ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ახლა თითოეული ადამიანი თავის
პატარა სამყაროში ცხოვრობს თავისი პრობლემებით და საერთოდ ვერ ხედავს, რა ხდება მის ირგვლივ. ადამიანებს უბრალოდ აღარ სჯერათ, რომ მათ დასახმარებლად შესაძლოა სრულიად უცხო ადამიანი მოვიდეს. თუმცა, რეალურად ირკვევა, რომ კეთილი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ.
1. სამსახურში თითქმის ყოველთვის პირველი მივდივარ. პირველ რიგში ჩემთვის მაგარ ჩაის ვამზადებ, შემდეგ კი ორივე ჩაიდანს ვავსებ და ასადუღებლად ვდგამ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უხარიათ ჩემს თანამშრომლებს, როდესაც ლოდინი აღარ სჭირდებათ წყლის ასადუღებლად.
2. ერთხელ ჩვენმა ახლო მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის მისი ახალი შეყვარებული გაეცნო. ის სტანდარტული “ფიფა” იყო. ტუჩები დაბერილი, წამწამები დაგრძელებული. მოკლედ, ჩვენი მეგობრის ახალი რჩეულით არავინ იყო აღფრთოვანებული. მოგვიანებით ჩემს ქალიშვილის დონორის სისხლი დასჭირდა. მე და ჩემი ცოლი დახმარებას სოციალური ქსელების მეშვეობით ვითხოვდით, თუმცა, ისინიც კი გაქრნენ, ვისთანაც მრავალი წლის მანძილზე ვმეგობრობდით. ძალიან გამიკვირდა, როდესაც საავადმყოფოში სწორედ ის გოგო მოვიდა. ის ჩემს შვილს არამარტო საავადმყოფოში აკითხავდა, არამედ ჩემს ცოლს საოჯახო საქმეებშიც კი ეხმარებოდა.
3. ერთხელ გზის პირას ვიდექი. ჩემს სიახლოვეს მანქანა გაჩერდა. მძღოლმა მანიშნა, რომ გზას მითმობდა. მე ადგილიდან გატოკება არ მინდოდა, ის კი ღიმილით თავს მიქნევდა, რომ არ შემშინებოდა. მე გადავწყვიტე, რომ გზაზე გადავსულიყავი, რათა მას არ სწყენოდა. თუმცა მე გზაზე გადასვლა არ მჭირდებოდა, მე უბრალოდ მეგობარს ველოდებოდი.
4. ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როდესაც საერთოდ არ მქონდა ფული. მთელი ერთი თვის მანძილზე ერთი ადამიანის სახლში ვცხოვრობდი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობდა, რომელშიც გამოუვალი მდგომარეობის გამო ავტირდი, როდესაც ნაქირავები ბინიდან გამომაგდეს. მძღოლმა შემომთავაზა, რომ მის სახლში მეცხოვრა, მის ოჯახთან ერთად. მთელი ამ დროის მანძილზე მე საჭმელსაც მთავაზობდნენ და სახლის საქმეების გაკეთების უფლებასაც არ მაძლევდნენ. როდესაც ჩემი საქმეები მოვაგვარე, მათი ბინიდან გადავედი, მაგრამ ისევ ვმეგობრობთ.
5. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ჩემი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო და ზოგჯერ მარტო პური და წყალი მქონდა. 10 წლის შემდეგ კარგ სამსახურში მოვეწყვე და კარგი შემოსავალი მაქვს. მას შემდეგ ყოველ კვირა ბიბლიოთეკაში შევდივარ და წიგნებსა და ატლასებში ფულს ვტოვებ ხოლმე. ეს ფული მე არ გამაღარიბებს, ვიღაცას კი ძალიან გამოადგება.
6. აფთიაქში შევედი და ვნახე, რომ სკამზე მოხუცი ქალი იჯდა, რომელსაც ფარმაცევტი წნევას უზომავდა. ალბათ ბებომ თავი ცუდად იგრძნო. სანამ სალაროსთან ვიდექი, ფარმაცევტმა ბებოსთვის ახალი წნევის აპარატი შეიძინა და მას გადასცა. ბებოსაც აუჩუყდა გული და მეც.
7. ჩემი ქმარი იურისტია. ჩვეულებრივ, ის ძალიან მკაცრი და პირქუშია, რადგან სწორედ ეს თვისებებია საჭირო მისი სპეციალობისთვის. ერთხელ, სახლში დავბრუნდი და ვნახე, რომ ძალიან აღელვებული და შეწუხებული იყო. მას სახლის სიახლოვეს ნახევრად გაყინული კნუტი ეპოვა და გადაერჩინა. ახლა ეს კატა ჩვენი ოჯახის ნაწილია. მე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ მკაცრ ადამიანებს ძალიან კეთილი გული აქვთ.
8. ერთხელ ჩემმა შეყვარებულმა ძალიან დიდი დათვი მაჩუქა. იმ დროს ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და გადასვლის დროს ამ დათვის თან წაღება აღარ მინდოდა. ბინის მეპატრონესთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე, ეს სათამაშო მისთვის დამეტოვებინა, ვისაც ბავშვი ყავდა. სადარბაზოში ბავშვის ხმა გავიგონე. კარზე დავაკაკუნე და მშობლებს სიტუაცია ავუხსენი, ისინი დამთანხმდნენ ასეთი საჩუქრის მიღებაზე. ბავშვს თვალები ბედნიერებისაგან უბრწყინავდა, როდესაც თავისზე რამდეჯერმე დიდი სათამაშო დაინახა.
9. დედაჩემი სოციალურ სააგენტოში მუშაობს. ის ყოველწლიურად, ახალი წლის წინა დღეებში ჩვენი რაიონის დაბალშემოსავლიანი ოჯახების მისამართებს არკვევს. მამაჩემი და დედაჩემი თოვლის პაპის და ფერიას ფორმებს იცვამენ და ფარულად მიდიან ამ ბავშვებისთვის საჩუქრების დასარიგებლად. უზომოდ ვამაყობ ჩემი მშობლებით!
10. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში სახლში მატარებლით ვბრუნდებოდი და ძალიან ხშირად მგზავრობის საფასურს არ ვიხდიდი. ერთხელ კონტროლიორებმა მიცნეს და მატარებელში არ ამიშვეს. ვცდილობდი, რომ შევპარულიყავი, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც მატარებელი დაიძრა, კონტროლიორები შენობისკენ გაემართნენ. უკვე მეგონა, რომ ღამის გასათევად აქ დავრჩებოდი, მაგრამ უცებ მემანქანის ხმა გავიგონე: “გამოიქეცი!” კარი გაიღო და მე მატარებელში კონტროლიორების ყვირილის ფონზე შევვარდი.
11. ერთ ზაფხულს, როდესაც მხოლოდ 8 წლის ვიყავი, ერთი ბავშვი დახრჩობას გადავარჩინე. მას შემდეგ დაახლოებით 15 წელი გავიდა. იმ ბიჭმა მიპოვა და მთხოვა, რომ მისი შვილის ნათლია გავმხდარიყავი. მან ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი მანდო. მე ძალიან მსიამოვნებდა, როდესაც ის და თვისი მეუღლე სიამაყით მიყურებდნენ.
12. ერთხელ ბანკში მივედი კრედიტის გადასახდელად. არ გამიმართლა. ბანკის წინ ძალიან პატარა ავტოსადგომი იყო, მანქანები კი ყოველთვის ძალიან ბევრი იდგა. სულ ბოლოში ერთი თავისუფალი ადგილი დავინახე და ვცადე, რომ მანქანა გამეჩერებინა. ამასობაში მანქანებს შორის გავიჭედე და უბრალოდ ავტირდი. ამ დროს მუშებმა შემამჩნიეს, რომლებიც ბანკის წინ მუშაობდნენ, მითხრეს, რომ ტირილი შემეწყვიტა. ისინი ექვსნი იყვნენ, მათ ჩემი პატარა მანქანა ასწიეს და სხვა მხარეს შეატრიალეს.
13. ერთხელ ღამით ავტობუსით ვმგზავრობდი. ცივი ღამე იყო და მე ფანჯარასთან ვიჯექი. სიცივის გამო ვერ ვიძინებდი. მოულოდნელად ჩემზე რაღაც ძალიან თბილი დაეშვა. მე მაშინვე ჩამეძინა და მხოლოდ დილით მივხვდი, რომ ეს ქურთუკი იყო. ეს ქურთუკი უკანა რიგში მჯდომმა მამაკაცმა დამაფარა, თავად კი მაისურის ამარა დარჩა. მრავალი წელი გავიდა, მაგრამ მე მაინც მადლიერი ვარ მისი ამ საქციელის გამო.
14. ჩემი სკოლელი ერთი გოგონა ბავშვთა სახლის სიახლოვეს ცხოვრობს. ის და მისი და ძალიან ხშირად ეთამაშებოდნენ ბავშვთა სახლის ბავშვებს და ერთ ბიჭს განსაკუთრებულად დაუმეგობრდნენ. ის მათთან სტუმრად მოდიოდა ხოლმე, ერთად თამაშობდნენ და ჩაის სვამდნენ. ცოტა ხანში გოგონებმა მშობლებს სთხოვეს, რომ ეს ბიჭი ეშვილათ. მშობლები დათანხმდნენ. ახლა გოგონებს უფროსი ძმა ჰყავთ, ბიჭს კი მშობლები და დები.
15. მიწისქვეშა გადასასვლელში მივდიოდი, სადაც ერთი მუსიკოსი ხმამაღლა მღეროდა. გავიფიქრე, რომ ახლა ჩემი შვილი გაიღვიძებდა და უცებ მომღერალმა ხმას დაუწია. მადლობა მას ასეთი კეთილი საქციელისთვის.