6 წლის ვხდებოდი, როდესაც ერთ დღეს გავიგე, რომ დედაჩემი პატარა დის საყიდლად წავიდა.
დიდ ხანს არ გამოჩენილა, ზუსტად არ მახსოვს რამდენ ხანს.
მერე სახლში არეულობა შეიქმნა, ვისაც არ დაეზარა ყველა მოვიდა, ისინიც კი, ვისაც საერთოდ არ ვიცნობდი. ყველას აინტერესებდა, შეკვრა რომელიც საწოლზე იყო. ეფერებოდნენ, ხელში იყვანდნენ. საბრალო ბავშვის პაროდიებს აკეთებდნენ.
მერე გავიგე, რომ ის ჩემი და იყო.
ასეთმა თოჯინამ და თანაც ცოცხალმა, რა თქმა უნდა, მიიპყრო ჩემი ყურადღება. დედაჩემს გამოკითხვა დავუწყე.
ვკითხე: “უკეთესი არაფერი იყო?” და “ყვირილი რატომ უყვარს?”
აი, ასე შევიძინე კიდევ ერთი ნათესავი.
მივხვდი, რომ ჩემი სამყარო ახლა ძველებური აღარ იქნებოდა. ყველაფერი, რაც ჩემია, მისიც გახდებოდა.
ჩემი თავი თითქოს დაავიწყდათ, ყურადღებას აღარ მაქცევდნენ…
ახლა მას თვალყურის დევნება და გასეირნება ესაჭიროებოდა. ხმაური არ შეიძლებოდა – დაიკო გაიღვიძებს.
ცოტა ხანში ფეხები გაეზარდა და ყველგან ცოცვა დაიწყო – მუდმივი ყურადღება ესაჭიროებოდა და ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მე თავადაც ცოცვა მინდოდა.
ერთხელ ყურადღება ვერ მივაქციე და დაეცა.
დედა გაბრაზდა, მაგრამ რა მექნა. მე ყველგან ვერ დავცოცავ.
ფეხზე წამოდგა და ყველგან დახეტიალობდა, ხტუნავდა. ამას არა უშავს – ახლა მისთვის ყველაფერი უნდა გამეზიარებინა: სათამაშოები, ტკბილეული, საიდუმლოებები. ჩემს ბავშვურ მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა.
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ახლა მის გარეშე ვერსად ვერ მივდიოდი, საერთოდ ვერსად. ქუჩაში გართობა მინდოდა – არა, შენს დას მიხედე. მე თვითონაც ხომ პატარა ვარ, სხვა საქმე არ მაქვს?
ახლა უყურე, რომ პირში არაფერი ჩაიდოს, ხოჭოები არ შეჭამოს და კაბა არ გაითხუპნოს.
ჩემი ცხოვრება მე აღარ მეკუთვნოდა. მისი წუწუნის გამო იძულებული ვიყავი სახლში წამეყვანა საჭმელად ან საპირფარეშოში შესაყვანად.
ყველაფერი მხოლოდ უარესდებოდა. ცოტა ხანში ის ყველაფერს ავლებდა ხელს, რასაც მე თავადაც მხოლოდ მნიშვნელოვან დღეებში ვეხებოდი.
ერთხელ სკოლიდან მოვედი და ვნახე, რომ ჩემი პომადის კვალიც აღარ დარჩენილიყო. უფრო სწორედ, დარჩენილიყო, ოღონდ სარკეზე, ავეჯზე და ჩემს დაზე. ჩრდილები წყლით განეზავებინა. ფანქრები ჰქონდა და რა საჭირო იყო ჩემი ტუშით ხატვა? ძალიან გავბრაზდი.
ვცემე, მერე კი – დედამ მე მცემა.
ყველაფერი მომბეზრდა და სახლიდან გაქცევა გადავწყვიტე. მერე გადავიფიქრე, რადგან დედაჩემს გემრიელი სადილი მოემზადებინა.
მეორე დღეს მასწავლებელმა რვეულები შეგვიმოწმა. ჩემი რვეული ამ პატარა მყვირალა არსებას უბრალოდ გაენადგურებინა. ყველგან მისი ნაჯღაბნი იყო. საყვედური გამომიცხადეს და დღიურში აღნიშნეს.
სულ ვფიქრობდი, საიდან ჰქონდა მას ამდენი ენერგია: კედლებზე ტუშით ხატავს, ჩემს რვეულში კი – ფლომასტერებით. მომავალი ვან გოგი იზრდება.
მთელი რვეულის გადაწერა მომიწია, რადგან მაიძულეს ამის გაკეთება. დამნაშავე მაინც მე გამოვედი. ანუ საკუთარ ნივთებს უკეთესად უნდა მიხედოო. როგორ მივხედო?
არ მესმოდა, რატომ იყო სამყარო ასეთი სასტიკი და რატომ შემობრუნდა იგი ჩემს წინააღმდეგ. ეს პატარა არსება ხვრინავდა და ღამით ხშირად დარბოდა საპირფარეშოში ლიმონათის გამო, რომლის გემოსაც კი არ მასინჯებდა.
მასწავლებლადაც მაქციეს – მისთვის ყველაფერი უნდა ამეხსნა და მეჩვენებინა. ჩემთვის არავის არაფერი უჩვენებია.
მაღიზიანებდა ის, რომ როდესაც ის აშავებდა, ყველა პატიობდა. მე კი გამუდმებით მიყვიროდნენ.
სკოლაში წავიდა და ცუდი აღზრდა მალევე გამოვლინდა: მაშინვე ოროსანი გახდა. ასეთი დის გამო მრცხვენოდა.
ახალი პასუხისმგებლობები დამეკისრა: უნდა დავხმარებოდი საშინაო დავალებების მომზადებაში, მაგალითების ამოხსნაში, წესების სწავლაში, კონტურული რუკების შევსებაში. ეს უბრალოდ საშინელება იყო – საკუთარი ცხოვრება არ მქონდა.
უამრავჯერ მიჩხუბია იმის გამო, რომ საშინაო დავალების მომზადება არ უნდოდა.
სახლში ჩაკეტვა და გასაღებების დამალვა მიწევდა. სასწავლებლად ვერაფრით დასვამდი. მე ასეთი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნათესავები საერთოდ არ ვართ.
ერთხელ მან მითხრა, რომ გაკვეთილები უკვე მოამზადა და მშობლიურ ენაში დავალება არ ჰქონდა.
მე არ ვენდობოდი – გადავწყვიტე პირადად გადამემოწმებინა და ჩუმად ავიღე მისი რვეული. თხზულებაში 5 და 2 მიეღო. 5 შინაარსისთვის და ორი კი – შეცდომებისთვის. ხუმრობა ხომ არ არის 40 შეცდომა. მაიმუნის ნაწერს გავდა.
ყველაზე დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, მე მეთმობოდა. გადავიკითხე.
შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო:
“მე მყავს და. ის ჩემზე ექვსი წლით უფროსია და ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია, რომელსაც შემიძლია ჩემი საიდუმლოებები ვანდო.
ის არასოდეს მებუტება, ყოველთვის მეხმარება და რთულ საკითხებს მარტივი სიტყვებით მიხსნის. ის ჩემთვის ძალიან ბევრს აკეთებს, ზოგჯერ საკუთარი თავის საზიანოდაც კი.
ის არის ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი გოგონა, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს.
მასთან არ მოიწყენ, მან ხუმრობების მოფიქრება იცის. მას შეუძლია სხვადასხვა ისტორიების მოყოლა და ამას ჩვენს მასწავლებლებზე უკეთესად აკეთებს.
ის ოსტატურად მიკრავს თმას, ორიგამის გაკეთებაში მეხმარება და სიმღერებს მასწავლის.
ის ჩემი მფარველია. ჩემთვის ყოველთვის მთასავით დგას. ერთხელ გაბოროტებული ბატებისაგან დამიცვა. ჩემს დას ბიჭების არ ეშინია და ყოველთვის შეუძლია საკუთარი თავისა და ჩემი დაცვა.
ერთხელ ნესტარიც კი ამომაძრო, როდესაც ფუტკარმა მიკბინა.
მან თხილამურებით და ციგით სრიალი მასწავლა. მას ეს კარგად გამოსდის, რადგან ის სკოლაში უძლიერესი სპორტსმენია. ბიჭებზე ძლიერი.
ხანდახან ის თავის პომადას და ჩრდილებს მაძლევს, რათა პატარაობიდანვე ვისწავლო, რომ ლამაზი და მოდური ვიყო.
მან ლამაზად ლაპარაკი იცის, თითქოს უკვე მეცნიერების პროფესორია.
კიდევ, მას გამუდმებით დასდევენ ბიჭები და მასთან დალაპარაკებას ცდილობენ. გასაოცარი არაფერია, ის ხომ სილამაზის დედოფალს ჰგავს.
ის საუკეთესო მოსწავლეა. წითელ დიპლომზე ამთავრებს. წითელი დიპლომი ხუმრობა არ არის. სცადე და დაიმსახურე! მხოლოდ საუკეთესოები იღებენ მას.
მას მშობლებზე უკეთ ესმის ჩემი, რადგან ცოტა ხნის წინ ისიც პატარა იყო და ჩემი პრობლემები მისთვის ნაცნობია. ის ჩემი ადამიანია. შეიძლება ჩემზე უფროსია, მაგრამ ჩემთვის მასთან ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე თანატოლებთან. ხშირად მინდა მისი შექება ან ჩახუტება, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.
ის ჩემზე ზრუნავს და მეც ვიზრუნებ მასზე“.
აი, რა დაწერა მან. ეს ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და საამური. მრავალი წელი გავიდა. უკვე გათხოვილი ვარ და საკუთარ შვილს ვზრდი, მაგრამ ჩემი დის ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება. ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს – ხშირად ერთად ვატარებთ დროს. ასაკთან ერთად მივხვდი, რომ ის რომ არა, ჩემი ბავშვობა ასეთი მრავალფეროვანი არ იქნებოდა. კარგია, რომ იმ დღეს პატარა მყვირალა არსება მოიყვანეს.