ერთი ბიჭი მოუთმენლად ელოდა ინსტიტუტის დამთავრებას. ის დარწმუნებული იყო, რომ მამამისი მას ძვირფას საჩუქარს გაუკეთებდა, კერძოდ კი – ავტომობილს აჩუქებდა. ბიჭს უკვე არჩეული ჰქონდა სასურველი მოდელი და არაერთხელ აჩვენა მამამისს ავტოსალონებში და ინტერნეტში. ბიჭი ფიქრობდა, რომ მამამისი ყველაფერს მიხვდა და აუცილებლად აუსრულებდა ოცნებას.
დადგა ნანატრი დღე. ბიჭს მთელი ღამე არ ეძინა. საბუთების გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიის წინ მამამ შვილს უთხრა, რომ მასთან სერიოზულად დალაპარაკება სურდა. მან სთხოვა, რომ გაჰყოლოდა. ბიჭმა აღარ იცოდა, როგორ შეეკავებინა ემოციები. ის მოთმინებით ესაუბრებოდა მამამისს და თავს უქნევდა მას. ბიჭის სახეზე იკითხებოდა: “მალე მითხარი, მამა. მე ყველაფერი ვიცი! შენ ხომ ჩემთვის ძალიან კარგი საჩუქარი გაქვს!”
როგორც ჩანს, მამამ ბიჭის სახეზე ეს ყველაფერი ამოიკითხა და გადაწყვიტა, რომ ბევრი აღარ გაეგრძელებინა. მან მხოლოდ რამდენიმე წინადადება წარმოსთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ამაყობდა საკუთარი შვილით, მისი მიზანდასახულობითა და გულმოდგინებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიჭს ბრწყინვალე კარიერა, ყველა წამოწყებაში წარმატება და პირადი ბედნიერება ელოდა. ამ მოკლე სიტყვის შემდეგ მან ბიჭს პატარა ყუთი გაუწოდა, რომელიც სპეციალურ ქაღალდში იყო შეფუთული.
ბიჭი მოუთმენლობისგან კანკალებდა. კარგა ხანს ვერ ახერხებდა კონცენტრირებას და ყუთს გახსნას. ბოლოს, როგორც იქნა ხელები დაემორჩილა, ყუთი გახსნა და პატარა წიგნი დაინახა. წიგნს ტყავის ყდა ჰქონდა, ეტყობოდა, რომ ძვირადღირებული გამოცემა იყო. ეს იყო ბიბლია. ბიჭი იმედგაცრუებული იყო. ის დიდხანს უყურებდა მამამისს და აზრს ვერ ალაგებდა. მან არ იცოდა, მამამისისთვის რა ეთქვა. მის იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა, ტირილი უნდოდა.
მას არ ესმოდა, ასეთი დღისთვის, მამამისმა როგორ აჩუქა წიგნი, როდესაც მას ამდენი ფული ჰქონდა. მან ხომ მშვენივრად იცოდა, როგორ საჩუქარზე ოცნებობდა მისი შვილი. იმ დღიდან მოყოლებული, ამ საქციელის გამო, მას მრავალი წლის მანძილზე ეჯავრებოდა საკუთარი მამა. ის მამამისის სახლიდან წავიდა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. მამასთან ურთიერთობის სურვილი მას არ ჰქონდა.
წლები გადიოდა. ბიჭი ძალიან ნაწყენი იყო მამამისზე და მრავალი წლის მანძილზე არ ელაპარაკებოდა. უფრო მეტიც, მას არ აინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა მამამისი ან როგორ გრძნობდა თავს. სიყმაწვილის დროინდელი წყენა ჯანსაღ აზროვნებაზე ძლიერი აღმოჩნდა.
წარმატებული პროფესიის ათვისების შემდეგ, მან მალევე დაიმკვიდრა ადგილი საზოგადოებაში. მას ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში და საკუთარ თავს არაფერს აკლებდა. მან საზღვარგარეთ დიდი სახლი შეიძინა, დაქორწინდა და თავს ნამდვილად ბედნიერ ადამიანად თვლიდა.
დროთა განმავლობაში ის საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდა. მან დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი მართლა ასე შესანიშნავად არ იყო, რომ მისი ყველა საქციელი არ იყო სწორი და უნაკლო. მან გააცნობიერა, რომ ძალიან უხეშად და არასწორად მოექცა მამამისს მრავალი წლის წინ. არ შეიძლებოდა, რომ მასზე ამდენი ხნის მანძილზე ნაწყენი და გაბრაზებული ყოფილიყო. ბიჭმა გადაწყვიტა, რომ მამასთან წასულიყო, დალაპარაკებოდა და მისგან პატიება ეთხოვა.
ის მშობლების სახლში მივიდა და ძალიან გაოცებული დარჩა. სახლის პატრონი სახლში არ იყო, სახლი მოუვლელი იყო და თითქმის მიტოვებული. ბიჭი ვერ ხვდებოდა, სად იყო მამამისი. მაგიდაზე წერილი დახვდა. მამამისი წერდა, რომ სახლი ახლა მის შვილს ეკუთვნოდა. მამა საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასულიყო. ბიჭმა სახლში ხეტიალი დაიწყო და თავის ბავშვობასა და სიყმაწვილეს იხსენებდა.
მეორე დღეს მან ძველი ნივთების დათვალიერება დაიწყო. სხვა ნივთებთან ერთად მან ის პატარა ბიბლიაც იპოვა, რომელიც მამამ რამდენიმე წლის წინ აჩუქა. მამაკაცმა უნებურად წიგნის გადაფურცვლა დაიწყო.
წმინდა წიგნის ბოლო გვერდზე მან იპოვა აკურატულად დაწებებული გასაღები – ზუსტად იმ მანქანისა, რომელზედაც ოცი წლის წინ ოცნებობდა. იქვე იყო იმ მანქანის საბუთებიც. ბიჭი დიდხანს იჯდა და უაზროდ უყურებდა აღმოჩენას, თვალებს არ უჯერებდა და არ სურდა ეფიქრა იმ საშინელ, სულელურ შეცდომაზე, რომელიც მრავალი წლის წინ დაუშვა. მოგვიანებით მან გადახდის ქვითარიც იპოვა. ქვითრის მიხედვით გაირკვა, რომ მამას მანქანის საფასური მთლიანად დაეფარა კრედიტებისა და ვალის გარეშე.
გამოდის, რომ ჩვენ ზოგჯერ მხოლოდ გარეკანს ვუყურებთ და ჭეშმარიტების დანახვა არ გვინდა. ამის გამო ძალიან სერიოზულ შეცდომებს ვუშვებთ, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვნანობთ, მაგრამ მათი გამოსწორება უკვე გვიანია.