სტუმარი ყვირილით გაიქცა, როცა აბაზანაში მწერი დაინახა. მაშინვე ხაფანგი დავდე

0
252

იდეალურად სუფთა სახლშიც პატარა მწერები შეიძლება დაინახოთ. ისინი შპალერის ქვეშ, ძველ წიგნში, ნივთსა და ავეჯში კომფორტულად ცხოვრობენ. აბაზანაში და ნაკლებად ტენიან ოთახშიც თავს კარგად გრძნობენ. Paparazzi გიამბობთ, რომელ მწერს ვგულისხმობთ და როგორ მოიშოროთ სახლიდან. ეს ზიგენტომაა (ლათ. Zygentoma), პატარა უფრთო მწერი. თევზის მსგავსი ფორმა აქვს, ბოლოში ოდნავ ვიწროვდება და სამი „ულვაში–კუდი“ ემატება. უვნებელი მწერია, სერიოზული დაავადებების გადამტანი არაა და არ იკბინება. უბრალოდ არც თუ ისე ლამაზია და სახლში მისი გამოჩენა ესთეტიკის საკითხია. მაღალტენიან ოთახებსა და ნივთებში ყოფნა განსაკუთრებით უყვარს. ძველ წიგნში შეიძლება დასახლდეს.

უვნებელი მწერი პრობლემა შეიძლება გახდეს, რადგან სწრაფად მრავლდება. თუ 1 კვირის წინ მხოლოდ 1 მწერი იყო, 7 დღეში 50 ახალი მწერი გამოჩნდება. მდედრს 20-დან 150–მდე კვერცხის დადება შეუძლია. მისი კვერცხები აბინძურებენ იმ ტერიტორიას, სადაც მწერები ცხოვრობენ. წიგნების გადარჩენას ვერ შეძლებთ, თუ იქ მწერები დასახლდა და კვერცხები დადო. მიმზიდველი სანახაობა ნამდვილად არაა. ქაღალდის გარდა ფხვიერი პროდუქტები უყვარს. ბურღულის, ბრინჯის კონტეინერში შეიძლება დასახლდეს. გირჩევთ, მის მოშორებაზე იზრუნოთ, თუნდაც აგრესიული არ იყოს. გიზიარებთ ეფექტურ ხრიკებს უფრთო მწერებთან საბრძოლველად.

ეფექტური ხაფანგი მავნებლების წინააღმდეგ – პატარა ზიგენტომა მუყაოსა და თაფლისგან დამზადებულ ხაფანგს ადვილად მიეწებება. უბრალოდ მუყაოს თაფლი წაუსვით და იქ დააწყვეთ, სადაც მავნებლები გეგულებათ. დროდადრო შეამოწმეთ და ხაფანგი განაახლეთ. საჭიროების შემთხვევაში, მეთოდი გაიმეორეთ. კიდევ ერთი მეთოდი მძაფრი არომატის გამოყენებაა. ამ მიზნით 200 მლ წყალი, ცოტა ლიმონის წვენი და 10 წვეთი წიწვის ზეთი აურიეთ. ქლორიანი საშუალებაც გამოგადგებათ, მაგრამ ეს სუნი ადამიანებსაც დააფრთხობს. მწერების დასაჭერად პატარა ქილა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქილაში ცოტა სახამებელი ან შაქარი ჩაყარეთ. შიგნიდან კედლებზე თაფლი წაუსვით ან ორმაგი სკოჩი ააკარით. ასე ქილაში მოხვედრილი მწერი ამოსვლას გარანტირებულად ვერ შეძლებს.

თუ სახლში ძალიან ბევრი მწერია, პროფესიონალს მიმართეთ. დეზინსექტორი რამდენიმე პროცედურის ჩატარებით მწერებს მოგაშორებთ. მწერების გაჩენა რომ არ დაუშვათ, სახლში ტენიანობის დონე აკონტროლეთ, ყველა ხვრელი ამოავსეთ, მილები შეაკეთეთ. ჰაერის გამომშრობიც გამოგადგებათ. პროდუქტები ჰერმეტულად შეინახეთ. ასე მწერი პროდუქტებს ვერ გაგიფუჭებთ.