს უთხრა, რომ მას შეეძლო უფასოდ ემგზავრა. კაცი არ დათანხმდა: მას რცხვენოდა უფასო მგზავრობა. ერთმა ბიჭმა სურვილი გამოთქვა, რომ მის მაგიერ გადაიხდიდა. მაგრამ კაცმა უარი თქვა. ბოლოს ეს მამაკაცი მიკროავტობუსიდან ჩავიდა. ისეთი შეგრძნებაა მქონდა, თითქოს მიკროავტობუსში კი არ ჩავჯექი, არამედ რომელიღაც სიკეთის სამეფოში.
ისტორია 5
ერთხელ აეროპორტში საფულე ვიპოვე ფულით. საფულეში პირადობის მოწმობაც იყო. თანხა დიდი იყო, ვერ დავიტოვებდი, სინდისი არ მაძლევდა ამის საშუალებას. საფულის პატრონს ერთი კვირის მანძილზე ვეძებდი. ის იყო ქალი, რომელიც საავადმყოფოში მიდიოდა ავადმყოფ ქალიშვილთან. ფული, რომელიც დავუბრუნე, ამ ქალის ქალიშვილის მკურნალობას უნდა მოხმარებოდა. თურმე ის ძალიან ცუდად გახდა, როცა მიხვდა, რომ საფულე დაკარგა. ფული რომ დავაბრუნე, ეს ქალი ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა: „დიდი მადლობა! თქვენ ჩემი ქალიშვილის სიცოცხლე გადაარჩინეთ. აღარ ვიცოდი რა მექნა! ეს ფული ხომ მთელს სანათესავოში და მეგობრებში შევაგროვე.
ისტორია 6
მატარებლით სადგურამდე მივედი. ბაქანზე გამოვედი და სადგურისკენ წავედი. იქ კი, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და ყველა ძალიან მოწყენილი იყო. მათკენ გავიხედე და მთელი ხმით ვიყვირე: “დილა მშვიდობისა!” და ყველას გავუღიმე. სასწაული მოხდა: ადამიანებმა საპასუხოდ გამიღიმეს. ერთმა ბებიამ კი მითხრა: “გმადლობ, შვილო!”
ისტორია 7
ერთხელ სუპერმარკეტში ვიყავი საყიდლებზე. თაროებს შორის დავდიოდი და საქონელს ვათვალიერებდი. უცებ დაცვის თანამშრომელი მომიახლოვდა და მითხრა: „აი იქ ძალიან გემრიელი შოკოლადებია. ისინი ამჟამად დიდ ფასდაკლებით არის. ეს საიდუმლოდ გითხარით! გამიღიმა და წავიდა. ის შოკოლადები ვიყიდე და მართლაც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა.
ისტორია 8
რამდენიმე დღის მანძილზე მანქანა გაჩერებული მყავდა. ავტოსადგომზე მივედი და ვნახე, რომ მანქანაზე ჩიტი იჯდა და არ მიფრინავდა. ავნერვიულდი და კაპოტი ავხადე. ვნახე, რომ იქ ჩიტს ბუდე გაეკეთებინა და კვერცხები დაედო. გაგებული მქონდა, რომ ფრინველის კვერცხებს არ უნდა შეეხო, თორემ ის ბარტყებს აღარ გამოჩეკავს. უკვე ორი კვირაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ. გაუშვი ჩიტმა თავისი ბარტყები მშვიდად გამოჩეკოს.
ისტორია 9
ცოტა ხნის წინ მეტროთი ვმგზავრობდი. დავინახე, როგორ ამოიღო ჯიბის ქურდმა გოგონას ჩანთიდან საფულე. მას გავყევი, ჯიბიდან საფულე ფრთხილად ამოვუღე და ისევ იმ გოგონას ჩანთაში დავაბრუნე. მან ვერც კი შენიშნა.
ისტორია 10
სახლში მოვედი, ძალიან დაღლილი ვიყავი. აბაზანის მიღება გადავწყვიტე. ონკანი მოვუშვი და ცოტა ხნით დივანზე წამოვწექი. თურმე ჩამძინებოდა. როცა გავიღვიძე, შემეშინდა: აბაზანიდან წყალი გადმოდიოდა. ძალიან შემეშინდა. დაბლა ოფისია, ვიფიქრე, რომ რემონტის ფულს მომთხოვდნენ. ერთი დღის შემდეგ კარზე მომიკაკუნეს. ერთი ბიჭი იყო, მან პიცა და ბარათი გადმომცა. ბარათზე ეწერა: „მადლობა ჩვენი ოფისის თანამშრომლებისგან. ახლა ოფისში რემონტი გვაქვს, თანამშრომლები კი ანაზღაურებად შვებულებაში გაგვიშვეს“.
ამბავი 11
ერთხელ ქუჩაში ვიდექი და ტელეფონზე ჩემს მეუღლეს ველაპარაკებოდი. მე ვეკითხებოდი:
– სახლში მალე მოხვალ? ძალიან მშია! უბრალოდ შიმშილით მოვკვდები!
უცებ ორი გოგო მომიახლოვდა, ერთი მუჭა ტკბილეული და ორცხობილები გამომიწოდეს და მითხრეს:
– აიღეთ, ბიძია, ჭამეთ. უბრალოდ არ მოკვდეთ, ძალიან გთხოვთ!
ისტორია 12
ჩემი ზედა მეზობლები ხშირად ჩხუბობენ. როგორც კი ჩხუბს იწყებენ, მე სიმღერას ვიწყებ და ძალიან ხმამაღლა ვმღერი, სანამ ჩხუბს არ შეწყვეტენ. თავი მათი ოჯახის მხსნელი მგონია.
ისტორია 13
ბებიამ და ბაბუამ აუდიო პლეერი იყიდეს, რომელსაც მეხსიერების ბარათი სჭირდება. მათ არ იცოდნენ ეს ყველაფერი როგორ გამოეყენებინათ. მე ისინი რთული სიტყვებით არ შემიშინებია და ყველაფერი ძალიან მარტივად ავუხსენი. ბებია ყველაფერს მიხვდა, მაკოცა, მადლობა გადამიხადა და ღვეზლები გამომიცხო. სულ რაღაც ხუთ წუთში მეხსიერების ბარათზე უამრავი მათი საყვარელი სიმღერა გადმოვწერე. ისინი აღფრთოვანებული იყვნენ იმით, რომ ასეთ პატარა მოწყობილობაზე ამდენი სიმღერა ჩაიწერა.
ისტორია 14
პარკში სეირნობისას დიდი ოქროს საყურე ვიპოვე. ამასთან დაკავშირებით განცხადება გამოვაქვეყნე. ორიოდე დღის შემდეგ ჩემთან 55 წლის ქალი მოვიდა, მეორე საყურე მაჩვენა და მითხრა, რომ მათ ოჯახში ეს საყურე რელიქვიაა, რომელსაც დედა ქალიშვილს გადასცემს. ის ძალიან განიცდიდა ამ საყურის დაკარგვას და როდესაც ჩემი განცხადება წაიკითხა ძალიან გაუხარდა. მან მთელი გულით გულწრფელი მადლობა გადამიხადა. მე თვითონაც მიხაროდა, რომ კეთილი საქმე გავაკეთე.
ისტორია 15
ცოტა ხნის წინ, დედაჩემი გვიან ღამით ჩვენს ძაღლს ასეირნებდა. ნაგვის ურნებიდან რაღაც უცნაური ხმები მოესმა. დედას თავიდან ეგონა, რომ ვიღაცამ ახალშობილი დატოვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთ ხმებს ახალშობილი თხები გამოსცემდნენ. დედამ იპოვა ყუთი, რომელშიც პატარა თხები იყვნენ და სახლში მოიყვანა. მათ იქ ვერ დატოვებდა, რადგან ისინი დაიღუპებოდნენ. პატარა თხებს რძე დავალევინეთ, ახლა კი მათთვის ახალ საცხოვრებელს და კეთილ პატრონებს ვეძებთ.