მისტიკური შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხეულში ჟრუანტელი დაგივლით! 

836

უცნაური ისტორიები თითქმის ყველა ადამიანს გადახდენია. ვიღაცას მომხდარის სჯერა, ვიღაც კი ამას უბრალო შემთხვევითობას ეძახის და არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

ერთხელ ტრამვაიში ერთი საეჭვო მამაკაცი უცნაურად მომშტერებოდა. მისმა მზერამ ძალიან დამძაბა, თითქოს მისი მეთვალყურების ქვეშ ვიმყოფებოდი. ამ დროს მას შევხედე: “ფიქრობ, რომ სხვისი აზრების წაკითხვა მხოლოდ შენ შეგიძლია?” ამ დროს მის სახეზე გაოცება ამოვიკითხე. ის დაბნეულად ადგა და უახლოეს გაჩერებაზე ჩავიდა.

ერთხელ აბაზანაში ვიწექი, სახლში არავინ იყო. ჩემი ქმარი რამდენიმე საათის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. უცებ, კარებს უკან მეტლახზე ვიღაცის ფეხები დავინახე (კარსა და იატაკს შორის დიდი ჭრილია). ძალიან შემეშინდა. არ ვიცოდი რა მექნა. თავიდან შხეფებს ვისროდი, შემდეგ კი ყვირილი დავიწყე: “ძვირფასო, უკვე დაბრუნდი? ცოტა ხანს დამელოდე, მალე გამოვალ”. თავად კი ვიწექი და კარის ჭრილში ვიყურებოდი. ვნახე, რომ ფეხები ნელ-ნელა გაქრა. აბაზანაში 3 საათი გავატარე, სანამ ჩემი ქმარი მოვიდა. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

ყოველთვის ვწუხდი იმის გამო, რომ არასოდეს მიმართლებდა. მუდმივად რაღაც უსიამოვნებაში ვეხვეოდი, არასოდეს არაფერი მომიგია და ასე შემდეგ. ჩემს შეყვარებულს კი – ყველაფერში უმართლებდა. ერთხელ ამასთან დაკავშირებით შევჩივლე. ის ნაზად ჩამეხუტა, მაკოცა და მითხრა, რომ მისი იღბლიანობის ნახევარი ახლა უკვე ჩემი იყო. მეორე დღეს სახლთან ფული ვიპოვე. ის ალბათ ნამდვილი ალქაჯია.

ადრე ძალიან მიყვარდა იშვიათი ნივთების ყიდვა. სხვა ქალაქებშიც კი მივდიოდი მათ მოსაძებნად. როგორღაც ჩემს კოლექციაში ერთი იშვიათი წიგნი მოხვდა – ანტიკვარიატი. ამ წიგნს დიდხანს ვეძებდი, სახლში მოვიტანე და სპეციალურ თაროზე მოვათავსე. სახლში ამოუხსნელი რამ მოხდა. თაროებიდან წიგნები ცვიოდა, კატა უმიზეზოდ ხმამაღლა კნაოდა, ფანჯრები თავისით იღებოდა და იკეტებოდა. ძალიან შემეშინდა, კატა ავიყვანე, მანქანაში ჩავჯექი და იქვე დავიძინე. წიგნი მეორე დღესვე მოვიშორე.

ერთხელ მაგარი წვიმა და ჭექა-ქუხილი იყო. მე და ჩემს ცოლს, ჩვეულებისამებრ, ჩვენს საწოლში გვეძინა. უცებ მან უმიზეზოდ გამაღვიძა და მითხრა, რომ მეორე საძინებელში წავსულიყავით. მე დავთანხმდი, რადგან ძალიან მეძინებოდა და მიზეზის დადგენის დრო არ მქონდა. ერთი წუთის შემდეგ ჩვენს საწოლს ბეტონის ნატეხი დაეცა.

სახლის საქმეების დამთავრების შემდეგ ჩემს ქალიშვილთან ერთად ეზოში ვსეირნობდი. გადავწყვიტე, რომ ბავშვი შადრევანთან წამეყვანა, რომელთანაც 30 წუთში მივიდოდით. უცებ ვიღაც უცნობმა გაიარა და გაშეშებული სახით მითხრა: “უთო მაინც გამოგერთო”. თავდაპირველად ვერაფერს მივხვდი, შემდეგ კი ელდა მეცა. მე ხომ მართლაც ვაუთოებდი და უთოს გამორთვა დამავიწყდა. მე და ჩემს შვილს ასე სწრაფად არასოდეს გვირბენია.

მე და ჩემი ქმარი საღამოს სახლში ვბრუნდებოდით. ჩვეულებრივ გზას ვუყურებ ხოლმე, იმ დღეს კი ჩამეძინა და თან ძალიან ღრმად. უცებ ფანჯარაზე რაღაც კაკუნი გავიგონე. უეცრად გამომეღვიძა, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა. მერე მივხვდი, რომ მანქანაში ვიჯექით და გზაზე მივდიოდით. ჩემს ქმარს გავხედე, მას ეძინა. ხელი ვკარი და საჭე დავიჭირე, მანქანა უკვე გზიდან გადადიოდა.

ნაქირავებ ბინაში მუდმივად ვიღაც მელანდებოდა. ხან ლანდები მოძრაობდნენ ოთახში, ხან რაღაც არანორმალური ხმები იყო, ხან ვიღაც კარზე აკაკუნებდა. ყოველთვის შიშით ვიძინებდი. ერთხელ სახლში მთვრალი დავბრუნდი. ძალიან მეძინებოდა. საძინებელში შევედი და უზარმაზარი ჩრდილი დავინახე, მაგრამ რატომღაც არ შემეშინდა. ალბათ ალკოჰოლმა თავისი საქმე გააკეთა. სიცარიელეში წარმოვთქვი: “მოდი, ხვალისთვის გადავდოთ, ახლა ძალიან მეძინება”. მას შემდეგ მსგავსი აღარაფერი მინახავს. ალბათ მოჩვენება მიხვდა, რომ აღარ მაშინებდა, ეწყინა და წავიდა.

ოფისში ვმუშაობ. ჩვენს ზემოთ კიდევ ერთი სართულის დაშენება დაიწყეს. ვიჯექი და მთლიანად საქმეში ვიყავი ჩაფლული. უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც ხელზე შემეხო. გვერდებზე გავიხედე და ყველა თავის ადგილზე იჯდა. ვერაფერი გავიგე. გადავწყვიტე, სუფთა ჰაერზე გავსულიყავი. როგორც კი ავდექი, ჩემს მაგიდას ჭერის ნატეხი დაეცა. კიდევ კარგი არ მომხვდა.

ცოტა ხნის წინ ჩემმა ძმამ რიგი სერიოზული პრობლემების გამო თავის მოკვლა გადაწყვიტა. მე იმ პერიოდში სხვა ქალაქში ვცხოვრობდი. ის უკვე მრავალსართულიანი ბინის სახურავზე იდგა, როდესაც ზარის ხმა გაისმა. იმ მომენტში მას მე დავურეკე. მან მოისმინა, თუ როგორ ვუყვებოდი ჩემს მეგობარს ჩემი ოჯახის წევრების შესახებ, თუ როგორ მენატრებოდა ისინი და განსაკუთრებით კი – ჩემი ძმა. ამ დროს მან ყველაფერი გააცნობიერა და ძირს ჩამოვიდა. ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება, თუ ტელეფონმა ჯიბეში თავისით როგორ დაურეკა ჩემს ძმას და გადაარჩინა.

პირველ კურსზე გამოცდების ძალიან მეშინოდა. მშობლებმა მირჩიეს, რომ წინა დღის სიზმარი დამემახსოვრებინა. აუცილებლად უნდა დამსიზმრებოდა ციფრი და ეს ჩემი ბედნიერი ბილეთის ნომერი იქნებოდა. მთელი ღამე მკვდარივით მეძინა, დილით კი დროზე ადრე გავიღვიძე და რამდენიმე წუთით ჩავთვლიმე. სიზმარში ციფრმა თოთხმეტმა გაიელვა. ბილეთი ავიღე და მეთოთხმეტე იყო. გამოცდა ფრიადზე ჩავაბარე. მეორე გამოცდაზეც იგივე განმეორდა. მესამეზე კი მეშვიდე ბილეთი ამოვიღე. დავღონდი. აღმოჩნდა, რომ მასწავლებელს ბილეთებში საკითხები შეეცვალა და მეშვიდე ბილეთში მეთოთხმეტე ბილეთის საკითხები აღმოჩნდა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ყველა გამოცდა ფრიადზე ჩავაბარე. სიზმრების დამახსოვრებას სწავლის დამთავრების ბოლომდე ვცდილობდი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს