მე და ჩემს შეყვარებულს კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მისმა განზრახვამ ჩიხში შემიყვანა

1302

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ბიჭი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

მე ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭი ვარ, რომელიც უნივერსიტეტს ამთავრებს. 22 წლის ვარ და მყავს ლამაზი შეყვარებული, რომელიც ჩემზე ცოტათი უფროსია, ის 24 წლისაა. ჩვენი ურთიერთობა ორი წელია გრძელდება და ყველაფერი ძალიან კარგად არის. მანამდე არც მე მქონია განსაკუთრებული ურთიერთობა და არც მას. უბრალოდ, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, მაგრამ სერიოზული არაფერი. ჩვენ ერთმანეთისთვის პირველები ვართ. ერთმანეთს ბევრ რამეში ვგავართ, ორივეს უფრო მეტად სახლში ყოფნა გვიყვარს და არ გვიყვარს ხმაურიანი წვეულებები. გვირჩევნია ბუნებაში გასეირნება, მოგზაურობა და განმარტოება. ჩვენ ძალიან ახლოს ვცხოვრობთ, მაგრამ თითოეული საკუთარ მშობლებთან. თუ რამეა, ძალიან მალე შეგვიძლია ერთმანეთთან მისვლა. ერთმანეთის ნახვა ნებისმიერ დროს შეგვიძლია, აქ არანაირი პრობლემა არ არის. მავნე ჩვევები არც ერთს არ გაგვაჩნია და ნათელი მომავლის იმედი გვაქვს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, მათ შორის ინტიმურ ურთიერთობაშიც, მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი…

ჩემს შეყვარებულს ძალიან სურს გათხოვება. ამბობს, რომ უკვე 24 წლისაა და დრო გადის. როგორც ამბობენ: “წამზომი ჩართულია”. და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ხშირად იწყებს ის ამ თემაზე საუბარს. თავის დებს უყურებს, რომლებიც 19-20 წლის ასაკში დაფეხმძიმების შემდეგ გათხოვდნენ. ის ნერვიულობს, რომ ამდენ ხანს გასათხოვარია.

მე კი ამასთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები მაქვს. არ უნდა ვიჩქარო. ახლა ვიწყებ ფეხზე დადგომას. მალე უნივერსიტეტს დავამთავრებ, მეგობრები კი სწავლის დამთავრების შემდეგ კარგ სამსახურს მთავაზობენ კომპანიაში. სტაბილური და არც თუ ისე ცუდი ხელფასი მექნება. შესაძლებლობა გამიჩნდება, რომ იპოთეკისთვის პირველი შენატანის თანხა მოვაგროვო და მშობლების ბუდიდან საკუთარ სახლში გადავიდე. ამას ჰქვია, გეგმები სტაბილური მომავლისთვის.

ახლა თუ დავქორწინდები, რა იქნება? აუცილებლად მშობლებისგან ცალკე უნდა ვიცხოვრო, ბინა ვიქირავო. ეს იაფი არ ჯდება და ბოლო ჯამში რა გამოვა? ერთი ხელფასი მთლიანად ბინის ქირას მოხმარდება, მეორე კი საკვებს და ცოტაოდენ გართობას. სულაც არ არის სასიხარულო პერსპექტივები… ეს არის ბედნიერი ცხოვრება?

ჩვენი ბოლო საუბრის დროს, რომელიც ისევ ქორწილის თემას ეხებოდა, მე და ჩემმა შეყვარებულმა მაგრად ვიჩხუბეთ. იგი ამტკიცებს, რომ ოჯახი საერთოდ არ წარმოადგენს დაბრკოლებას კარიერის შექმნისთვის. ის მარწმუნებს, რომ მხარს დამიჭერს, იზრუნებს ჩემზე და გაგებით მოეკიდება ჩემს შრომას. ამბობს, რომ ერთად ყველაფერს მივაღწევთ და ყველაფერს გადავლახავთ.

მე კი ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია და განსხვავებული აზრები მაქვს! მე მჯერა, რომ თუ ჩემს შეყვარებულს ვუყვარვარ, მენდობა და სჯერა ჩვენი გრძნობების, მაშინ ის შესძლებს, რომ კიდევ 4-5 წელი მოიცადოს. ძალიან არ მინდა, რომ ქორწილი სესხით გადავიხადო და შემდეგ ნაქირავებ ბინებში ვიცხოვრო. მსურს, რომ დაქორწინების შემდეგ მტკიცედ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ჩემს ცოლ-შვილს არაფერი გაუჭირდება. არა, მასთან დაშორება ნამდვილად არ მინდა. მე ამის წინააღმდეგი ვარ. მე იმის მომხრე ვარ, რომ ისევ ისე ვიცხოვროთ, როგორც წინა ორი წლის მანძილზე ვცხოვრობდით, თანხის მინიმალური დანახარჯით.

მას არ სურს ჩემი მოსმენა და გაგება. ისე ვიჩხუბეთ, რომ კინაღამ დავშორდით. უიმედობის განცდა გამიჩნდა იმის გამო, რომ ერთმანეთის არ გვესმის და დათმობაზე არც ერთი ჩვენგანი არ მიდის. მაგრამ, საბედნიეროდ, რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ მშვიდად ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ განვიხილეთ ყველა ამაღელვებელი მომენტი, ჩვენი შემდგომი ქმედებები და გეგმები. თითქოს შევთანხმდით და ორივე ერთ დასკვნამდე მივედით, რომ ქორწილი მოიცდის… არ ვიცი, ჩემმა შეყვარებულმა თავად დათრგუნა თავისი სიამაყე და ეგოიზმი, თუ ვიღაცამ უკარნახა სწორი აზრები.

თუმცა, მე მაინც ვხედავ, რომ ეს თემა მას ასვენებს. როდესაც ადამიანს რაღაცა აწუხებს, ეს შესამჩნევია. ეს მის ქცევასა და განწყობაზე აისახება. უარესის მეშინია, რომ ის უბრალოდ დამშორდება და უახლოეს მომავალში პირველივე შემხვედრ მამაკაცს გაჰყვება ცოლად. მოვალეობის მოხდის მიზნით და არა გულწრფელი გრძნობების გამო. მე ხომ ვიცი, როგორი კარგი ადამიანია, ის მამაკაცი კი მისი ღირსი არ იქნება. ძალიან ვბრაზდები, როდესაც ამას წარმოვიდგენ! თუმცა, თითქოს მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს, მაგრამ მე მაინც ვღელავ. არ მინდა ჩვენი მომავლის ფერადი და ნათელი გეგმები მხოლოდ ოცნებად და ფანტაზიად დარჩეს. მე ძალიან მსურს ამ გეგმების რეალობად ქცევა, თუმცა იმ აზრს ვეთანხმები, რომ კარგი შედეგის მისაღწევად დიდი მოთმინება და დროა საჭირო.

მე მესმის, რომ ტყუილად ვნერვიულობ, მაგრამ ქვეცნობიერად ვემზადები მისგან ასეთი შესაძლო „დარტყმისთვის“. დიახ, ჩვენი ურთიერთობა თანდათან გაუარესდა, ჩვენ აღარ ვართ ისე გახსნილები ერთმანეთისთვის, როგორც ადრე. ეს აშკარად იგრძნობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს