კლარა ახალ ადგილს ვერაფრით ვერ მიეჩვია. წარსულში ის ქარხნის მთავარი ინჟინერი იყო, სამი შვილი გაზარდა და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სიბერეში მოხუცთა სახლში აღმოჩნდებოდა.
ადრე ქალი სავსე, საინტერესო და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. ის მთელ დროს სამსახურსა და სახლს უთმობდა. ოჯახს გონივრულად უძღვებოდა, ის ვაჟს და ორ ქალიშვილს ზრდიდა და სამსახურშიც ბოლომდე იხარჯებოდა.
თუმცა, აღზრდასთან დაკავშირებით რაღაც კარგად ვერ წარიმართა… მიუხედავად კლარას მცდელობისა, რომ შვილებისთვის ადრეული ასაკიდანვე ესწავლებინა ახლობლებზე ზრუნვა და ელემენტარული სიკეთის კეთება.
დადგა დრო, როდესაც ის მოხუცდა და უმწეო გახდა. ამ მდგომარეობაში ის თავის შვილებს აღარ სჭირდებოდა. ბიჭი 25 წლის მანძილზე არ ენახა. ის სამუშაოდ სახალინზე გაემგზავრა და იქ დარჩა. ბიჭი წელიწადში რამდენჯერმე დედამისს მისალოც ბარათებს უგზავნიდა. გოგოები მასთან ახლოს ცხოვრობდნენ, მაგრამ თითოეული მათგანი საკუთარი ოჯახის პრობლემებით იყო დაკავებული…
ბებია კი ფანჯარასთან იდგა და ტიროდა. გარეთ თოვლიანი ზამთარი იდგა, ციდან ფიფქები ნელ-ნელა ცვიოდა, იქ კი, ქალაქში, ცხოვრება ჩქეფდა.
ახალი წლის წინა დღეს ხალხი სახლებისკენ მიიჩქაროდა, მათ საჩუქრები და ნაძვის ხის სათამაშოები მიჰქონდათ. კლარამ თვალები დახუჭა და მოზღვავებული მოგონებების გამო გაეღიმა. ადრე ის, როგორც ყველა, ამ დღესასწაულის მოლოდინში ცხოვრობდა. მისი მოახლოება პატარა ბავშვივით უხაროდა.
ის სწორედ ამ დღეს იყო დაბადებული. სახლში ყოველთვის სტუმრები ჰყავდა, ისინი ამ დღეს აღნიშნავდნენ და მხიარულობდნენ. ახლა კი ის მარტო იყო, პატარა ოთახში, დილიდან მისი ოთახის მეზობელიც კი სადღაც დაიკარგა. ალბათ მას მოწყენილ კლარასთან ერთად ჯდომა მობეზრდა.
უცებ კარზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით, – წარმოთქვა ქალმა.
ოთახში მის მეზობელთან ერთად სხვა მოხუცებიც შემოცვივდნენ.
-გილოცავთ დაბადების დღეს! დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ! – დაიყვირა ერთ-ერთმა და კლარას ნაქსოვი წინდები გადასცა.
-რა სასიამოვნოა! მოულოდნელიც! – დაიბნა კლარა. – გაგეფრთხილებინეთ მაინც.
-ეს სიურპრიზია! – თქვა მისმა მეზობელმა და კლარას ლამაზი ტორტი მიაწოდა.
ბებიები გვიანობამდე დარჩნენ. ჯერ დაბადების დღე იზეიმეს, შემდეგ კი ახალ წელს შეხვდნენ. სიმღერები იმღერეს, წარსული გაიხსენეს. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, შვილები არავინ გაიხსენა. უფრო სწორედ კი, ეს ყველასათვის დახურული და უსიამოვნო თემა იყო. ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც ამ მოხუცთა სახლში ცხოვრობდა.
კლარა გამოცოცხლდა კიდეც, თვალებიც გაუბრწყინდა, ქალების მოსვლამდე კი ის დამწუხრებული და მოწყენილი იყო. სტუმრები მხოლოდ გამთენიისას დაიშალნენ და საკუთარი ოთახებისკენ გაემართნენ.
კლარა დიდხანს ვერ იძინებდა, უკვე გათენებულზე ჩაეძინა.
-დედიკო! დედა! დაბადების დღეს გილოცავ! ახალ წელს გილოცავ! – სიზმარში ჩაესმა მას.
სიზმარში მას გაეღიმა. კლარას თავისი ბიჭი დაესიზმრა, ივანე. ის ნამდვილ ვაჟკაცად ქცეულიყო.
-დედიკო, გაიღვიძე! – ცუდად ხომ არ არის? – ჰკითხა მან მორიგეს.
-არა. მეგობრები ესტუმრნენ და დილამდე ახალ წელს აღნიშნავდნენ, – წარმოთქვა მან.
კლარამ თვალები გაახილა და საწოლიდან წამოხტა.
-ივანე! ესე იგი, არ მესიზმრებოდი? – ქალს სახეს ცრემლები უსველებდა. არც კი იცოდა, რა ეთქვა.
-რა თქმა უნდა, სიზმარი არ არის. დედიკო, მე გუშინ ჩამოვედი, სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. რატომ არ მითხარი, რომ ეკამ და ელენემ აქ ჩაგკეტეს? მეგონა, კარგად ცხოვრობდი და არაფერი გიჭირდა.
-ასეც არის. ყველაფერი კარგადაა. აი, დღეს დილამდე ახალ წელს და ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდით. – სევდიანი ხმით წარმოთქვა კლარამ.
-მორჩა, მოემზადე! მეჩქარება, ბილეთები უკვე ნაყიდი მაქვს. მატარებელი საღამოს გადის.
-სად მივდივართ, შვილო? – ვერ მიხვდა კლარა.
-სახლში, დედიკო. სახლში მივდივართ. არ ინერვიულო, ძალიან კარგი მეუღლე მყავს და უკვე გველოდება. თან შვილიშვილებსაც გაიცნობ.
-ივანე… ეს როგორ… მე მზად არ ვარ, – ისევ ტირილი დაიწყო ქალმა.
-ეს განხილვას არ ექვემდებარება, ჩქარა მოემზადე. მე შენ აქ არ დაგტოვებ.
კლარას ოთახის მეზობელი ამ სცენას ცრემლმორეული უყურებდა.
-მოემზადე, კლარა. რაღას ფიქრობ? აი, რა კარგი შვილი გყავს! ყოჩაღ!
-დიახ, ივანე შესანიშნავი ბიჭია. ის მამამისს ჰგავს! – გაიღიმა კლარამ და ნივთების ჩალაგებას შეუდგა.