პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ნანა გვიამბობს.მაღვიძარა არ დამიყენებია. წინა დღეს, დაძინებამდე, ჩემმა შვილმა მიბრძანა, რომ დილაადრიან არ ავმდგარიყავი. საქმე ის იყო, რომ ჩემი შვილები სიურპრიზს მიმზადებდნენ.
გათენდა. ჩვევის გამო შვიდის ნახევარზე გამომეღვიძა. ბრძანების შესახებ მახსოვდა და ადგომას არ ვჩქარობდი. უკვე ათი საათი დაიწყო, ჩემი შვილები კი ჯერ კიდევ სიზმრებს ხედავდნენ. გვერდები მეტკინა, სრული დისკომფორტი მქონდა, საპირფარეშოში მინდოდა! მაგრამ პირობა მქონდა მიცემული და უნდა შემესრულებინა, სხვაგვარად სიურპრიზი არ გამოვიდოდა!
ბოლოს და ბოლოს, ათი საათისკენ ხმაური მომესმა, თითქოს სამმა პატარა სპილომ მთები გადალახა და მძიმე ნაბიჯებით სამზარეულოში აღმოჩნდა. ჭურჭელი ისე ახმაურდა, რომ მკვდარსაც კი გააღვიძებდა. მაგრამ მე არაფერი მესმოდა, მე ხომ მეძინა! )) იქ კი, რაღაც შიშხინებს, იწვება, ონკანიდან კი ნიაგარის ჩანჩქერი იღვრება! ამდენი წყალი რაში სჭირდებათ? ჩაის სათლებით ხომ არ მიმზადებენ?
ოთახში უმცროსი გოგონა შემოდის, ის შესამოწმებლად გამოგზავნეს, გავიღვიძე თუ არა. საძინებლის კარი მთელი ძალით გაიჯახუნა და ხმაურიანი ნაბიჯებით მომიახლოვდა… ცხვირზე თითები მომიჭირა. შემოწმების მეტად უცნაური წესი იყო. დარწმუნდა, რომ მეძინა და სასიხარულო ამბის შესატყობინებლად გაიქცა: “დედას სძინავს!”
უფროსმა ქალიშვილმა ბრძანება გასცა: ბუშტები გავბეროთ!
უმცროსი მიცემულ დავალებას ვერ გაუმკლავდა და ტირილით ჩემთან გამოიქცა: დედა, ბუშტის გაბერვაში დამეხმარე, თორემ სიურპრიზი არ გამოგვივა!
დედამ, ანუ მე, საკუთარი თავისთვის საჩუქრის გაბერვა გავიწყე და “ძილი” გავაგრძელე.ცოტა ხანში დამიძახეს. სამზარეულოში შევედი და ვნახე, რომ დღესასწაული შედგა! არც ერთი სუფთა ფინჯანი, სამზარეულოში ყველგან შაქარი და ფქვილი ეყარა. სამი მხიარული და გათხუპნული სახე მილოცავდა: დაბადების დღეს გილოცავთ, დედა!
ღმერთო ჩემო! ამაზე საუკეთესო საჩუქარი რა უნდა ყოფილიყო!