თუ ცვილის ან პარაფინის ძველი სანთელი გაქვთ, არასოდეს გადააგდოთ. მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ეკლესიიდან მოტანილი ნაკურთხი სანთლების გადაყრა არ შეიძლება. მათი ნამწვი ეკლესიაში უნდა მიიტანოთ. მეორეც, ჩაუმწვარი უბრალო სანთელი კიდევ გამოგადგებათ და ფულს დაგიზოგავთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ძველი სანთლები.
ძველი სანთელი – უბრალო სანთლების ნამწვები ცალკე ყუთში უნდა შეინახოთ. როცა საკმარის რაოდენობას შეაგროვებთ, სასარგებლოდ გამოიყენეთ. სად გამოგადგებათ ძველი სანთლები? ნამწვებიდან ახალი ორიგინალური სანთელი შეგიძლიათ გააკეთოთ. დაგჭირდებათ რამდენიმე ძველი სანთელი და ახალი ფითილი (ფითილად სქელი ძაფიც გამოგადგებათ).
- პირველ რიგში, ცვილი ან პარაფინი წყლის ორთქლზე გაადნეთ. ძაფი ჯოხზე ან ფანქარზე დაამაგრეთ და პარაფინში დაასველეთ. შემდეგ მოათავსეთ კონტეინერში, რომელსაც ახალი სანთლისთვის გამოიყენებთ.
- გამდნარი მასა ერთგვაროვანი ნარევი უნდა გახდეს, შემდეგ ქილაში ჩაასხით. ფერების მიხედვით შეგიძლიათ დაყოთ და თანდათან, ფენებად ჩაასხათ. ასე ფერადი სანთელი გამოვა.
თუ უყელო კონტეინერს იყენებთ, შემდეგ სანთელი უნდა ამოიღოთ და სასანთლეზე დადოთ. სანთლის დიამეტრი ქილის ზომაზეა დამოკიდებული. გამდნარ ცვილს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ეთერზეთი. ასე არომატულ სანთელს მიიღებთ. საძინებელში ან სააბაზანოში გამოგადგებათ. თუ სანთელს ლავანდის, პიტნის, ფორთოხლის ან მიხაკის ზეთს დაუმატებთ, ოთახს სასიამოვნო არომატით გაავსებთ და ზაფხულში კოღოებსაც დააფრთხობთ.
ძველი სანთელი: სხვა რჩევები – ძველი სანთლებიდან ჟანგის მოსაშორებელი საშუალებაც შეგიძლიათ გააკეთოთ. დაგჭირდებათ სანთელი და 70 მლ ნავთი. ნამწვი დააქუცმაცეთ, მინის ქილაში ჩაყარეთ და ნავთი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 1 კვირა გააჩერეთ, რომ ერთიანი მასა მიიღოთ. მზა მასა ჟანგის ლაქას ფუნჯით ან სპატულით წაუსვით. 2 საათით მოიცადეთ. ახლა ჟანგს უხეში ჯაგრისით ან საფხეკით ადვილად მოაშორებთ. საშუალება ჟანგს არბილებს.
ძველი სანთელი ტურისტული სანთურას მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაგჭირდებათ ცვილის სანთელი (საკვები პარაფინი), მუყაოს ყუთი და თუნუქის ქილა. მუყაო ნაჭრებად ან ზოლებად გაჭერით და თუნუქის ქილაში გვერდებზე მჭიდროდ ჩააწყვეთ. ნამწვი გაადნეთ და ქილაში ჩაასხით. ცვილის სანთლები გამოიყენეთ, რომ სანთურა დახურულ შენობაში (კარავში) უსაფრთხოდ გამოიყენოთ. სანთლის ნამწვიდან კოცონის ან ბუხრის ასანთები მასალა შეგიძლიათ დაამზადოთ. დაგჭირდებათ რამდენიმე ძველი სანთელი, ნახერხი ან ხის ნაფოტი, ასევე მუყაო ან კვერცხის უჯრა. ყველაფერი მარტივია. ნამწვი გაადნეთ და პარაფინი და ნახერხი აურიეთ. ნარევი უჯრაში ჩაასხით და გაცივება აცადეთ.
საყოფაცხოვრებო ხელმისაწვდომი საშუალება ყველა შემთხვევისთვის – დაგჭირდებათ პარაფინის ნამწვი და უყელო ქილა. სანთელი ქილაში წყლის ორთქლზე გაადნეთ და პარაფინის ბარი გააკეთეთ. შემდეგ ამ ბარით ფეხსაცმელი გაწმინდეთ და წყალგაუმტარი გახადეთ. პარაფინი ჩექმის ელვას წაუსვით, თუ ხშირად იჭედება. ძველი სანთლით კარის ანჯამები შეგიძლიათ გახეხოთ, რომ არ იჭრაჭუნოს. ზამთარში თხილამურების გასაწმენდად გამოგადგებათ. პარაფინით შეგიძლიათ დაამუშავოთ ნიჩაბი, რომ თოვლი არ მიეკრას, როცა თოვლცვენის შემდეგ ეზოს გაწმენდთ. თხელი ძაფი პარაფინით გაწმინდეთ და ნემსის ვიწრო ყურში ადვილად გაატარებთ. უდავოდ, ნამწვი წვრილმანია, მაგრამ ზოგჯერ მოსახერხებელია.