არიან ადამიანები, რომელთაც აგარაკზე ყოფნა უყვართ, იქ ისინი სულიერად და ფიზიკურად ისვენებენ. ზამთრის ბოლოდან მოყოლებული მათი ფანჯრების რაფებზე უამრავ ქოთანსა და ჭიქას დაინახავთ, სხვადასხვა უცხო მცენარეებით. თუმცა ეს მცენარეები მხოლოდ მათთვის არის უცხო, ვინც მათში არ ერკვევა, მოყვარულმა მებოსტნეებმა კი ზუსტად იციან, რომელ ქოთანში რა მცენარეა და როდის არის საჭირო მათი გადარგვა.
ზოგი კი აგარაკზე ქალაქური ცხოვრებისგან ისვენებს, მწვადს წვავს, მეგობრებთან ერთობა.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო შემთხვევის შესახებ გიამბობთ, რომლებიც აგარაკზე მოხდა.
ძალიან კარგი ტრადიცია გვაქვს – ყოველ უქმეებზე მთელი ოჯახი აგარაკზე ვიკრიბებით. ვიკრიბებით ყველა, ვინც ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ისინიც ჩამოდიან, ვინც სხვა ქალაქებში არიან, მაგრამ უფრო იშვიათად. ხდება ხოლმე, რომ მთელი ნათესაობა ვიკრიბებით, თითქოს ქორწილი იყოს, 70 კაცი ვართ. დიდ მაგიდას შემოვუსხდებით ხოლმე და ერთმანეთს ვუყვებით, ვის რა შეემთხვა იმ პერიოდში, სანამ ერთმანეთს ვნახვდით.
ბებოსგან სახლი მხვდა წილად, რომელიც ჩვენი ქალაქიდან ძალიან შორს მდებარეობს. იქ ძალიან დიდი ბაღია, სადაც ვაშლის ხეები დგას. ბებო იქ ყოველთვის ბარავდა და სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავდა: კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი, წიწაკა და სხვა. მე ვმუშაობ და ამიტომ იქ ხშირად ვერ მივდივარ. ვაშლი თავისით იზრდება, დათესვით კი დიდი ხანია არაფერი დათესილა. არ მცალია და მაინცდამაინც არც მინდა. ზოგჯერ იქ მეგობრებთან ერთად მივდივართ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხორცი შევწვათ და დავისვენოთ.
როგორც კი სათბურში შევდივარ, ვხედავ, რომ ყველა კიტრი მოკბეჩილია. ერთხელ ვნახე, რომ იქ ჩვენი კატა იპარება და კიტრს ჭამს.
დედაჩემს ვეკითხები, თუ რად უნდა, რომ ყოველ წელს ამდენ ბოსტნეულს რგავს. ეს ხომ ძალიან მძიმე შრომაა, გაზაფხულზე – დარგე, შემოდგომაზე – ამოთხარე. მოსავალი კი იმდენი მოდის, რომ მის დასაბინავებლად არც ძალა გეყოფა და არც დრო. ბოსტნეულის ნაწილს ის თავის მეზობლებს ურიგებს. ჩემი აზრით, უფრო კარგია, რომ ეს ყველაფერი მაღაზიაში იყიდო.
ამ ზაფხულს აგარაკზე ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა. ეზოში ნიჟარასთან დადებული საპონი იკარგებოდა. ერთხელ დილით გამოვედი, მინდოდა მენახა ვინ იყო. ვხედავ, კაჭკაჭი მოფრინდა და საპნის ნაჭერი წაიღო. რისთვის სჭირდება საპონი, რა უნდა უყოს?
ვცდილობ, რომ ყოველ უქმეებზე დასასვენებლად აგარაკზე წავიდე. გამოდის რომ ყოველ კვირა პატარა შვებულება მაქვს. იქ მორალურადაც ვისვენებ და ფიზიკურადაც. ხან ბოსტანში ვაკეთებ რაღაცას, ხან ჰამაკში ვწევარ. ისე მომწონს ჩემს აგარაკზე, რომ შემიძლია მთელი უქმეები მარტომ გავატარო და არავინ არ მჭირდება.
გქონიათ შემთხვევა, რომ როდესაც რაიმეს შეკეთებით ყოფილხართ დაკავებული, ათასი მრჩეველი გამოჩენილა, მაგრამ როდესაც კარტოფილი გქონიათ ამოსათხრელი, რატომღაც არავის ნდომებია დახმარება.
ბავშვობაში ფაფას ვხარშავდით, რომელშიც ვყრიდით მიწას, ქვიშას და სხვადასხვა ბალახებს. ერთხელ მეგობარმა მითხრა, რომ თუ მრავალძარღვას შევჭამდი, ავად არასოდეს არ გავხდებოდი. მე უკვე 30 წლის ვარ, მაგრამ ზოგჯერ ამ მცენარის ფოთოლს ვჭამ, რადგან ბავშვობაში ბებოს აგარაკზე რაც კი მრავალძარღვა იყო, სულ შევჭამე.
მთელი ბავშვობის მანძილზე ჟასმინის სურნელი დამყვებოდა, ბებოს უყვარდა ძალიან. ფანჯარასთან ჟასმინის პატარა ბუჩქი იზრდებოდა. ერთხელ პარკში სეირნობისას ჟასმინის ბუჩქი დავინახე, მივუახლოვდი, დავყნოსე და მაშინვე რამდენიმე წლით უკან გადავინაცვლე. იქ სადაც ბებოს გემრიელი ღვეზლების სურნელი იდგა, მე კი ეზოში ფეხშიშველი დავრბოდი.
აგარაკი ვიყიდეთ. ვფიქრობდი, რომ ზაფხულში მეგობრებთან ერთად წავიდოდი დასასვენებლად. ზამთარში კი პლედ შემოხვეული ბუხართან ვიჯდებოდი და ვიოცნებებდი. ნაკვეთის მოსაწესრიგებლად წავედით. მანამდე ბაზარში შევიარეთ. ვნახე, რომ ნერგები იყიდებოდა, მივუახლოვდი და არჩევა დავიწყე. იმდენი ვიყიდე, რომ დასახმარებლად ჩემს ქმარს დავუძახე. ახლა დიდი ბოსტანი მაქვს, სადაც ყველაფერია: კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, გოგრა. პერიმეტრზე სიმინდი დავთესე. მოკლედ, ახლა დასვენების დრო საერთოდ აღარ მაქვს.
ბავშვობაში ბებოს აგარაკზე ბავშვები ვიკრიბებოდით და დილიდან საღამომდე ქუჩაში ვთამაშობდით. ბავშვები ძალიან ბევრნი ვიყავით. ერთხელ მეზობელმა საიდუმლო გაგვანდო, რომ ოდესღაც მის ნაკვეთზე განძი იყო ჩაფლული. მან განძის პოვნა შემოგვთავაზა, რუკაც კი მოგვცა. მთელი ბოსტანი გადავთხარეთ, მაგრამ განძი ვერ ვიპოვეთ. ამის შემდეგ ჩვენი მეზობელი ტკბილეულით გაგვიმასპინძლდა. როდესაც გავიზარდე, მის ჩანაფიქრს მაშინ ჩავწვდი.
მშობლებთან ერთად აგარაკზე წავედით. მამაჩემს ღობე უნდა გაეკეთებინა. მოვამზადეთ ფიცრები, ლურსმნები, იარაღები. ახლა მანძილი უნდა გაგვეზომა. აღმოჩნდა, რომ საზომი ლენტი არ გვქონდა. მეზობელს მივმართეთ და მან გვათხოვა. ის ძალიან ძველი აღმოჩნდა. მე და მამაჩემმა გაზომვა დავიწყეთ, მონაცემები უნდა ჩაგვეწერა, მაგრამ ძალიან გავოცდით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ლენტს ციფრები აღარ ეტყობოდა. ძალიან ბევრი ვიცინეთ, სიძველის გამო მასზე ყველაფერი წაშლილიყო.
გაზაფხულზე გოგრის თესლი ვიყიდე. ვფიქრობდი, რომ ჰელოუინისთვის კარგი სიურპრიზი იქნებოდა. დავთესე, ვუვლიდი, გოგრები კი ფორთოხლის ზომის გაიზარდა და მეტს აღარ იზრდებოდა. მიზეზი მეზობელს ვკითხე, რომელიც გამოცდილი მებაღეა. მან ამიხსნა, რომ ეს გოგრის დეკორატიული ჯიში იყო.
ბებოს ბოსტანში დიდი ყაბაყი ვნახე, მოვწყვიტე და სახლში წამოვიღე. დედას ვუთხარი, რომ ყაბაყის ბლინები გაეკეთებინა. მან კი სიცილი დაიწყო და მითხრა, რომ ეს სათესლე კიტრი იყო.
ჩვენს აგარაკზე პატარა ვაშლის ხე იზრდებოდა და ყოველ გაზაფხულზე თავისი ყვავილობით გვახარებდა. ერთხელ ჩემს მეუღლეს ვკითხე, ეს ხე რამდენი წლის იქნებოდა. იგი დაფიქრდა. ცოტა ხნის შემდეგ რაღაც ხმა გავიგონეთ. ჩვენი ბიჭი მორბოდა და ხელში რაღაცა ეჭირა. მოგვიახლოვდა და ვნახეთ, რომ ხელში მოჭრილი ტოტი ეჭირა. მან თქვა, რომ სკოლაში ახლა ზუსტად ამას სწავლობენ, ანუ ღეროს რგოლების მიხედვით ხის ასაკის დადგენას.
ბებოს აგარაკზე შევნიშნეთ, რომ ღობის იქიდან საზამთროს ღერო იყო გადმოსული. ყოველ კვირა ბებიაჩემთან ერთად აგარაკზე მიდიოდი, იმ ღეროსთან მივირბენდი, დიდხანს ვიჯექი და ვუყურებდი. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეს საზამთრო კი არა, არამედ გოგრა იყო.