რჩევები, როგორ გაზარდოთ მარწყვის ნერგი და როდის გადარგოთ ღია გრუნტში

0
259

თებერვალი იწურება, თბილი, მზიანი დღეები ნელ–ნელა იმატებს. უკვე შეგვიძლია პარკში სუფთა ჰაერზე მეტი დრო გავატაროთ და სააგარაკო სეზონისთვის მომზადება დავიწყოთ. კერძოდ სხვადასხვა კულტურის ნერგები გაზარდოთ. თითქმის ყველა მეაგარაკე კარტოფილს, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხალს და კიტრს რგავს, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი ბოსტნეულით ვიტამინებით მდიდარი სალათები და სხვადასხვა კერძი მოამზადოს. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ კენკრა. საკუთარ ბოსტანში დაკრეფილი კენკრის ჭამა ნამდვილი ნეტარებაა. ზოგიერთი კენკრის ნერგის გაზრდაზე ფიქრი უკვე უნდა დაიწყოთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ დათესოთ მარწყვი ნერგის გასაზრდელად და როდის გადარგოთ ღია გრუნტში.

რჩევები მარწყვის დასათესად

  1. მარწყვს ნოყიერი და მჟავე მიწა უყვარს. კარგ ვარიანტებს მაღაზიაში იპოვით, თუმცა თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
  2. ფანქრით, სახაზავით ან თითით მიწა რამდენიმე ადგილას 0,5 სმ–ზე ჩააღრმავეთ.
  3. კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი მოამზადეთ და ორმოებში ჩაასხით.
  4. მარწყვის თესლები ორმოებში ჩადეთ. მიწის მოყრა საჭირო არაა.
  5. ქოთანს პარკი დააფარეთ. თბილ ადგილას გაიტანეთ. დაახლოებით 22 გრადუსი უნდა იყოს. პრეტენზიულ მარწყვს კარგი განათება სჭირდება. ხელოვნური განათების გამოყენება კარგი იდეაა.
  6. მოსარწყავად პარკი მოხსენით და შემდეგ ისევ დააფარეთ. მიწა ზედმეტად არ გამოაშროთ.

ამ წესების დაცვით მარწყვის მოსავალი გაგახარებთ. დათესვიდან 15-20 დღეში პირველი ყლორტები გამოჩნდება. როგორც კი 5-6 ნამდვილი ფოთოლი გამოჩნდება, ჩითილებად შეგიძლიათ დაყოთ. ამ მიზნით პლასტმასის ჭიქები გამოიყენეთ. ჭიქებში ფხვიერი მიწა ჩაყარეთ და გაყოფილი ნერგები გადაიტანეთ. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ბოსტანში შეგიძლიათ გადარგოთ. ამინდს დააკვირდით.

მთვარის კალენდარი და მარწყვი – მარწყვის დასათესად მთვარის კალენდარში ხელსაყრელ და არახელსაყრელ დღეებს გადახედეთ. მაგალითად, 6, 19 და 20 თებერვალში მარწყვის დათესვა არასასურველი იყო. თუ ამ დღეებში დარგეთ, ძლიერი და ჯანსაღი ნერგების მიღების დიდი იმედი არ გქონდეთ. მოსავალი მწირი იქნება. 1, 2, 21, 22 და 28 თებერვალს მარწყვის დათესვა კარგია. მთვარის გავლენით ამ დღეებში დათესილი მარწყვი კარგად გაიზრდება.

წესების დაცვით კარგ ნერგს, შესაბამისად მსხვილ და ტკბილ კენკრას მიიღებთ. შეგახსენებთ, მარწყვს ნაკვეთზე მზიანი ადგილი უნდა შეურჩიოთ, რადგან კენკრის ზომა და სიტკბო მიღებული მზის სინათლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ სეზონზე კენკრის მოსავლის რამდენჯერმე აღება გსურთ, რემონტანტული მარწყვი დათესეთ.