ეს ამბავი 10 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, მაგრამ მისი დავიწყება მაინც არ შემიძლია.
ბავშვთა ქირურგად ვმუშაობდი. ჩემი მორიგეობა იყო. უცებ ექთანი შემოვარდა საორდინატოროში და გვითხრა:
– საოპერაციოში გოგონაა, მძიმე მდგომარეობაში.
სასწრაფოდ საოპერაციოში გავიქეცი. ჩაცმისა და სტერილიზაციისას გავიგე, რომ ავარიაში ოჯახი მოყვა. ოჯახი ოთხი ადამიანისგან შეგდებოდა: დედა, მამა და ორი შვილი: ტყუპები – ბიჭი და გოგო.
ბიჭს, მამას და დედას მცირე სისხლჩაქცევები და ნაკაწრები ჰქონდათ, გოგონა კი ძალიან მძიმედ დაშავდა. ძირითადი დარტყმა სწორედ იმ ადგილას იყო, სადაც გოგონა იჯდა.
გოგონას მრავლობითი მოტეხილობები და ჭრილობები აღენიშნებოდა. მან ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. სისხლის ანალიზით დადგინდა, რომ გოგონას მესამე ჯგუფის სისხლი ჰქონდა, ჩვენ კი სწორედ ამ ჯგუფის სისხლი არ აღმოგვაჩნდა.
სასწრაფოდ დაგვჭირდა სისხლის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გოგონა პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპებოდა. მშობლების სისხლის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მამას მეოთხე ჯგუფის სისხლი ჰქონდა, დედას კი – მეორე. გადავწყვიტეთ სისხლი მისი ტყუპისცალი ძმისგან გადაგვესხა. მას მესამე ჯგუფის სისხლი ჰქონდა.
დერეფანში გავედით. დედა ტიროდა და სახეზე ფერი არ ედო. მამაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. პატარა ბიჭუნაც ტიროდა.
ბიჭს გვერდით მივუჯექი და ვუთხარი:
– ავარიაში შენი პატარა დაიკო მძიმედ დაშავდა.
– დიახ, ვიცი. ჩვენ სხვა მანქანა დაგვეჯახა. ის ჩვენს მანქანას სწორედ იმ ადგილას დაეჯახა, სადაც კატო იჯდა. ის მე მყავდა აყვანილი, ძალიან მაგრად ტიროდა, შემდეგ კი უცებ გაჩერდა და დაიძინა.
– შენ გინდა შენი დის გადარჩენა?
– რა თქმა უნდა, მინდა!
– მაშინ მას შენი სისხლი უნდა გადავუსხათ.
ბიჭმა ტირილი შეწყვიტა. ჯერ დედას შეხედა, მერე მამას და მერე თავი დამიქნია. მე ექთანს დავურეკე.
– ეს ნათია დეიდაა. ის საპროცედურო კაბინეტში წაგიყვანს და საჭირო პროცედურას ჩაატარებს. ის ძალიან კარგი სპეციალისტია და ძალინ კარგად იცის ამის გაკეთება. საერთოდ არ გეტკინება.
ბიჭმა მშობლებს შეხედა და თქვა:
– დედა, მე ძალიან მიყვარხარ. შენ საუკეთესო ხარ მთელ სამყაროში!
შემდეგ ბიჭი მამას მიუბრუნდა და უთხრა:
– მამა, ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა ველოსიპედისთვის!
ნათიამ ბიჭი საპროცედურო ოთახში წაიყვანა, მე კი საოპერაციოში დავბრუნდი.
გოგონას გადარჩენა მოვახერხეთ. იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს. შემდეგ კი, როდესაც ოპერაციის შემდეგ საორდინატოროში ვბრუნდებოდი, ვნახე, რომ ბიჭი საპროცედურო ოთახში იწვა და სისხლის აღების შემდეგ ისვენებდა. მასთან მივედი.
– კატო როგორ არის? – მკითხა ბიჭმა.
– შენ მაგარი ბიჭი ხარ! შენს დას სიცოცხლე გადაურჩინე! ის ახლა კარგად იქნება. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
– და მე როდის მოვკვდები? – იკითხა ბიჭმა.
– არ ვიცი, ალბათ, მრავალი, მრავალი წლის შემდეგ, როდესაც დაბერდები.
მე საორდინატორო ოთახისკენ წავედი. მაშინვე ვერ მივხვდი ბიჭის კითხვას და მერე კი უცებ გამიელვა: ბიჭს ეგონა, რომ თუ სისხლს აუღებდნენ, მოკვდებოდა. ამიტომაც დაემშვიდობა თავის მშობლებს. ის დარწმუნებული იყო, რომ მოკვდებოდა, მაგრამ მზად იყო დის სიცოცხლისთვის საკუთარი სიცოცხლე შეეწირა.
გესმით, რამხელა გმირობა ჩაიდინა ამ პატარა ბიჭუნამ? ნამდვილი გმირობა.
მრავალი წელი გავიდა, მაგრამ მე ძალიან ხშირად მახსენდება ეს ბიჭი და ეს ისტორია. მაინტერესებს, როგორია ახლა ერთ დროს ასეთი პატარა და ასეთი მამაცი ბიჭი?