გამოიცანით: უმს არ ჭამენ, ხარშავენ და აგდებენ! მიხვდით? სწორია, დაფნის ფოთოლია. კაცობრიობამ ამ კეთილშობილი მცენარის შესახებ უხსოვარი დროიდან იცის. მაშინ დაფნის გვირგვინი დიდების, გამარჯვების, ნიჭის და მშვიდობის სიმბოლო იყო. საუკუნეები გავიდა და ცნობილი გახდა, რომ დაფნის ფოთოლს გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. Paparazzi მისი გამოყენების უჩვეულო მეთოდებს გიზიარებთ.
დაფნის ფოთოლი ადამიანისთვის – ყველაზე ხშირად კულინარიაში გამოიყენება. მზარეულები მთელ ან დაფქულ დაფნის ფოთოლს კერძებს სანელებლად უმატებენ. სანელებელი დაგჭირდებათ მარინადის, წვნიანის, ბულიონის ან დესერტის მომზადებისას. ხორცის და თევზის კერძებს იდეალურად უხდება. ცხარე ფოთოლი მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე უნდა დაუმატოთ, შემდეგ გადააგდოთ. ცოტა გჭირდებათ, რომ კერძის გემო არ გააფუჭოთ.
მარადმწვანე მცენარე არა მხოლოდ სანელებელი და სამკაულია. მისი ექსტრაქტი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მედიცინაში და ჯადოსნურ რიტუალებში. თანამედროვე ხალხი დაფნის ფოთლის გვირგვინს არ იდგამს, მაგრამ ამ დიდების და გამარჯვების სიმბოლოს ტატუს იკეთებს.
დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებები
- ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, ბუნებრივი ანტისეპტიკია და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
- დაფნის ნაყენი გამოიყენება პირის ღრუს და ყელის სავლებად მწვავე ვირუსული ინფექციების დროს, ნაკაწრის, გამონაყარის საწმენდად.
- დაფნის ფოთლის არომატი ან ნახარში უძილობის და ნერვული შფოთვის დროს დამამშვიდებელ ეფექტს ფლობს.
- მისი ნაყენი სეზონური დაავადებების დროს კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად.
- დაფნის ნახარშს აქვს შარდმდენი მოქმედება და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.
- ნაყენის სახით ხველის შეტევას ამცირებს, ამოსახველებელი თვისება აქვს.
- დაფნის ფოთლის ექსტრაქტი კანის მატონიზირებელ ნიღბებში შედის. თმის ბზინვარების მისანიჭებლად და გასაძლიერებლად გამოიყენება.
- ბევრი დაფნის ფოთოლს ღეჭავს, რომ პირის ღრუს უსიამოვნო სუნი გაიქროს. ამ მიზნით, მიხაკიც გამოგადგებათ.
შეზღუდვებიც არსებობს. დიდი რაოდენობით მიღებისას დაფნის ფოთოლში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება მსუბუქი სისუსტე გამოიწვიოს. ჯანმრთელობის პრობლემების დროს მისი ექსტრაქტი ფრთხილად მიიღეთ. დაფნის ნახარში მეძუძური და ორსული ქალებისთვის უკუნაჩვენებია.
დაფნის ფოთოლი საოჯახო საქმეში – დაფნის ფოთოლი საოჯახო საკითხებშიც გამოსადეგია. მისი ეთერზეთი სველი წერტილების და კანალიზაციის უსიამოვნო არომატების გასაქრობად გამოიყენება. ამ მიზნით რამდენიმე ხმელი ფოთოლი თუნუქში დაწვით. არომატული ჩხირების მსგავსი ეფექტი აქვს. სააბაზანო ოთახში ან ტუალეტში სპეციფიკური სუნების დასამალად არომატული ბალახებით და დაფნის ფოთლებით სავსე ტომარა თაროზე დადეთ.
დაფნის ფოთოლი ჯადოსნურ რიტუალებში
- დაფნის ფოთოლზე შელოცვას კითხულობენ და კეთილ სურვილებს უთქვამენ.
- დაფნის ფოთოლს ფულის და კეთილდღეობის თილისმად იყენებენ.
- გათვალვის და ჯადოს წინააღმდეგ დაფნის ფოთოლს თან ატარებენ.
- დაფნის ფოთლების შეკვრას შემოსასვლელ კართან დამცავ ამულეტად კიდებენ.
- დაფნის ფოთლებს ბალიშის ქვეშ დებენ, რომ ცუდი სიზმრები მოიშორონ.
თავად გადაწყვიტეთ, როგორ გამოიყენებთ დაფნის ფოთოლს. ერთი რამ ნათელია: დაფნის ფოთოლი სადღაც აუცილებლად გამოგადგებათ.