პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.
30 წელზე ცოტა მეტის ვარ და ერთ-ერთ პატარა კომპანიაში მენეჯერად ვმუშაობ. ჩემი სამსახური ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მახარებს, მაგრამ არც უკმაყოფილო არ ვარ. ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და მუდმივად თვითრეალიზებით ვარ დაკავებული, მუდმივად რაიმე ახალს ვსწავლობ.
მაგრამ, ისევე როგორც ნებისმიერ სამსახურში, არის შემთხვევები, როდესაც რუტინული საქმეების კეთება გიწევს, როდესაც ყველაფერი გაღიზიანებს და გაბრაზებს. ჩემს ცხოვრებაში ეს კვირა სწორედ ასეთი აღმოჩნდა და იმ დღეს გაუსაძლისი ტანჯვის მესამე დღე იყო, საშინელი კვირის ეკვატორი.
5 ნომერი ავტობუსით მივდიოდი ჩემი ჩვეული მარშრუტით. ავტობუსის მარშრუტზე ბევრი ხალხი არ იყო, ამიტომ ავტობუსი ნახევრად გაივსო. განწყობა არც თუ ისე კარგი მქონდა, არ ვუყურებდი იმ ადამიანებს, ვინც ამ შემოდგომის ადრიან დილით ჩემთან ერთად მგზავრობდნენ.
ტცცც, გამოსცა ხმა დროისგან საკმაოდ დაძველებულმა მუხრუჭებმა. ხანდახან მეჩვენება, რომ ამ ავტობუსს ჯერ კიდევ 1963 წელს მიჰყავდა ბავშვები პიონერთა ბანაკში. მაგრამ კარგი, ახლა ამ ავტობუსზე არ არის საუბარი.
ამ გაჩერებაზე, სხვათა შორის, მძღოლმა ყველა წესი დაარღვია და მგზავრები პირდაპირ შუქნიშანთან ჩასვა, რაც საგზაო მოძრაობის წესებით კატეგორიულად აკრძალულია. ძველი ავტობუსის ღია კარებში ამოვიდა ორი გოგონა, ჰიპსტერი ბიჭი და ბალზაკის ასაკის ორი ქალი.
ქალებმა ავტობუსის სალონი შეათვალიერეს მათი აზრით საუკეთესო ადგილები აირჩიეს, ჩემს წინა რიგში. ერთი შეხედვით, ქალები 55-65 წლის იქნებოდნენ, ამის დადგენა მარტივი არ იყო, რადგან ისინი არ ჰგავდნენ ჩვეულებრივ ბებიებს, არამედ ლამაზად და მოდურად იყვნენ ჩაცმულნი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მათი ტანსაცმელი მთლიანად ძვირადღირებულ ბუტიკებში იყო ნაყიდი.
ადრიანი დილაა, მაინტერესებს, სად შეიძლება მიდიოდე ასე ადრე, როდესაც პენსიაზე ხარ. მაგალითად მე, მათ ადგილზე კიდევ რამდენიმე საათს საწოლში გავატარებდი. მოულოდნელად, ქალბატონებმა დიალოგი გააბეს, “შენ სპა სალონში რომელი დამატებითი პროცედურები უნდა ჩაიტარო?”
დავმუნჯდი, პენსიონერები და სპა სალონში და არა მაღაზიაში წიწიბურასთვის კილომეტრიანი რიგის დასაცავად, ან ბინათმმართველობის ოფისში საჩხუბრად, არამედ სპა სალონში. ეს რაღაც ახალი ამბავია. აი, თურმე სად მიდიან ისინი დილით ადრე. სპა სალონებში ხომ ასეთ დროს არავინ არ არის და ამ პერიოდში კარგი ფასდაკლებებია. მაგრამ მაინც, ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან უჩვეულოა!
ქალმა, დიახ, ქალმა, რადგან მოსმენილის შემდეგ მას ბებოს ვეღარ დავუძახებ, თავის თანამგზავრს უპასუხა, რომ პილინგს გაიკეთებს და თუ თანხა ეყოფა, შოკოლადის პროცედურასაც.
რაზეც მეორემ ირონიით უპასუხა: „ძვირფასო, აბრამოვიჩს მოაწონე თავი?“ პირველმა ქალმა კი უპასუხა: “არა, უბრალოდ მინდა, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრო”.
მეორე ქალბატონმა კი, არც მე ვარ შენზე ნაკლებიო და უთხრა, რომ ახალგაზრდა მასაჟისტის ინდივიდუალური მომსახურებით ისარგებლებდა. ამას მოჰყვა გადამდები სიცილი, რამაც მაიძულა, რომ ყოველდღიური პრობლემები დამევიწყებინა და გამეცინა.
კიდევ ერთი გაჩერების შემდეგ, რომელზედაც არავინ ამოსულა, ჩვენმა „ლაინერმა“ მოძრაობა გააგრძელა. საუბარი ორ მხიარულ პენსიონერს შორის ისევ გაგრძელდა. როგორც ყველა მოხუცს სჩვევია, ცოტა მგზავრებიც გაჭორეს, მკაფიოდ განსაზღვრეს ვინ იყო მრუში და ვინ ნარკომანი.
უეცრად, სავაჭრო ცენტრთან გავლისას ერთ-ერთმა ქალბატონმა ბილბორდზე შეამჩნია, რომ იმ დღეს ერთ-ერთი მომღერლის კონცერტი გაიმართებოდა, რაზეც მან კატეგორიულად განაცხადა: „მორჩა ძვირფასო, დღეს ჩვენ აუცილებლად წავალთ მის კონცერტზე, ტყუილად ხომ არ ვილამაზებთ თავს”.
დიახ, მეგობარო, აუცილებლად წავალთ და იმაზე უკეთ გავერთობით, ვიდრე ახალგაზრდობაში. ახალ ბაბუებს გავიცნობთ, ან ბაბუები რად გვინდა, ახალგაზრდები გავიცნოთ, თორემ ჩვენ ვერც ერთი ბაბუა ვერ მოგვერევა. ავტობუსში ისევ სიცილის ხმები გაისმა.
მათ მხიარულ საუბარში ვერც კი შევამჩნიე, როგორ მივედი ჩემს გაჩერებამდე. დანარჩენი გზა სამსახურამდე მსუბუქად გავიარე, ჩემი აზრები პრობლემებზე აღარ იყო კონცენტრირებული.
ვფიქრობდი, როგორ მეცხოვრა ისე, რომ ოპტიმიზმი და თვითირონიის გრძნობა შემენარჩუნებინა და რომ ასეთ საპატიო ასაკში ასეთივე მხიარული ვყოფილიყავი და ასე მყვარებოდა ცხოვრება, როგორც ამ ორ საყვარელ მოხუცს.