ადრე თუ გვიან წარსული შეცდომების გამო გადახდა მოგვიწევს. ამას მარიამი 54 წლის ასაკში მიხვდა, როცა ოჯახში რძალი შემოვიდა. რა გააკეთა რძალმა და რა გააცნობიერა ქალმა, Paparazzi–ის სტატიაში წაიკითხეთ.
„ახლახანს ჩემი ვაჟი დაქორწინდა. მე და ჩემი მეუღლე ამ მოვლენისთვის ვემზადებოდით. სახლი ავაშენეთ, რომ იქ ერთდროულად ორ ოჯახს ეცხოვრა. იმედი გვქონდა, რომ ერეკლე აქ თავის საცოლეს მოიყვანდა და ქორწილის შემდეგ ჩვენთან ერთად იცხოვრებდნენ. ყველაფერი ცოტა სხვაგვარად მოხდა. სარძლო მაშინვე არ მომეწონა. მასში რაღაც პათოსური იყო. ამას არ ვიმჩნევდი, რადგან ეს ჩემი შვილის არჩევანია და პატივს ვცემ. გაცნობისას გაირკვა, რომ ახალგაზრდები ცალკე ცხოვრებას აპირებენ. ჩვენს სახლში გადმოსვლაზე საუბარი არც იყო.
მე და ჩემი მეუღლე ცოტა დავფიქრდით და გადავწყვიტეთ, რომ ბინის შეძენაში დავხმარებოდით. მთელი ცხოვრება ფულს ტყუილად ხომ არ ვაგროვებდით. ასე ერეკლე და ბარბარე დაქორწინების შემდეგ ქალაქის ცენტრში საკუთარ მყუდრო ერთოთახიან ბინაში გადავიდნენ. რძალმა მაშინვე წესრიგის დამყარება დაიწყო. ამაყად მითხრა, რომ დაპატიჟების გარეშე სტუმრად არ მივსულიყავი. გასაღების ასლი გამომართვა, თუმცა მის გამოყენებას საჭიროების გარეშე არც ვაპირებდი. მოკლედ, ამან გამაბრაზა, რადგან ვაჟი სტუმრად იშვიათად გვეძახდა.
კიდევ უფრო გავბრაზდი, როცა შობაზე ჩვენთან მოსვლაზე უარი თქვეს. ბარბარემ განაცხადა, რომ დედამისს ვერ დატოვებდა. და საერთოდ, ყველა დღესასწაულის მასთან ერთად აღნიშვნას აპირებს. გული დამწყდა. მთელი 12 კერძი მოვამზადე, ლამაზი სუფრა გავშალე, ბინა მოვრთე და სახლში არავინაა. მხოლოდ მე და ჩემი ქმარი. საჭმლის მჭამელი არავინაა. მთელი საღამო ცხვირაბზუებული გავატარე. ქმარი მიყურებდა და დუმდა. როცა ჩემი განცდები გავუზიარე, მითხრა ის, რამაც ჩემი ცნობიერება გადაატრიალა.
„მარი, შენც ზუსტად მისნაირი ხარ. დედაჩემთან არასდროს დადიხარ. ყველა დღესასწაულს ყოველთვის შენებთან აღვნიშნავთ, მოგვიანებით დედაჩემს მარტო ვნახულობ, რომ შობა ან ახალი წელი მივულოცო. რატომ გიკვირს ბარბარეს საქციელი“ – მითხრა მეუღლემ.
დავფიქრდი და მივხვდი, რომ ასეა. დედამთილს ყოველთვის უყურადღებოდ ვტოვებდი. თბილი ურთიერთობა დღემდე არ გვაქვს. საჩუქარი მისთვის არასდროს მიჩუქებია. რა სირცხვილია! იმ დღესვე ქმართან ერთად მის სანახავად წავედი. ბევრი საჩუქარი მივუტანეთ. შემდეგ ბოდიში მოვუხადე, რომ ეგოისტი სულელი ვიყავი. მთელი საღამო გულითად საუბარში გავატარეთ. მირჩია, რომ დღესასწაულებზე მძახალთან მივსულიყავი. ჩვენმა ოჯახებმა უნდა იმეგობრონ და არა ერთმანეთს გაუბრაზდნენ.
მეორე დღეს ბარბარეს დედას დავურეკე და ვახშამზე დავპატიჟე. ისიც დამთანხმდა. ხშირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ ვხედავ, რომ რძალი ჩემ მიმართ დათბა. როგორი მადლიერი ვარ ქმრის, რომ თვალები ამიხილა. შეცდომების გამოსწორება გვიანი არასდროსაა!“
მარიამის ისტორია გვიჩვენებს, რომ რა შეცდომაც არ უნდა დაუშვათ წარსულში, გამოსწორების შანსი ყოველთვის გაქვთ. მარიამს მოუწია იმავეს გამოცდა, რაც ოდესღაც მის დედამთილს, მაგრამ ახლა გააცნობიერა, რომ მართალი არ იყო. ეს როგორც დედამთილთან, ასევე მის რძალთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.