ჩემს კომპიუტერს პაროლი დავადე, რათა იქ “ტანკები” არ აღმოჩნდეს. ჩემმა ქმარმა ჩხუბი დაიწყო, ასე როგორ შეიძლებაო? შევთავაზე, რომ პაროლი თავად გამოეცნო და რა გგონიათ? გამოიცნო! შეიყვანა პაროლი: “მე შენ მიყვარხარ”.
ქორწინების 50 წლის იუბილემდე პაპაჩემი მიკროინსულტით საავადმყოფოში მოხვდა. ყველა ანერვიულდა, განსაკუთრებით ბებიაჩემი. მაგრამ პაპაჩემი მაგარია. სანამ საავადმყოფოში იწვა, ყვავილების საყიდლად გასვლაც მოახერხა და ლექსიც დაწერა. ბებია რომ მივიდა, ის დიდი ფერადი თაიგულით და საკუთარი ლექსით დახვდა. ბებო ასეთი სასიამოვნოდ აღელვებული არასოდეს გვინახავს.
ჩემმა შეყვარებულმა მიამბო, რომ ძალიან უყვარდა დედამისის მოყოლილი ზღაპრების მოსმენა. ამ ზღაპრებს ის ორმოცდაათიანი წლების ძველი წიგნიდან კითხულობდა. გადავწყვიტე, რომ ინტერნეტის მეშვეობით ასეთივე წიგნი მეპოვა. დიდხანს ვეძებდი და ბოლოს ერთმა მოხუცმა ქალმა მომყიდა და ფოსტით გამომიგზავნა. გასაოცარია, მაგრამ ეს ზუსტად ის წიგნი იყო, რომელშიც ჩემი შეყვარებულის დედას თავისი ხელმოწერა დაეტოვებინა. იმ დღეს ჩენი შეყვარებული ძალიან ბედნიერი იყო. ასეთი დამთხვევებიც არსებობს.
სახლში ძალიან დაღლილი, გაბრაზებული და განერვიულებული დავბრუნდი. როდესაც ჩემმა ქმარმა ამ მდგომარეობაში მნახა, აბაზანა ცხელი წყლით გაავსო, არომატული მარილი ჩაყარა, ააქაფა, აბაზანაში ჩამსვა და ორი რეზინის იხვი მომცა. აბაზანაში ვიჯექი და ყველას და ყველაფერს ვწყევლიდი, ჩემი ქმარი კი ამ დროს შოკოლადს მაჭმევდა.
მიკროავტობუსში ვიჯექი. მოხუცი ქალი და მამაკაცი ამოვიდნენ. ჩანდა, რომ გადაადგილება უჭირდათ, მაგრამ დაჯდომაზე უარი განაცხადეს. თავიანთ გაჩერებამდე ასე ხელიხელ ჩაკიდებულები იდგნენ და თავიანთ ჯანმრთელობის პრობლემებზე ხუმრობდნენ, შვილიშვილებზე საუბრობდნენ და ახალ ამბებს განიხილავდნენ. ვისურვებდი, რომ სიბერეში მეც მათნაირი ვიყო.
უკვე მერვე წელია, რაც გათხოვილი ვარ. არ მახსენდება, რომ ჩემს ქმარს ოდესმე უთქვამს: “მე შენ მიყვარხარ”. ამის ნაცვლად, სახლში დაბრუნებულს მაგიდაზე ყოველთვის ცხელი ვახშამი მხვდება, ბავშვს გაკვეთილები ყოველთვის ნასწავლი აქვს, სახლი მოწესრიგებულია და საწოლზე ყოველთვის დაუთოებული საღამური დევს. სწორედ ეს არის სიყვარული და არა ცარიელი სიტყვები და დაპირებები.
შეყვარებულს უკვე დიდი ხნის მანძილზე ვხვდებოდი, მაგრამ ჯერ დედაჩემთან ვცხოვრობდი. ერთხელ ის ძალიან ცუდად გახდა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ფინანსური პრობლემები გაგვიჩნდა. თავისუფალი დრო საერთოდ აღარ მქონდა, დედას ვუვლიდი. ჩემს შეყვარებულს ჩემთვის არაფერი უთქვამს და ორი კვირით დაიკარგა. ძალიან დავღონდი, მეგონა მიმატოვა. თუმცა ამაოდ ვნერვიულობდი. ორ კვირაში მან დედაჩემის ოპერაციისთვის საჭირო თანხა გამოიმუშავა. ოპერაციის შემდეგ დედაჩემის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა. ახლა ჩვენ უკვე დაქორწინებულები ვარ და იმედი მაქვს, რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით.
სკეპტიკოსების აზრის მიუხედავად, სიყვარული არსებობს. დედაჩემი გამოცდებისთვის ერთი თვით ქალაქში გამგზავრებას აპირებდა. მამა დაღონებული დადიოდა და ამ დიდ განშორებას განიცდიდა. არ იცოდა, რა ექნა. ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. დედამ ჰკითხა: “რომ მოვკვდე, მაშინ როგორ იქნები?” მამამ უპასუხა: “არანაირად, გვერდით მოგიწვები”.
მანიკიურის ოსტატად ვმუშაობ. გოგონას, რომელსაც მანიკიურს ვუკეთებდი, თავისმა შეყვარებულმა მოაკითხა. ის ძალიან დაღლილი იყო, ცუდად გამოიყურებოდა და ხმაც უხალისო ჰქონდა. გოგონამ ვერ მოითმინა და მითხრა: “მაპატიეთ, ორიოდე წუთით დაგტოვებთ”. ის ადგა, ბიჭს მიუახლოვდა და ჩაეხუტა, ბიჭმა კი მას თავზე აკოცა. სწორედ ეს იყო სიტყვა “სიყვარულის” ნათელი ილუსტრაცია.
ერთხელ სესიებისთვის კიევში გავემგზავრე. ჩვენთან ძალიან არ ციოდა და თხელი პალტოთი და ზაფხულის ფეხსაცმელებით წავედი. კიევში რომ ჩავედი, უეცრად ყინვები დაიწყო, თბილი ტანსაცმლის საყიდლად კი ფული არ მქონდა. საკუთარ თავს ვწყევლიდი იმის გამო, რომ თბილი ზედა არ წავიღე. ინსტიტუტში მივდიოდი და ვფიქრობდი: “ერთი თვე ამ სიცივეში როგორ უნდა გავძლო”. შესასვლელს მივუახლოვდი და ჩემი მეუღლე დავინახე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. თურმე მან გაიგო, რომ თხელი პალტოთი წამოვედი და ამიტომ თბილი ტანსაცმელი ჩაალაგა, მატარებლის ბილეთი იყიდა და კიევში ჩამოვიდა.
მამაჩემი მივლინებაში ხშირად მიდის. მე დედასთან მივდივარ და საღამოებს ერთად ვატარებთ. იმ დღეს, როდესაც მამაჩემი უნდა ჩამოსულიყო, დედა ადგილს ვერ პოულობდა, კუთხიდან კუთხეში დადიოდა, როგორც ვეფხვი თავის გალიაში და მამას ელოდა. კარი გაიღო და მამაჩემი სახლში შემოვიდა. დედა მაშინვე ჩაეხუტა და ჰკითხა, როგორ იმგზავრა, როგორ არის, ასე თხლად რატომ აცვია. მინდა, რომ მე და ჩემს ქმარსაც სწორედ ასეთი ურთიერთობა გვქონდეს.
ცოტა ხნის წინ მივხვდი, როგორ უნდა გიყვარდეს ქალი. ეზოში მოხუცი ქალი დავინახე, რომელსაც უზარმაზარი ჩანთები მიჰქონდა. ზრდილობიანი ადამიანი ვარ და ამიტომ ქალს დახმარება შევთავაზე. ამ მძიმე ტვირთის თრევა დიდხანს არ მომიწია, რადგან მას მოხუცი მამაკაცი დახვდა. ის ცუდად ხედავდა, მაგრამ მაინც გამოსტაცა ქალს ხელიდან ჩანთები და სადარბაზოსკენ ერთად გაემართნენ. მოხუცი წყვილი თვალს მიეფარა. მე შემრცხვა, რადგან მე, ახალგაზრდა ბიჭი ხშირად ვეუბნები დახმარებაზე უარს ჩემს შეყვარებულს და დედაჩემს, როდესაც მათ მაღაზიიდან რაიმე მძიმე მოაქვთ. აუცილებლად გამოვსწორდები!