ბავშვებს ძალიან უყვართ თავიანთი მშობლები და ისინი მსოფლიოში საუკეთესო ადამიანებად მიაჩნიათ. მაგრამ არ შეიძლება იმ ფაქტის უარყოფა, რომ ძალიან ხშირად მშობლები ძალიან უსამართლონი არიან შვილების მიმართ. მშობლები ხშირად უჩივიან შვილებს, თუმცა შვილებიც ასევე ხშირად უჩივიან თავიანთ მშობლებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ისტორიებს იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად იღებენ მშობლები გადაწყვეტილებებს თავიანთი შვილების ნაცვლად, სჯიან მათ ისე, რომ არც კი არკვევენ საქმე რაშია და მაშინაც კი ასწავლიან ჭკუას, როდესაც ისინი სრულიად ზრდასრულები არიან.
ჩემი მშობლები მუდმივად იღებენ გადაწყვეტილებებს ჩემს მაგივრად. ყველა ჩემი მცდელობა, რომ რაიმე შეცვალო, მაშინვე წყდება. დედამ ამირჩია ინსტიტუტი, სადაც უნდა ჩამებარებინა. ახლა ის სხვა რამეს წყვეტს: გავაგრძელო თუ არა მაგისტრატურაზე სწავლა? და ასეა ყველაფერში: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ყოველდღიური საკითხების გადაჭრაში. ნუთუ ვერასდროს შევძლებ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას? ასეთი ცხოვრება ძალიან მომბეზრდა!
საავადმყოფოში მედდად ვმუშაობ, პაციენტებს ვწერ მიღებაზე. ცოტა ხნის წინ ასეთი შემთხვევა მოხდა: მოზარდმა დარეკა და დედამისის ჩაწერა უნდოდა ფსიქოლოგთან. მე ვკითხე: “დედამ გთხოვა, მიღებაზე რომ ჩაგეწერა?” და იცით რა მოვისმინე პასუხად? „არა, მე თავად გადავწყვიტე. მან ცოტა ხნის წინ სტომატოლოგთან ჩამწერა და ჩემთვის არაფერი უკითხავს. პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენა. მეც ასე მოვექცევი!” – მიპასუხა მოზარდმა.
ჩემს მშობლებთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია. რომ იცოდეთ, რის გამო ვჩხუბობთ ყოველდღე! ეს უბრალოდ აბსურდია. დედაჩემი არასდროს არ ყრის არაფერს: ყველაფერს ინახავს: ქილებს, ჩანთებს, სხვადასხვა ყუთებს. ის არასდროს ყრის ძველ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. ეს უბრალოდ საშინელებაა! ბინაში ერთი ოთახი ამ არასაჭირო ნივთების შესანახად არის გამოყოფილი. როდესაც ამ ოთახიდან რაღაცის გადაგდებას ვცდილობ, დედაჩემს ისტერიკა ემართება. ”ეს შეიძლება გამოგვადგეს! გიშლის? თავის ადგილზე დადე!” ამასთან ბრძოლით ძალიან დავიღალე! იმაზეც მადლობა, რომ ქუჩიდან არაფერი მოაქვს!
ხუთი წლის მანძილზე დედაჩემთან სტუმრად არ ვყოფილვარ და ერთ დღეს გადავწყვიტე მასთან გამგზავრება. ჯობდა, არ წავსულიყავი. ორიოდე დღე ყველაფერი კარგად იყო, ერთ საღამოს კი მოულოდნელად ჩხუბი ატყდა. ვსაუბრობდით, ბავშვობას ვიხსენებდით და რაღაცნაირად პრეტენზია გამოვთქვი, თუ როგორ მზრდიდა. დედა უცებ გაბრაზდა: ”ვერ გავიგე, რა პრეტენზიები გაქვს? ზოგადად, ბავშვობაში შენი აღზრდით მე კი არ ვიყავი დაკავებული, არამედ შენი უფროსი და!” აქ კი ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: “რატომ მიანდე ჩემი აღზრდა ჩემს დას, რომელიც ჩემზე მხოლოდ ოთხი წლით არის უფროსი?” მოკლედ, სიტყვას სიტყვა მოჰყვა და ვიჩხუბეთ. მართალია, ცოტა ხანში შევრიგდით, მაგრამ დიდი ხნით არა. მან ჩემთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა, მაგრამ გვიანია, ახლა უკვე 40 წლის ვარ.
ცოტა ხნის წინ ასეთი ამბის მომსწრე გავხდი: გოგონა დაეცა და ლამაზი თეთრი კოლგოტი დახია. მშობლებმა შეიცოდეს და საერთოდ არ უსაყვედურეს. ჩემი ბავშვობა გამახსენდა: ერთხელ მანქანამ გუბიდან ჭუჭყიანი წყალი მომასხა და ამის გამო სასტიკად დამსაჯეს. მაგრამ რატომ?
უკვე დიდი ხანია ცალკე ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს მშობლებს ხშირად ვსტუმრობ. ისინი რატომღაც ყოველთვის ცდილობენ, რომ თევზის კერძებით გამიმასპინძლდნენ. თევზი ბავშვობიდან მძულდა. ყველა! რატომღაც ეს ვერაფრით ვერ დაიმახსოვრეს, ან მათთვის სულერთია. არაფერი მესმის. თანაც სწყინთ, როცა უარს ვამბობ მათ საჭმელზე.
სასწრაფოდ გადავედი ნაქირავებ ბინაში, თუმცა მანამდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. მივხვდი, რომ ეს უბრალოდ აუცილებელი იყო, როდესაც ჩემს დაბადების დღეზე თაფლის ნამცხვარი გამოაცხვეს და იხვი თაფლით მოამზადეს. თაფლზე საშინელი ალერგია მაქვს.
დედაჩემს ამაზრზენი ჩვევა აქვს: სტუმრების სახლში დაპატიჟება და ჩვენი სახლის ჩვენება უყვარს. რისთვის? ექსკურსიის დროს გამუდმებით ბოდიშს იხდის: ოჰ, აქ ცოტა შესაკეთებელი გვაქვს; უი, ბოდიში, აქ ცოტა არეულობა გვაქვს. მაგრამ ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, როდესაც სტუმრები ჩემს ოთახში მოჰყავს, მე კი ამ დროს დივანზე ვწევარ, ჩიფსებს ვჭამ და ფილმს ვუყურებ. ჩემი ოთახი ჩემი პირადი სივრცეა. რატომ შემოდიხარ? ან უცხო ადამიანები რატომ შემოგყავს?
მე და ჩემს ტყუპისცალ ძმას ძალიან საინტერესო მამა გვყავს. ის ერთმანეთისგან ვერასოდეს ვერ გვარჩევდა და რატომღაც სათამაშოდ ხშირად ერთ საშიშ მშენებლობაზე მივყავდით. იქამდე დავყავდით, სანამ ერთ დღეს არ წავიქეცი და ლოყა ისე არ გავიჭერი, რომ შეკერვაც კი მომიწია. ამის შემდეგ მამამ გახარებულმა გამოგვიცხადა: “აი, რა კარგად გამოვიდა: ახლა ერთმანეთში აღარ შემეშლებით!” უკომენტაროდ.
მამაჩემმა ბავშვობაში მეტსახელი შემარქვა: პატარა. გავიზარდე, მამაჩემზე ერთი თავით მაღალი ვარ, მაგრამ ის ისევ პატარას მეძახის. ქალაქში გადავედი საცხოვრებლად და მშობლებს იშვიათად ვსტუმრობ. ერთხელ სტუმრად მივედი და გავიგონე, რომ მამაჩემი ძაღლს ელაპარაკებოდა და პატარას ეძახდა. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა: პატარა მე ვარ! და არ აქვს მნიშვნელობა, რომ უკვე 30 წლის ვარ.
თითოეული რაიონის მაცხოვრებლებს საკუთარი ჩვევები აქვთ. ასეა ჩვენს ქალაქშიც. აქ ასეთი ხუმრობა იციან: სახლში სტუმრები რომ მოდიან, ამბობენ: რატომ მოხვედით, ჩვენ თქვენ საერთოდ არ გელოდით. ამ უცნაური ჩვევის გამო ჩემს შეყვარებულთან ერთი უსიამოვნო შემთხვევა მქონდა. ის სხვა ქალაქიდან იყო. მისთვის ჩემი მშობლები უნდა და გამეცნო და მათთან სტუმრად მივედით, ისინი კი კარებთან ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლების საფირმო ფრაზით დაგვხვდნენ. გოგონამ გაოცებისაგან მეტყველების უნარი დაკარგა, შემდეგ კი ცრემლები წამოუვიდა. ძლივს დავამშვიდეთ და ყველაფერი ავუხსენით. ახლა, მრავალი წლის შემდეგ, ამ ამბავს ვიხსენებთ და სულ ვიცინით.
ერთხელ მეზობელ ქალაქში ჩავედი და ჩემს კლასელს შევხვდი. ის ცნობილი ექიმი იყო. ჩვენ ვსაუბრობდით და მე მას ვკითხე: “რომელი იყო შენთვის ყველაზე რთული ოპერაცია?” მან კი ასეთი ისტორია მიამბო: „ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩრდილოეთის ერთ-ერთ ქალაქში ვმუშაობდი. იქ ბევრი მარტოხელა ქალი იყო. ერთ დღეს ჩემთან მამაჩემი ჩამოვიდა. ქალებს ისე მოეწონათ და მასაც ისე მოეწონა ისინი, რომ მთელი სამი თვე ქალაქიდან სახლში ვერ დავაბრუნე”.
-სწორედ ეს იყო ჩემი ყველაზე რთული ოპერაცია, – ამ სიტყვებით დაასრულა ჩემი კლასელმა თავისი მონაყოლი.
ჩემს მშობლებს სამი შვილი ჰყავთ. მე უფროსი ვარ და ამიტომ მამაჩემმა რატომღაც ძალიან საწყენი მეტსახელი მომიგონა – “შავად ნაწერი”. აბა, ეს რა არის – ეს ნორმალურია?
მე უკვე მრავალი წელია ქალაქში ვცხოვრობ, ჩემი მშობლები კი ისევ სოფელში ცხოვრობენ. ერთხელ ჩემი მშობლების მოსანახულებლად ჩავედი და ნოუთბუქიც თან წავიღე. საღამოს მეგობრებთან ერთად მდინარეზე წავედი. სახლში რომ დავბრუნდი, მამაჩემი ზღურბლზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. მან კმაყოფილი სახით მითხრა: „ყველაფერი რიგზეა. არ ინერვიულო! შენი ნოუთბუქი გავაკეთე!” ვერაფერი ავიგე: ჩემს ნოუთბუქს არაფერი სჭირდა. სახლში შევედი. ღმერთო ჩემო! მამაჩემს ლეპტოპზე ყველა ასო ანბანური თანმიმდევრობით დაელაგებინა! მაგარია! დიდი მადლობა, მამა!
ჩვენ ხშირად დავდიოდით ტყეში კენკრის მოსაკრეფად. ჩემი ძმა მარწყვს სულ ჭამდა, მე კი ვცდილობდი არ მეჭამა და კალათაში ჩამედო. მანქანაში ჩავჯექით და ჩემმა ძმამ ჩემი კალათიდან მარწყვის ამოღება დაიწყო. მე ჩემს კალათს ვიცავდი ბრაზისგან ჩემს ძმას ვუკბინე. მამაჩემი გაბრაზდა, კალათა წამართვა და მითხრა, რომ მარწყვს საერთოდ აღარ მივიღებდი. აბა, ეს სამართლიანია? დღემდე მწყინს.
მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი ხელფასის ნაწილს დედაჩემს ვაძლევდი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ფულს სპეციალურ ზარდახშაში შევინახავდით. ერთხელ სამოგზაუროდ მინდოდა წასვლა, მაგრამ საგზურის ფული არ მყოფნიდა. დედამ ნება მომცა, რომ ფული საერთო ზარდახშიდან ამეღო. რომ იცოდეთ, როგორი ჩხუბი ატეხა ჩემმა დამ! ის არსად არ მუშაობს, მხოლოდ კლუბებში დადის. მას მშობლები აცმევენ და აჭმევენ. ის ამ ფულით კლუბში აპირებდა დასვენებას. რისგან? რით დაიღალა? სად? დივანზე წოლით? მე ძალიან მეწყინა.
ახლახან ჩამოვედით, სტუმრად ვიყავით ჩემს დედამთილთან. ეს მოგზაურობა ძალიან ძვირი დაგვიჯდა. გამგზავრებამდე ყველასთვის საჩუქრები ვიყიდეთ, ვიყიდეთ ბილეთებიც. ფული საერთოდ აღარ დაგვრჩა. წამოსვლას, რომ ვაპირებდით, ჩემმა დედამთილმა ფული გვთხოვა გაზის, დენისა და წყლის გადასახდელად. თქვენ ხომ აქ ორი კვირა იცხოვრეთო. საშინელება! ჯობდა ზღვაზე წავსულიყავით.
საკუთარ ბინაზე ვოცნებობდი, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე არაფერი გამოდიოდა. შემდეგ გამიმართლა: კარგი სამსახური ვიშოვე, ფული მოვაგროვე, მაგრამ ნახევარი მაინც აკლდა. მშობლები დამეხმარნენ: თანხა მასესხეს. ბინა ვიყიდე და გავარემონტე. შემდეგ კი ჩემი უმცროსი და დაორსულდა და გათხოვდა. ჩემმა მშობლებმა მოითხოვეს, რომ ბინა ჩემი დისთვის მეჩუქებინა. რატომ? მის საყიდლად ფულს ორი წლის მანძილზე ვაგროვებდი! კატეგორიული უარი განვაცხადე. ჩემი გადაწყვეტილება არავის არ მოეწონა. ბებიამ თავისი ბინა ჩემს დას გადაუფორმა და ჩემმა მშობლებმაც. ახლა მას ორი ბინა აქვს. ჩემს მშობლებს კი ჩემთან საუბარიც კი არ სურთ. ახლა მე მათი მტერი ვარ!