პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი ბარბარე ბებიას ისტორიას გვიამბობს.
ეს ამბავი 6 თვის წინ მოხდა. მე და ჩემმა ქმარმა აგარაკის ყიდვა გადავწყვიტეთ. სახლს ახალგაზრდა გოგონა ყიდიდა. მან გვითხრა, რომ ბებია დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და ეს სახლი არავის სჭირდება. მისი მშობლები აქ დიდი ხანია აღარ ჩამოდიან.
სახლი მოგვეწონა და ვიყიდეთ. ავეჯი და პირადი ნივთები შვილიშვილმა ჩვენ დაგვიტოვა. მე ვერ მოვითმინე და ვკითხე:
– სურათებსაც არ წაიღებთ?
– არა, არ წავიღებ. რაში მჭირდება? გადააგდეთ და მორჩა.
მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გაგვიკვირდა. ნუთუ ასე შეიძლება? კედლებზე ხომ ახლობელი ადამიანების სურათები ეკიდა.
ბებიაჩემიც ყოველთვის ასე აკეთებდა. მის კედლებზე უამრავი ფოტო ეკიდა. ის ხშირად გვიყვებოდა, რომ ყოველ დილით ყველა ჩვენგანს ესალმებოდა. ის ესალმებოდა პაპაჩემს, რომელიც ომში დაიღუპა, ესალმებოდა თავის გარდაცვლილ მშობლებს. ის გვესალმებოდა ჩვენც: თავის შვილებს და შვილიშვილებს. ჩვენ ყოველთვის ჯანმრთელობას და წარმატებას გვისურვებდა. ჩვენი აზრით, ეს სრულიად ნორმალური იყო.
ბებიის გარდაცვალების შემდეგ არც ერთი ფოტო არ გადაგვიგდია. ამის გაკეთება, როგორ შეიძლება? ეს ხომ ოჯახის ისტორიაა. ეს ხომ იმ ადამიანის ნაწილია, რომელიც ცოცხალი აღარ არის. ბებია ძალიან ხშირად გვიყვებოდა პაპაჩვენის ამბებს, ჩვენ კი მის ფოტოებს ვუყურებდით და გვეგონა, რომ ახლა ის ჩვენს გვერდით იყო.
იმ სურათების გადაყრა, რომლებიც ამ სახლში ეკიდა, ჩვენ ვერ შევძელით. ამ ფოტოებიდან ჩანდა, თუ როგორ ძლიერ უყვარდა ბებიას თავისი შვილები და შვილიშვილები. ახლა კი არავინ მოისურვა მისი ფოტოს სამახსოვროდ წაღება.
მე და ჩემმა ქმარმა დაწერილი და გაუგზავნელი წერილების მთელი დასტა ვიპოვეთ. ამ წერილებს ბებია თავის შვილებს და შვილიშვილებს წერდა. ის მათ უყვებოდა თავისი რთული ცხოვრების შესახებ, ომის საშინელებების შესახებ. ალბათ, ბებიას სურდა, რომ ეს წერილები მის შვილებს მისი გარდაცვალების შემდეგ ეპოვათ.
მე და ჩემმა ქმარმა ამ წერილების უბრალოდ გადაგდება ვერ შევძელით. ჩვენ მის შვილიშვილს დავურეკეთ და დედამისის ტელეფონის ნომერი ვთხოვეთ. ჩვენ მას დავურეკეთ, მან კი გვითხრა:
– ყველაფერი გადაყარეთ! მე არაფერი არ მინდა! მას სხვა საქმე არ ჰქონდა, ამიტომაც იჯდა და ამ წერილებს წერდა, რომლებიც არავის სჭირდება.
მე და ჩემს ქმარს ამ წერილების გადაგდება დაგვენანა. ჩემი ქმარი მწერალია. მან გადაწყვიტა, რომ ამ წერილებზე დაყრდნობით წიგნი დაეწერა. ამისთვის საჭირო იყო მისი ნათესავებისაგან ნებართვის აღება.
– მესმის, რომ დიდი ალბათობით ეს ნათესავები რესტორნის მენიუს გარდა სხვა არაფერს კითხულობენ, მაგრამ ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა იყოს! – თქვა ჩემმა ქმარმა.
მან მისი ქალიშვილისგან ნებართვა მიიღო და ყველაფერი იურიდიულად გააფორმა.
ბარბარე ბებიას შვიდი შვილი ჰყავდა. მან 96 წლამდე იცოცხლა. მისი 6 შვილი მის გარდაცვალებამდე გარდაიცვალა. სახლი მემკვიდრეებით ყველაზე უმცროსმა ქალიშვილმა მიიღო. შემდეგ კი ჩვენ მოგვყიდა.
მე და ჩემმა ქმარმა სარდაფი დავალაგეთ. იქ უამრავი კონსერვი დაგვხდა. თითოეულ ქილას წარწერა ჰქონდა, რომელი ვისთვის იყო. ამან გული აგვიჩუყა. “ალუბლის მურაბა ეკასთვის”, “სოკოს მწნილი ნიკასთვის”, “მაყვალი მარისთვის”.
ბარბარე ბებიას თავისი შვილები და შვილიშვილები ძალიან უყვარდა. ძალიან საწყენია, რომ მისი ნივთები ყველამ უსარგებლოდ ჩათვალა და გადააგდო.
ბებია ასეთ ასაკში მათთვის კონსერვებს ამზადებდა, წერილებს წერდა, მათ კი ეს ყველაფერი არასაჭიროდ ჩათვალეს.
ძალიან საწყენია… რა უმადურობაა… ნუთუ ასე შეიძლება?!