საყვარელი ნივთები ბავშვობიდან, რომლებიც მთელი ცხოვრება გვახსოვს

63

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ 20 ისტორიას ბავშვობისდროინდელ საყვარელ სათამაშოებზე.

ცხოვრებაში ბევრს ჰქონია ისეთი სათამაშო ან ნივთი, რომლის მოგონებაც ნოსტალგიას იწვევს. ხდება ხოლმე, რომ ეს ნივთი სადღაც ქრება, მას აგდებენ ან სხვა ბავშვს ჩუქნიან.

ბავშვობაში ჩემი საყვარელი ფილმი იყო “ზენა – მებრძოლთა დედოფალი”. ერთ დღეს მამა სამსახურიდან დაბრუნდა და ზუსტად ისეთი ხმალი მომიტანა, როგორიც ზენას ჰქონდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ერთხელ ჩვენთან სტუმრად ჩემი მშობლების მეგობრები მოვიდნენ, მათ თავიანთი ვაჟი ახლდათ, ივანე. მას მთელი საღამო ხმლისთვის ხელი არ გაუშვია. საღამოს ჩემმა მშობლებმა მას ჩემი ხმალი აჩუქეს და თან იმას ამბობდნენ, რომ ჩვენი ქალიშვილი უკვე გაიზარდაო. იმ შემთხვევის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ მე ჩემს ხმალს ვერ ვივიწყებ.

ბავშვობაში ჩემი დის საყვარელი სათამაშო იყო რბილი ძაღლი – ბომბორა. ერთხელ სტუმრები გვეწვივნენ თავიანთ პატარა ქალიშვილთან ერთად და საღამოს, სახლიდან გასვლისას, ჩვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბომბორა იმ გოგოსთვის ეჩუქებინათ. ჩემმა დამ ძაღლი დედაჩემს ხელიდან გამოსტაცა, მაგრამ დედამ დაარწმუნა, რომ აუცილებელია, რომ სხვასაც გაუზიარო. ჩემი და ტირილით შეიყვანეს ოთახში, მაგრამ ძაღლი მანიც გააჩუქეს. ამის შემდეგ ჩემმა დამ დედაჩემის ნივთები ღარიბებს დაურიგა, რაც იმით ახსნა, რომ მათ სციოდათ და დახმარება ესაჭიროებოდათ.

პატარა რომ ვიყავი, სამნი ვცხოვრობდით – დედაჩემი, ბებია და მე. 10 წლის რომ ვიყავი, რეზინის სათამაშო მაჩუქეს, რომელსაც რატომღაც ძალიან მივეჯაჭვე. ერთხელ ბებიამ ეს სათამაშო ბიძაჩემს მისცა, მან კი ის მანქანის მილს ჩამოაცვა, საიდანაც გამონაბოლქვი გამოდის. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. 30 წელზე მეტი გავიდა, მე კი გამუდმებით ვახსენებ ბიძაჩემს ამ შემთხვევას.

სკოლაში, შრომის გაკვეთილზე, ფერადი მაისური შევკერე და სიამოვნებით ვიცვამდი. შემდეგ მშობლებთან რომ ჩავდიოდი, ჩემს ქმნილებას მეგობრებს ვაჩვენებდი და ვამაყობდი, რომ ეს მაისური 10 წლის ასაკში საკუთარი ხელით შევკერე. ახლახან დედაჩემთან სტუმრად ჩავედი და დერეფანში ფერადი ხალიჩა დავინახე. აღმოჩნდა, რომ დედაჩემმა ჩემი ქმნილება დაშალა და ფარდაგი მოქსოვა. არადა ის მაისური ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, როგორც მოგონება.

ბავშვობაში ჩემი სათამაშოები მუდმივად სადღაც იკარგებოდა. დედაჩემს ვეკითხებოდი, ის კი მპასუხობდა, რომ საკუთარ ნივთებს უკეთესად უნდა გავფრთხილებოდი. მე ჩემს სათამაშოებს ვეძებდი და ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც მათ პოვნას ვერ ვახერხებდი. ერთხელ დედაჩემი ჩვენთან სტუმრად მოვიდა და ჩემი შვილის სათამაშოებს ათვალიერებდა. მერე შემომთავაზა, რომ ნახევარი გადამეყარა, სანამ ჩემი შვილი არ გვიყურებდა. ამ დროს მივხვდი, თუ სად ქრებოდა ჩემი სათამაშოები.

დედას არ მოსწონდა, როცა ნივთი ძალიან გაცვეთილი იყო. ცისფერი სანდლები მქონდა და პრაქტიკულად ფეხიდან არ ვიხდიდი. ერთხელ მატარებლით სადღაც მივდიოდით და როდესაც მე მეძინა, დედამ ისინი მატარებლის ფანჯრიდან გადაყარა. ძალიან გავბრაზდი.

ბავშვობაში ჩემი საყვარელი სათამაშო იყო ძაღლი – მურია. ბევრი მეგობარი არ მყავდა და ხშირად ვავადმყოფობდი, მაგრამ ჩემი მურია ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ზაფხულში ბანაკში წავედი და ჩემი სათამაშო სახლში დავტოვე. სახლში დაბრუნების შემდეგ, ჩემი საყვარელი სათამაშო ვერ ვიპოვე. ახლა 40 წლის ვარ, მაგრამ დღემდე რბილ სათამაშოსთან ერთად მძინავს და ძალიან მენატრება ჩემი მურია.

20 წლის რომ ვიყავი, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, დედაჩემის სახლში ჩემს სათხილამურო ფეხსაცმელს ვეძებდი. ფეხსაცმელი ვერ ვიპოვე, რაზეც დედამ მითხრა, რომ ჩემი ჯარში ყოფნისას გადააგდო, რადგან ისინი საჭირო აღარ იყოო. ეგონათ, რომ ჯარიდან აღარ დავბრუნდებოდი?

ბავშვობაში მთელი ეზო “ფიშკას” ვთამაშობდით. ძალიან ბევრი მქონდა, მთელი ჩანთა. რაც მთავარია, ისინი არ მეორდებოდა. როდესაც მაღაზიაში ვყიდულობდი, დიდხანს ვეძებდი, რათა ისეთი მეპოვა, რომელიც არ მქონდა. ერთხელ, როდესაც მშობლებთან ჩავედი, დედაჩემმა მითხრა, რომ ისინი ეზოს ბავშვებს აჩუქა. ძალიან მეწყინა, რომ ჩემი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონებები სხვა ბავშვებს გადასცეს, მაგრამ სადარბაზოდან გამოსვლისას დავინახე როგორ თამაშობდნენ და ძალიან მესიამოვნა, რადგან ჩემი “ფიშკების” სიცოცხლე გრძელდება.

როდესაც დავიბადე, თოჯინა მაჩუქეს. ცოტა რომ წამოვიზარდე, მას ელენე დავარქვი. მე მას ვაბანავებდი, ვაჭმევდი და ველაპარაკებოდი. 13 წლამდე ეს თოჯინა ჩემს მაგიდაზე იჯდა, ერთ დღეს კი გავიგე, რომ თოჯინა ჩემმა დისშვილმა წაიღო და დაკარგა. ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა.

მე ძალიან მაგარი თოჯინა მაჩუქეს- მალვინა. მას ლურჯი თმა ჰქონდა და ხელ-ფეხი ეხრებოდა. დედამ, იფიქრა, რომ უკვე გავიზარდე და ის პირდაპირ ნაგვის ურნაში ჩააგდო. დიდხანს ვყოყმანობდი, მაგრამ ნაგვის ურნასთან მივედი და ჩემი თოჯინა გადავარჩინე. ის ჩემთან იყო, სანამ სასწავლებლად სხვა ქალაქში არ წავედი. მაშინ მე თვითონ ვაჩუქე ჩემი თოჯინა სხვა გოგონას.

ბავშვობაში მამამ დიდი რბილი მაჩვი მიყიდა. მე მას ყველგან თან ვატარებდი. უფროსი კლასის მოსწავლე რომ ვიყავი, საცხოვრებლად მამაჩემთან გადავედი, ის სხვა ქალთან და მის ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობდა. ერთხელ, როდესაც სკოლაში ვიყავი, დედინაცვალმა ჩემი სათამაშო დაწვა. საღამოს, ის და მისი ქალიშვილები დამცინოდნენ, მე კი ვცდილობდი არ მეტირა.

ჩემი ბავშვობის ყველა სათამაშო ერთ ყუთში შევინახე. მერე იმ სათამაშოებით ჩემი ძმისშვილები თამაშობდნენ.

ზაფხულში, სანატორიუმში, მთელ ჩვენს ჯგუფს საჩუქრები გადმოგვცეს. მე დიდი ვარდისფერი კურდღელი შემხვდა. მუსიკის გაკვეთილზე კურდღელი ფანჯარაზე დავდე. მასწავლებელმა მითხრა, რომ მოგვიანებით მომიტანდა, მაგრამ მე ის კურდღელი აღარ მინახავს. ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ ის დედამისთან გაიქცა.

ვარდისფერი დათვი მაჩუქეს, ალბათ ქორწილამდე მასთან ერთად ვიძინებდი. შემდეგ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ბავშვები და სხვა. როგორც ჩანს, სადღაც დაიკარგა. მას ხშირად ვიხსენებდი. ცოტა ხნის წინ მე და ჩემი ქმარი აგარაკზე წავედით, რათა გვენახა, შეიძლებოდა თუ არა მისი შეკეთება. სახლში შევედი და ჩემი ვარდისფერი დათვი დავინახე. ის 30 წლის მანძილზე ამ საწოლზე იჯდა და მელოდებოდა. ვყვიროდი და ამ დათვს ვეხუტებოდი. ახლა ის ისევ ჩემთანაა.

ყველაზე ნათელი მოგონება ჩემი ბავშვობიდან არის ის, თუ როგორ ბრუნდება ჩემი და ყინვაში სახლში და ხელში გლობუსი უჭირავს. აღმოჩნდა, რომ ყულაბა იყო. საღამოობით ვიჯექი და ქვეყნებს ვათვალიერებდი, შიგნით მონეტებს ვყრიდი. შემდეგ კი მშობლებმა ეს გლობუსი ვიღაცას აჩუქეს. ძალიან მეწყინა. მაგრამ ეს დღემდე მაინც ნათელ მოგონებად რჩება.

ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ნაგვის მანქანის მძღოლი ვყოფილიყავი, რათა სხვისი სათამაშოები ამეღო.

ადრე მამა საკოლექციო მონეტებს მიგზავნიდა. ერთ მშვენიერ დღეს ეს მონეტები ვერ ვიპოვე. აღმოჩნდა, რომ დედაჩემმა ამ მონეტებით მაღაზიაში რაღაც იყიდა. ეს მამაჩემის ერთადერთი სახსოვარი იყო.

ერთხელ ბიძაჩემმა ძალიან ლამაზი თოჯინა მაჩუქა, რომელსაც ტყავის ფეხსაცმელი ეცვა. ის დიდი იყო. მას ვეთამაშებოდი და დასაძინებლად რომ ვწვებოდი, მისი ხელი მეჭირა. ერთ დილას ჩემი თოჯინა ჩემს გვერდით ვერ დავინახე. მას ვერსად ვპოულობდი. ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. საიდუმლო 20 წლის შემდეგ გაირკვა. გაზეთებში გახვეული ჩემი თოჯინა ვიპოვე, რომელიც ბებიაჩემის კარადაზე იდო. ბებიას კითხვა დავუსვი, მან კი მიპასუხა, რომ თოჯინა განზრახ წაიღო, რადგან ისედაც ძალიან გათამამებული ვიყავი.

ბევრ ზრდასრულ ადამიანს დღემდე აქვს ჩვევა, რომ რბილ სათამაშოსთან ერთად დაიძინოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს