პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ლიკა გვიამბობს.
მე შპალერს ვაწებებდი, ჩემი სამი წლის მაშო ლინოლეუმზე ცარცით ხატავდა. დიდი მონდომებითა და გატაცებით ხატავდა და უცებ მითხრა: “ღმერთმა გადაწყვიტა, რომ შენ ყოფილიყავი დედაჩემი და ეს შესანიშნავია”. მე დავიბენი: “რა მითხარი?” მაშომ კი იგივე გაიმეორა, მაგრამ სხვა სიტყვებით: “იცი, რა ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა შენი თავი მაჩუქა!”
კიბიდან ჩამოვედი და ჩემს ქალიშვილს გვერდით მივუჯექი. მან უცებ ცარცი დადო, თვალები დახუჭა და ღმერთს მადლობა გადაუხადა: „გმადლობ, რომ ასეთი კეთილი ხარ, ახლა მე დედა მყავს. მე მას საბავშვო ბაღში დავყავარ, ჩვენ ერთად ვსეირნობთ ტყეში და ისევ წავალთ სოკოს მოსაკრეფად, შენ კი დაგვეხმარები!”
მან იატაკზე ხატვა გააგრძელა, მე კი მას ჩავეხუტე: “რა ლამაზი ლოცვა იცი, შენ თვითონ მოიფიქრე?”
ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად სერიოზული იყო მაშოსთვის ღმერთთან ურთიერთობა, რა სერიოზული აზრები ტრიალებდა მის პატარა თავში სიყვარულსა და მადლიერებაზე. მანამდე მე და ჩემს მეუღლეს მისი ლოცვა ხმამაღლა არასოდეს მოგვისმენია.
-გმადლობ, ჩემო პატარავ, – განვაგრძე მე, – ბედნიერებაა, რომ შენ გვყავხარ, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინა და შენი თავი მოგვცა!
ჩემმა ქალიშვილმა ხატვა განაგრძო, მე კი ისევ ჩემს საქმეს უნდა დავბრუნებოდი, მაგრამ მაშომ თავი ასწია და მკითხა: “დიდხანს მელოდებოდი, დედა?”
ამაზე უკვე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ მაშო ამ ამბავს საყვარელი ზღაპარივით ისმენდა. ამიტომ, მას ისევ გვედრით მივუჯექი: ”დიახ, ჩემო ძვირფასო. მე დიდხანს ვთხოვდი ღმერთს შენს თავს, დილით და საღამოს, ძილის წინ. როდესაც ვიღვიძებდი, ისევ ვთხოვდი და ერთ თბილ დღეს მე და მამაშენმა გავიღვიძეთ და გავიგეთ, რომ ღმერთმა გვისმინა, სულ ცოტა ხანს უნდა მოგვეცადა და ჩვენი ქალიშვილი ჩვენთან ერთად იქნებოდა…”
“იცი, ამდენ ხანს რატომ დავაგვიანე?” – მკითხა ჩემმა გოგონამ.
“არ ვიცი, ალბათ ღმერთი ძალიან დაკავებული იყო?”
მაგრამ ბავშვს საკუთარი პასუხი ჰქონდა: ”არა, ის უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თქვენთვის ჩემი თავის ჩუქებას, გესმის?”
მაშომ უძირო თვალებით სერიოზულად შემომხედა, ისე როგორც მასწავლებელი უყურებს ხოლმე მოსწავლეს. ერთი წამით ისიც კი მომეჩვენა, რომ ის ჩემზე ბევრად უფროსი და ბრძენი იყო.
მე ისიც კი გავიფიქრე, რომ ალბათ ჩემი შვილი ღმერთის გვერდით იყო და უფალს არ სურდა მისი გაშვება.
ეს ისტორია მათთვის დავწერე, ვისთვისაც ღმერთს შვილები ჯერ არ მიუცია, ვინც უკვე სასოწარკვეთილია და არ სჯერა, რომ მის სახლში პატარა ღვთაებრივი სასწაული ირბენს. ილოცეთ და დაელოდეთ. მაშომ გარკვევით და მარტივად ამიხსნა, რომ ღმერთი “უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ჩვენთვის მის ჩუქებას”.
ღმერთი აუცილებლად მოგცემთ შვილს, თქვენგან დაბადებულს ან ნაშვილებს. ღმერთმა უკეთ იცის. უბრალოდ თქვენს ბედნიერებას დაელოდეთ.