ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანების შეფასებას პირველი დანახვისთანავე ვიწყებთ. თუ კარგი მანქანა ჰყავს, ძვირფასი ტელეფონი აქვს და კარგად აცვია, ესე იგი, ის პატივსაცემი პიროვნებაა. არადა, ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა და იგი შეიძლება ძალიან მატყუარა იყოს. იქნებ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია ადამიანი შინაგანად და რას წარმოადგენს?! პაპარაცის დღევანდელი სტატია სწორედ ამ თემას ეხება.
ცოტა ხნის წინ ჩვენი ფირმის თანამშრომლებმა შესანიშნავი გაკვეთილი მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ადამიანების შეფასება მათი თანამდებობისა და გარეგნობის მიხედვით.
ახლა ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ. ჩვენ მსხვილი სამშენებლო კომპანია გვაქვს. მე მთავარ ოფისში ვმუშაობ. ოფისში ერთი მამაკაცი მუშაობდა, რომელიც დაახლოებით 70 წლის იქნებოდა. ის ხელოსანი იყო და ყველაფერი ეხერხებოდა: საკეტის შეკეთება, ავეჯის გარემონტება და ელექტროობაშიც ერკვეოდა.
მას თანამშრომლები შენობით ელაპარაკებოდნენ და პატივისცემით არავინ ეპყრობოდა.
ნიკოლოზი ყოველთვის სუფთად და მოწესრიგებულად იცვამდა. ის ყოველთვის და ყველაფერს აკურატულად და დადგენილ ვადებში აკეთებდა. მე ის ძალიან მომწონდა. ყოველთვის მაკვირვებდა ის, რომ ნიკოლოზი ყველაფერში ასე კარგად ერკვეოდა: პოლიტიკაშიც და ტექნიკაშიც. ერთხელ ის ჩემი შვილის ფიზიკის ამოცანის ამოხსნაშიც კი დამეხმარა. ნიკოლოზი პირად საკითხებზე არასოდეს საუბრობდა, საკუთარი თავის შესახებ არაფერს ყვებოდა.
ერთხელ ნიკოლოზი, რომელიც სამსახურში არასოდეს აგვიანებდა, სამსახურში საერთოდ არ გამოცხადდა.
დაახლოებით 11 საათისთვის კომპანიაში საავადმყოფოდან დაგვირეკეს. ცუდი ამბავი შეგვატყობინეს: ღამით ნიკოლოზი ცუდად გამხდარიყო და სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაეყვანათ. მას ინფარქტი ჰქონდა. მესამე მწვავე ინფარქტი. დილით ნიკოლოზი გარდაიცვალა. სამსახურში ფული შევაგროვეთ, გვირგვინი ვიყიდეთ და მეორე დღეს ჩვენი ორი თანამშრომელი ნიკოლოზის დაკრძალვაზე წავიდა.
იმან, რაც მათ მეორე დღეს გვიამბეს, უბრალოდ გაგვაოგნა. ჩვენი ნიკოლოზი გენერალი იყო. ის ავღანეთში იბრძოდა და ბევრჯერ ყოფილა დაჭრილი. მას უამრავი ჯილდო ჰქონდა. მოგვიანებით ის სამხედრო აკადემიაშიც ასწავლიდა. ჩვენთან კი მაშინ დაიწყო მუშაობა, როდესაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა. ნიკოლოზის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი იყო. საზღვარგარეთიდანაც კი ჩამოვიდნენ ამ საოცარ ადამიანთან გამოსამშვიდობებლად. მას ყველა პატივს სცემდა, ყველა, ჩვენი ფირმის თანამშრომლების გარდა. ჩვენ ყველას ძალიან შეგვრცხვა. ამ ისტორიამ ბევრი რამ გვასწავლა.