“შენ და ბებომ დედა არასწორად აღზარდეთ!” შვილიშვილისა და პაპის საუბარი

1186

ოთახში სიჩუმე იყო. უცებ ლექსოს ტელეფონმა დარეკა.

-გამარჯობა შვილიშვილო! გესმის ჩემი? ალო, ლექსო აქ ხარ?

-აქ ვარ, აქ ვარ… გამარჯობა პაპა! – ლექსოს ძალიან გაუხარდა პაპამისის ხმის გაგონება.

-რაღაც მოწყენილი ხარ, თუ მეჩვენება? ხმა გაქვს სხვანაირი. ან იქნებ კავშირია ცუდი? მოხდა რამე? რა გჭირს?

-მოხდა პაპა, მოხდა… შენ და ბებომ დედა არასწორად აღზარდეთ. ის უსამართლოა…

-როგორ თუ, არასწორად? შეგიძლია მითხრა, უსამართლო რატომ არის?

-დედამ ისევ არაფრის გამო დამსაჯა…

-როგორ თუ, არაფრის გამო? ეს შეუძლებელია. მე დედაშენს კარგად ვიცნობ. აბა, აღიარე, რის გამო დაგსაჯეს?

-გუბეებში დავრბოდი. ხომ გეუბნები, არაფრის გამო!

-ჰმ… გუბეებში? რეზინის ჩექმები ახალი გეცვა?

-დიახ, ახალი. აქ სხვა არ მაქვს.

-ხოდა, სწორად მოქცეულა დედაშენი, რომ დაგსაჯა.

-პაპა, რაღაცას არასწორად ამბობ. სწორი რანაირად არის? მე სოფელშიც დავრბივარ გუბეებში, მაგრამ შენ და ბებო ამის გამო არ მსჯით.

-სოფელში ძველი ჩექმებით დარბიხარ, რომც გაფუჭდეს, არაფერია. ქალაქში კი – ახალი ჩექმები გაცვია. აი, ეს არის განსხვავება.

-ეჰ, პაპა, შენც იმავეს ამბობ. არაფერი არ გესმის. მე ასე სპეციალურად მოვიქეცი, რომ ეს ჩექმებიც მალე დაძველდეს და ისინიც არ დამენანოს, როგორც სოფელში რომ მაქვს, ის ჩექმები.

-ლექსო, ასე არ შეიძლება. შენ ცუდი რამ მოიფიქრე და ამიტომაც მიიღე დამსახურებულად. მამაშენმა უკვე იცის?

-იცის, ისიც მეჩხუბა.

-აი, ხომ ხედავ. შემდეგში უფრო გონივრულად მოიქეცი. შემოდგომაზე გუბეებში სირბილი საჭირო არ არის. ცივა, სინესტეა, წყალიც ცივია. ფეხები დაგისველდება და გაცივდები. ახლა გუბეებში ჩვენი თხაც კი არ დარბის, თივაზე წევს თავისთვის და თბება. შენ კი ცელქობ…

-ეჰ, პაპა, ნეტავ მეც სოფელში ვყოფილიყავი და თხასთან ერთად თივაზე ვწოლილიყავი, აქ კუთხეში დგომის ნაცვლად.

-შენ რა, კუთხეში დგახარ? გამოდის, რომ აღმზრდელობითი პროცესი დავარღვიე და საუბრით გართობ? კარგი, გემშვიდობები, თხას უნდა ვაჭამო. ბებოს რა გადავცე?

-მოკითხვა გადაეცი. უთხარი, რომ მენატრებით და თქვენთან მინდა, სოფელში…

-კარგი, ნუ მოიწყინე. მამაკაცები არ ტირიან, ხომ ასეა?

-ასეა…

-ასე რომ, მაგარი იყავი. გასამხნევებლად, ერთ რაღაცას გეტყვი. დედაშენი, შენსავით პატარა რომ იყო, ისევე როგორც შენ, ხშირად იდგა ხოლმე კუთხეში…

-დედა? კუთხეში? და რის გამო სჯიდით?

-იმის გამო, რომ ახალი ჩექმებით გუბეებში დარბოდა. აი, რის გამო! კარგი, დროებით…

პაპასთან საუბრის შემდეგ ლექსო გამხიარულდა და კუთხეში ისეთი მოწყენილი აღარ იდგა. თურმე, დედაც რა ცელქი ყოფილა ბავშვობაში…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს