დედის ბრძნული პასუხი, რომელმაც ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა

0
7225

ირაკლის თავისი შეყვარებული სახლში მიჰყავდა და თან ამშვიდებდა:

– ამდენს ნუ ღელავ! შესანიშნავი დედა მყავს. ის ყოველთვის მხარს უჭერს ჩემს ყველა გადაწყვეტილებას. მე უკვე ზრდასრული ვარ და თავად შემიძლია ყველაფრის გადაწყვეტა!

ირაკლიმ ნინი სახლში მიიყვანა და დედამისი გააცნო.

-დედა, გაიცანი ეს ნინია, ჩემი შეყვარებული. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვიცხოვროთ, – უთხრა ირაკლიმ დედას.

-გამარჯობა, – ჩუმად ჩაილაპარაკა ნინიმ.

-საღამო მშვიდობის! მიხარია თქვენი გაცნობა! მობრძანდით, სამზარეულოში გავიდეთ. წვნიანი მოვამზადე, კატლეტები შევწვი, წიწიბურას ფაფაც მაქვს. თქვენ მიირთვით, მე კი ირაკლის ნივთებს ჩავალაგებ. სამზარეულოში მიბრძანდით, – მშვიდად თქვა ნანამ.

-დედა, ვერაფერი გავიგე, ჩემი ნივთები რისთვის უნდა ჩაალაგო? ხომ ვთქვი, რომ მე და ნინიმ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ? – თქვა ირაკლიმ და დედას შეხედა.

-ყველაფერი მშვენივრად გავიგე, შვილო. თქვენი ამბავი ძალიან მიხარია. შენ ხომ ზრდასრული და დამოუკიდებელი ხარ. გამოდის, თავად შეგიძლია გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება. შენ ნინისთან ერთად გინდა ცხოვრება. მე წინააღმდეგი არ ვარ. თქვენ მიირთვით, მე კი შენს ნივთებს ჩავალაგებ, – უპასუხა ნანამ თავის შვილს.

-ჩემს ნივთებს რატომ ალაგებ? ფიქრობ, რომ ჩვენ ცალკე ვაპირებთ ცხოვრებას? – გაკვირვებულმა იკითხა ირაკლიმ.

– დიახ, შვილო. ზუსტად ასე ვიფიქრე. რადგან ოჯახის შექმნა გადაწყვიტე, ესე იგი, შენ ყველაფერზე კარგად დაფიქრდი და მზად ხარ პასუხი აგო საკუთარ ქმედებებზე. შენ ხომ უკვე იფიქრე ყველაფერზე: სად იცხოვრებთ და სად გამოიმუშავებ ფულს საკუთარი ოჯახის შესანახად. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი დამოუკიდებელი ხარ! – თქვა ნანამ.

-ზოგადად, ჩვენ ამ ბინაში ვაპირებდით ცხოვრებას, შენთან ერთად, – დაბნეულად უპასუხა ირაკლიმ.

-აქ? ჩემთან ერთად? ჩემი აზრით, ნინის არ მოეწონება დედამთილთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. თავიდან ვეცდებით, რომ ერთმანეთს ვასიამოვნოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად დავიწყებთ კამათს და ჩხუბს: ერთ სახლში ორი დიასახლისი არ შეიძლება. გავა დრო და ჩვენ ერთმანეთი შეგვძულდება. ჩხუბი თქვენც მოგივათ, ჩემზე ნაწყენები იქნებით. ნუთუ ეს გვჭირდება? მე, მაგალითად, ასე ცხოვრება არ მინდა. ნინი, შენ? – სერიოზული ხმით იკითხა ნანამ.

-არა. ასე ცხოვრება არც მე არ მინდა, – ხმადაბლა უპასუხა ნინიმ.

-აი, ხომ ხედავ, შვილო. ასეთი ცხოვრება არც მე და არც ნინის არ გვჭირდება. თქვენ ზრდასრული ადამიანები ხართ და ცალკე უნდა იცხოვროთ. თქვენ საკუთარი ცხოვრება უნდა გქონდეთ. თქვენ გადაწყვიტეთ ერთად ცხოვრება და იცხოვრეთ. ბედნიერებას გისურვებთ! – თქვა ნანამ.

-დედა, რას ლაპარაკობ? სად ვიცხოვრებთ? გვაგდებ? ნინი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, მე იქ ცხოვრების უფლებას არ მომცემენ. ნინის მშობლები კი შორს ცხოვრობენ. ჩვენ სწავლაც დასამთავრებელი გვაქვს. ბინა უნდა ვიქირაოთ? ჩვენ ხომ არ ვმუშაობთ. ფული სად ვიშოვოთ? ან რით ვიცხოვრებთ? – აღელვდა ირაკლი.

-თქვენ ხომ ზრდასრულები ხართ. ერთად ცხოვრება გადაწყვიტეთ, ესე იგი, ყველაფერი მოფიქრებული გაქვთ. დაუსწრებელზე გადახვალ, მუშაობას დაიწყებ და ფულს გამოიმუშავებ, ბინის ქირის გადასახდელად და ოჯახის სარჩენად. ეს მარტივი არ იქნება. მაგრამ რადგან ასე ძლიერ გიყვართ ერთმანეთი, ყველაფერს გადალახავთ. ერთად ყველაფერს გაუმკლავდებით. ნინი, მეთანხმებით? – იკითხა ნანამ.

გოგონა დიდხანს დუმდა, შემდეგ კი ჩუმად წარმოსთქვა:

-დიახ, რა თქმა უნდა.

-შესანიშნავია. ერთმანეთი გიყვართ – ეს ყველაზე მთავარია. ახლა კი, მიბრძანდით სამზარეულოში და მიირთვით. მე კი ამასობაში ირაკლის ნივთებს ჩავალაგებ. ცოტაოდენ ფულს მოგცემთ, შემდეგ კი საკუთარი თავი თავად უნდა უზრუნველყოთ, – თქვა ნანამ და ირაკლის ოთახისკენ გაემართა.

-დედა, მოიცადე! ჯერ არ ჩაალაგო ჩემი ნივთები. ნინის უნდა დაველაპარაკო.

ირაკლი და ნინი გარეთ გავიდნენ. ნანას ძალიან სურდა მათი დაბრუნება, მაგრამ თავი შეიკავა.

ფანჯარასთან მივიდა და შვილს და მის შეყვარებულს აკვირდებოდა. ისინი ეზოში იდგნენ და რაღაცას ცხარედ განიხილავდნენ. შემდეგ ნინი შებრუნდა, ხელი ჩაიქნია და წავიდა. ირაკლი კი უბრალოდ იდგა და უყურებდა, როგორ მიდიოდა…