საპენსიო ასაკი. როდის სჯობს პენსიაზე გასვლა და როგორ გავიგოთ, რომ უკვე დროა

0
170

ბოლო დროს საფრანგეთი განიცდის ნამდვილ კრიზისს, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გადაწევას უკავშირდება. დემონსტრანტები მასობრივ აქციებს მართავენ, გზებს ბლოკავენ და უწესრიგობებს აწყობენ. მათ მხარესაა ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ნაწილი. ამ ფონზე საფრანგეთის მთავრობა თითქმის გადადგა.

საპენსიო ასაკის ზოგადი ცხრილი აჩვენებს, რომ ფრანგების ამჟამინდელი საპენსიო ასაკი 62 წელი დასავლეთ ევროპაში ყველაზე დაბალია. 64 წლამდე გადაწევის შემთხვევაშიც კონტინენტზე ერთ–ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლად დარჩება. მაგალითად, იტალიელები და გერმანელები პენსიაზე 67 წლის ასაკში გადიან, ხოლო ბრიტანელები – 66 წლისას.

ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამბობდა, რომ სურდა საფრანგეთის ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. ამისთვის კი ქვეყნის მაცხოვრებლებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ. თუმცა თავად ფრანგები ამ მიდგომით აღფრთოვანებულნი არ არიან. Paparazzi გთავაზობთ დაფიქრდეთ, რომელია ყველაზე სამართლიანი საპენსიო ასაკი. შეიძლება თუ არა ზუსტი რიცხვის დასახელება, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს?

საპენსიო ასაკის ცხრილი – ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკია ნორვეგიაში, ისლანდიასა და იტალიაში. აქ ხალხი პენსიაზე 67 წლისას გადის. გერმანიაში 2012 წლიდან გრძელდება საპენსიო რეფორმა, რომლის ფარგლებში პენსიაზე გასვლა 67 წლამდე იზრდება. ადრე გერმანელები 65 წლისას პენსიონერები ხდებოდნენ.

საპენსიო ასაკის მატება შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის წილის ზრდას იწვევს. ასე მოქალაქეები, რომლებიც პენსიაზე მშვიდად გავიდნენ, იძულებულნი არიან იმუშაონ და ეკონომიკას ფული შემატონ. ამავდროულად, სახელმწიფო ხარჯები პენსიების გადახდაზე მცირდება. მაღალგანვითარებული და მდიდრები ქვეყნებიც ეკონომიკის გასააქტიურებლად ამ არაპოპულარულ (მოქალაქეების მხარდაჭერის მხრივ) ნაბიჯს დგამენ.

აღსანიშნავია, რომ როცა პირობითად გერმანიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, საპენსიო ტვირთიც იზრდება. პენსიონერთა რიცხვს უფრო მეტი ადამიანი ემატება. შედეგად, მოსახლეობა „ბერდება“, პენსიონერთა წილი იზრდება და ეკონომიკა ჩერდება. გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე ახალგაზრდები არ ჩქარობენ ბევრი შვილის გაჩენას, რაც „მოსახლეობის დაბერების“ პრობლემას უფრო ამწვავებს.

მოქალაქეების მოსაზრებები – რა თქმა უნდა, უბრალო ხალხს ეკონომიკური ხრიკები არ აინტერესებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებს დასაცავად კიდევ უფრო მეტი არგუმენტი აქვთ. ჩვენთან სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით დაბალია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ბევრი საპენსიო ასაკს უბრალოდ ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ, 60 წელიც ძალიან მაღალია.

თუ გამოკითხვებს გადახედავთ, ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ ქალებისთვის საპენსიო ასაკი 55 წლიდან, ხოლო კაცებისთვის 60 წლიდან უნდა დაიწყოს. არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ როგორც ქალის, ასევე კაცის შემთხვევაში 50 წლიანი ზღვარი საკმარისია, რომ პენსიაზე გავიდნენ. უფრო მეტიც, მოქალაქეები, რომელთაც სახიფათო ან ჯანმრთელობის საზიანო სამსახური აქვთ, პენსიაზე უფრო ადრე უნდა გავიდნენ.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ პენსიონერს თავად სურს სამსახურის გაგრძელება, რადგან თავისი საქმე მოსწონს და თავს კარგად გრძნობს. ასეთ ადამიანებს წახალისება სჭირდებათ და არა შეზღუდვა. გარდა ამისა, პენსია არც ისე დიდია, ამიტომ ბევრ მოქალაქეს სიბერეშიც მუშაობა უწევთ, რომ საკუთარი თავი და ახლობლები გამოკვებონ. მიზერულ პენსიას ელემენტარული ხარჯების დაფარვაც არ შეუძლია.