პატარა ლუკა გასახდელში სკამზე იჯდა და მოთმინებით ელოდა, სანამ გამოუცვლიდნენ. ქალმა ბიჭს სველი კომბინეზონი და ჩექმები მალ-მალე გახადა, მამაკაცი კი მისთვის მშრალი თბილი ჩუსტების ჩაცმას ცდილობდა.
-ჩქარა, ლუკა, ჩქარა! ყველა ბავშვი უკვე მაგიდასთან ზის, ჩვენ კი ჯერ არ გამოგვიცვლია. ჩქარა! – ამბობდა ქალი.
ლუკა ჩუმად იჯდა და იატაკს უყურებდა, როდესაც ტანსაცმელი გამოუცვალეს, მან ქალს თვალებში ჩახედა და ძლივს გასაგონი ხმით ჩასჩურჩულა:
-ირმაა, როდის წამიყვანთ? ძილის შემდეგ? თუ საღამოს?
-ისევ დაიწყე? – თავი ვერ შეიკავა მამაკაცმა. – დღეს ვერ წაგიყვანთ, ქალაქიდან მივფრინავთ. ქალაქში არ ვიქნებით. რამდენიმე დღეს აქ გაატარებ, მერე კი წაგიყვანთ.
-რამდენიმე დღე რამდენია? როდის შეძლებთ ჩემს წაყვანას? – მუდარის მზერით შეხედა ლუკამ მამაკაცს.
-ძალიან გვეჩქარება! – დაიყვირა მან და კარიდან გავარდა. – ირმა, იჩქარე, არ დაგველოდებიან, თვითმფრინავი ჩვენს გარეშე გაფრინდება!
მამაკაცის გასვლის შემდეგ, ქალი ბიჭის წინ სკამზე ჩამოჯდა, ხელები ჩამოუშვა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
-ირმა, მიყვარხარ… – ჩასჩურჩულა ლუკამ.
-რა მოხდა, ძვირფასო? რა მოგივიდა? ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა ხანს აქ იქნები, ბავშვებთან, შემდეგ კი სახლში წაგიყვანთ.
ამ დროს ის კიდევ უფრო ძლიერად ატირდა და ბიჭს ჩაეხუტა.
-საჩუქარი ხომ არ დაგავიწყდება? ჭკვიანად ვიქნები, გპირდები.
-რას ამბობ, ძვირფასო, როგორ დამავიწყდება. რა თქმა უნდა, საჩუქარს აუცილებლად მოგიტან.
-შენ რატომ ტირი? – ჰკითხა ლუკამ.
-ყველაფერი კარგადაა, ძვირფასო, ყველაფერი კარგადაა. გაიქეცი, მაგიდას მიუჯექი. ჩემი წასვლის დროა.
მან ოთახის კარი გააღო და ბავშვს ნაზად უბიძგა. ლუკა შევიდა და ცარიელ სკამზე დაჯდა. ძიძა მაშინვე მიუახლოვდა და საჭმელი მიუტანა. დღეს ბავშვთა სახლში მისი საყვარელი ბორში იყო, აგრეთვე იყო კატლეტი და ბრინჯი ბოსტნეულით.
-აბა, ისევ ჩვენთან ხარ? – თავზე ხელი გადაუსვა ქალმა.
-დიახ, მაგრამ დიდი ხნით არა. რამდენიმე დღეში ისევ წამიყვანენ.
-რა თქმ აუნდა, წაგიყვანენ… – ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ქალმა. მოვლენ…
ბავშვებმა და ლუკამაც ჭამა დაიწყეს. ძიძა გასახდელში გავიდა და კარი მიხურა. ამ დროს გასახდელში ქალი და მამაკაცი შემოვიდნენ და დიდი ჩემოდანი შემოიტანეს.
-ეს ლუკას ნივთებია. ყველაფერი ვიყიდეთ, რაც გვითხარით.
-ამდენი რატომ იყიდეთ? კარადაში არ დაეტევა! ნახევრის სახლში წაღება მოგიწევთ, ამდენი სად დავალაგო?
-სახლში რატომ? ჩვენ რაში დაგვჭირდება? – აღშფოთდა მამაკაცი.
-მე საიდან ვიცი, ამაზე თავად უნდა გეფიქრათ, – ცივად უპასუხა ძიძამ.
ჩემოდანი სკამზე დადეს, გახსნეს და ქალმა ბავშვის ნივთების კარადაში გადატანა დაიწყო. ყველაფერი დაეტია, მაგრამ კარები არ იკეტებოდა.
-მორჩა, – სევდიანად თქვა ქალმა.
-ირმა, სწრაფად, თვითმფრინავი არ დაგველოდება.
-გაფრინდით, მფრინავებო! – მიაძახა ძიძამ.
გასასვლელში ქალი შემობრუნდა და ძიძას ჩასჩურჩულა:
-ასე რატომ გვექცევით? ჩვენ ხომ ვცადეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენს ძალებში იყო. ყველაფერი უშედეგოდ. ეს მუდმივი ინექციები, წვეთოვანები, ძვირადღირებული მედიკამენტები. ჩემი ქმარი ბრაზობს, მე კი მისი დაკარგვის მეშინია… სწორად გამიგეთ…
-ცუდია, რომ მოატყუეთ სამ დღეში წაგიყვანთო. ახლა დაგელოდებათ და ინერვიულებს. სიმართლე უნდა გეთქვათ, რატომ ატყუებთ?
-ვერ შევძელით… სიმართლის თქმა ვერ შევძელით. ის ამას ვერ გადაიტანდა და ვერც მე… დირექტორს გავესაუბრეთ და ასე მოვილაპარაკეთ. ჯერ სამი დღე, შემდეგ კი ვეტყვით, რომ ცოტა ხანს კიდევ ვერ წავიყვანთ, მერე კი დავავიწყდებით.
-როგორც გინდათ, ისე მოიქეცით, მე ვერაფერს მიგითითებთ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ არ დაურეკავთ. რაც მალე გაიგებს და შეეგუება ამას, მით უკეთესი იქნება. გაიქეცით, თქვენი თვითმფრინავი თქვენ არ დაგელოდებათ. კარგად იყავით.
-მშვიდობით!
თქვა ქალმა და კარს მიღმა გაუჩინარდა. ლუკა მთელი ამ ხნის განმავლობაში კარებთან იდგა.
-რა მოხდა, ძვირფასო? რატომ არ ჭამ?
-უკვე წავიდნენ?
-დიახ, წავიდნენ. წავიდეთ გამოვიცვალოთ. ძილის დროა, შენ კი საღამური არ გაცვია.
ლუკა და ძიძა ჯგუფში დაბრუნდნენ. მან გამოიცვალა და თავის საწოლში ჩაწვა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. იმ დღეს მას არ ეძინა, ვერ დაიძინა. ის ღელავდა და თავში უამრავი ფიქრი უტრიალებდა.
ორმა საათმა რამდენიმე წამივით გაიფრინა. ზარი დაირეკა. ბავშვებმა გაიღვიძეს. საძინებელი ახმაურდა. ბავშვებმა ტანსაცმლის გამოცვლა დაიწყეს. ლუკამაც გამოიცვალა. ის გასახდელში შევიდა.
-როგორც იქნა, ძვირფასო, რამდენი ხანია გელოდებით! ამდენი ძილი როგორ შეიძლება? – მხიარულად ეუბნებოდა ქალი.
ლუკა თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მას ეგონა, რომ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა.
-უკვე? აბა, სამი დღეო? – იკითხა ბიჭმა.
-ფრენა გაუქმდა, ჩვენ არსად არ მივფრინავთ. მოემზადე, სახლში მივდივართ!
-სახლში, დედა?!
ძიძამ ამოისუნთქა და სწრაფად დაიწყო ლუკას ნივთების ისევ ჩემოდანში ჩალაგება.