ცოტა ხნის წინ მაღაზიაში ვიყავი. იქ ერთი დედა-შვილი იყო. ბიჭი დაახლოებით ექვსი წლის იქნებოდა. ისინი საკმაოდ ღარიბულად იყვნენ ჩაცმული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მოწესრიგებულად გამოიყურებოდნენ. ბიჭი მაშინვე შევნიშნე, რადგან რაღაცნაირად მომეწონა. თვალებზე ეტყობოდა, რომ რაღაც უნდოდა, მაგრამ დამჯერი იყო და დედას არ სთხოვდა.
სანამ დედა პროდუქტებს ათვალიერებდა, ბიჭმა თაროდან ფლომასტერები აიღო, ამოისუნთქა, გადაატრიალა, შეხედა და შემდეგ ისევ თაროზე დადო. ის სხვადასხვა სტიკერებს ათვალიერებდა და დროდადრო ამოისუნთქებდა ხოლმე.
გეგონებოდათ, რომ პატარა მოხუცი კაცი იყო.
რა თქმა უნდა, დედამისი ამ ყველაფერს ხედავდა. მან ხელი მოხვია და ყურში ჩასჩურჩულა, რომ ამის ფული არ ჰქონდათ. ბიჭი არაფერს პასუხობდა, მხოლოდ ჩუმად იდგა და თავს უქნევდა.
ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გული დამეწვა. ჩემი ქალიშვილი გამახსენდა. ისიც არაფერს ითხოვდა
დასაფიქრებლად ორი წამიც არ დამჭირვებია. დარბაზი შემოვიარე, ავიღე ფლომასტერები, სტიკერები და სხვადასხვა ნივთები ბიჭებისთვის. ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ეს ყველაფერი ისე მიმეცა, რომ არავის სწყენოდა. ასეთ შემთხვევებში დაფიქრებაა საჭირო.
იმ მომენტს დაველოდე, როდესაც დედამისი სალაროსთან მივიდა, ბიჭი კი მისგან მოშორებით დარჩა.
მივუახლოვდი და ვუთხარი, რომ ამ მაღაზიაში საუკეთესო ქუდების კონკურსი ტარდებოდა და მან გაიმარჯვა. ეს სიტყვები ვუთხარი და ჩემს მიერ შეძენილი ნივთები გადავეცი.
იმ მომენტში მან რაღაცნაირად შემომხედა …
მისმა თვალებმა ერთი წლის წინანდელ პერიოდში დამაბრუნა, როდესაც მსგავს მზერას შევხვდი. ეს ბულგარეთში მოხდა. უკვე მრავალი სასამართლო ჩატარდა და ჩვენ აშკარად ვაგებდით. ბავშვს მართმევდნენ. ფული კი იმდენი მქონდა დარჩენილი, რომ მხოლოდ ფინჯანი ყავისთვის მეყოფოდა. გადავწყვიტე, რესტორანში შევსულიყავი გასათბობად და აზრების დასალაგებლად.
ერთ-ერთ რესტორანში შევედი, იქ კი ბინგოს თამაშობდნენ. იმ დროს არც კი ვიცოდი, რა თამაში იყო. მაგიდას მივუჯექი და ყველაფერი მომიტანეს, რაც თამაშისთვის იყო საჭირო. მე მაშინ ძალიან დიდი თანხის მოგება მოვახერხე, რომელიც იქვე გადმომცეს. იმ მომენტში ამას ჩემი გამარჯვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
მაშინ მეც სწორედ ასეთი თვალები მქონდა, როგორიც ამ ბიჭს.
როგორც კი ბიჭმა ნივთები გამომართვა, მაღაზიიდან მაშინვე გამოვვარდი. შინაგანად თავს უცნაურად ცუდად ვგრძნობდი. მხოლოდ იმაზე ფიქრი მითბობდა გულს, რომ დღეს ამ ბიჭს ბედნიერი საღამო ექნებოდა.