მათი ოჯახი წარუმატებელ ოჯახად ითვლებოდა. მარტოხელა დედა შვილს მარტო ზრდიდა. ქმარს მაშინ დაშორდა, როდესაც მისი ვაჟი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. ახლა ბავშვი 14 წლის არის, დედამისი კი – 34-ის. დედა მცირე ფირმაში მუშაობს ბუღალტრად. ბიჭი ყოველთვის ძალიან კარგად სწავლობდა, ახლა კი – სამიანებზე ჩამოვიდა.
დედა იმედოვნებდა, რომ შვილი სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებელში ჩააბარებდა და რაიმე სპეციალობას აითვისებდა. დედას მუდმივად სკოლაში იბარებდნენ, კლასის ხელმძღვანელი კი – ყოველგვარი მორიდების გარეშე სხვა მასწავლებლების თანდასწრებით ეჩხუბებოდა. არავინ ტოვებდა შესაძლებლობას, რომ მისი შვილის გამო შენიშვნა მიეცა.
ის სახლში ძალიან განერვიულებული ბრუნდებოდა, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლო. როდესაც თავის შვილს ეჩხუბებოდა, ის უბრალოდ უსმენდა, არაფერს ამბობდა და თავჩაქინდრული იდგა. გაკვეთილები მას არ აინტერესებდა, უბრალოდ არ სწავლობდა. დედას არც სახლის საქმეებში ეხმარებოდა. დღევანდელი დღეც დანარჩენ დღეებს გავდა, მისი ოთახი, როგორც ყოველთვის, მოუწესრიგებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედამ წასვლის წინ სახლის მოწესრიგება სთხოვა. ხომ შეეძლო, რომ თავისი ოთახი მაინც მოეწესრიგებინა?
დედამ ჩაიდანი დაადგა და სახლის მოწესრიგება დაიწყო. კარადები დაალაგა და მტვერსასრუტი ჩართო. მტვრის გაწმენდის დროს შენიშნა, რომ ბროლის ლარნაკი, რომელიც მეგობრებმა აჩუქეს, ადგილზე აღარ იდგა. ეს ლარნაკი მისთვის ძვირფასი იმის გამო იყო, რომ მისი მეგობრების ნაჩუქარი იყო, რომლებსაც ის ძალიან იშვიათად ხვდებოდა.
ის ძალიან ანერვიულდა, ნუთუ მისი შვილი ასე მოიქცა? სად წაიღო ეს ლარნაკი, გაყიდა? მას მაშინვე ის შემთხვევა გაახსენდა, როდესაც თავისი შვილი უცხო ბიჭებთან ერთად ნახა. მან მაშინ მათი ვინაობა ჰკითხა, შვილმა კი უხეშად უპასუხა, რომ ეს მისი საქმე არ იყო.
მას ეგონა, რომ ბიჭი ნარკომანების კომპანიაში მოხვდა და მათ დააძალეს ლარნაკის გაყიდვა. შემდეგ იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ თავისმა შვილმაც ხომ არ დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება. ქუჩაში გაიქცა, მაგრამ ვერავინ ნახა, ბნელოდა, უკვე გვიანი იყო და ისევ ბინაში დაბრუნდა. ქალმა ტირილი დაიწყო. ფიქრობდა, რომ ყველაფერში თავად იყო დამნაშავე, რადგან ბოლო დროს ისე იღლებოდა, რომ ძალა აღარაფრისთვის არ ჰყოფნიდა. დიდი ხანია თავის შვილს ყვირილის გარეშე არ დალაპარაკებია. ქალი ადგა და ისევ სახლის დალაგება გააგრძელა, იმედოვნებდა, რომ ეს ცუდი ფიქრებისაგან დაიხსნიდა.
სამზარეულოს დალაგებისას მაცივრის უკან ქაღალდის შეკვრა დაინახა და მისი ამოღება სცადა. ქაღალდიდან ბროლის ნამსხვრევები გადმოიყარა. მას ძალიან გაუხარდა, როდესაც ნახა, რომ მის ბიჭს ეს ლარნაკი უბრალოდ გასტეხოდა და სადღაც სხვაგან არ წაეღო.
ახლა კი ის უკვე ბედნიერებისაგან ტიროდა და ფიქრობდა, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ პატარა სულელი ბიჭი იყო, რომელმაც ლარნაკი გატეხა, დამალა და ახლა სახლში მოსვლის ეშინია. შემდეგ კი გაიფიქრა, თუ რა მოხდებოდა, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში გატეხილი ლარნაკი დახვდებოდა. ჩხუბი იქნებოდა და ის მას ისევ დაუყვირებდა. ახლა კი მან ვახშამი მოამზადა, სუფრა გაშალა და ლამაზი ხელსახოცები დაალაგა.
მისი შვილი სახლში შუაღამისას დაბრუნდა. სახლში შევიდა და გაჩერდა. დედა მივარდა, ჩაეხუტა და უთხრა, რომ ძალიან მოენატრა და მას ელოდებოდა. ხელები თავისი ხელებით გაუთბო, ლოყაზე აკოცა და ხელების დასაბანად გაგზავნა. შვილი ვერაფერს მიხვდა, ხელები დაიბანა და სამზარეულოსკენ გაემართა, მაგრამ დედა დაეწია და უთხრა, რომ სუფრა ოთახში იყო გაშლილი.
ოთახში იდეალური სისუფთავე იყო. ის დივნის კუთხეში ჩამოჯდა, შემდეგ მოისმინა ფრაზა, რომელიც დიდხანს არ სმენოდა. დედამ უთხრა: “ჭამე, შვილო!” მას ლუკმა არ გადასდიოდა, უნდოდა, რომ დედისთვის სიმართლე ეთქვა. მან დედას უთხრა, რომ ლარნაკი გაუტყდა. დედამ გაუღიმა და უთხრა, რომ ყველაფერი შეიძლება გატყდეს, მაგრამ ამაში საშიში არაფერია. ბიჭმა ვერ მოითმინა და ატირდა. დედამაც ტირილი დაიწყო. შემდეგ მათ ივახშმეს. დედა დიდხანს უხდიდა ბოდიშს იმის გამო, რომ შვილი გადაავიწყდა და რომ ხშირად უყვიროდა. მან უთხრა, რომ ეს მისი საქმეებისგან გადაღლის გამო იყო. მათ ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს და დასაძინებლად წავიდნენ.
დილით, სკოლაში წასასვლელად ბიჭი თვითონ ადგა, დედამ კი გაცილებისას ლოყაზე აკოცა და საღამომდე დაემშვიდობა. საღამოს კი ის ძალიან გაოცებული დარჩა: სახლი მოწესრიგებული იყო, უფრო მეტიც, შვილმა მას შემწვარი კარტოფილიც დაახვედრა.
მათ სახლში სკოლის ამბები აღარ განუხილავთ. დედას მისი ნიშნები აღარ აინტერესებდა. დედა ფიქრობდა, რომ ამის გამო მისი შვილიც ნერვიულობდა. ცოტა ხნის წინ, მას დედამისს უთხრა, რომ ის სწავლას მეათე კლასში გააგრძელებდა. დედა ძალიან გაოცდა. მან მის დღიურში ფარულად ჩაიხედა და ნახა, რომ იქ სამიანები აღარ იყო.
ერთხელ დედამ გადაწყვიტა, რომ დასამთავრებელი სამუშაო სახლში წამოეღო. საღამოს ქაღალდები მაგიდაზე გაშალა, მუშაობა უნდოდა, ამ დროს მისი შვილი მოვიდა და დახმარება შესთავაზა. ერთ საათში ყველაფერს მორჩნენ. შემდეგ კი დედამ იგრძნო, როგორ დაადო შვილმა ხელებზე თავი. მას მაშინვე გაახსენდა, რომ ის ბავშვობაშიც ასე იქცეოდა. ის მიხვდა, რომ შვილს არასწორად ექცეოდა, ახლა კი მისი ნდობა დაიბრუნა.