პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.
ამ ისტორიის დაწერას, დიდი ხნის მანძილზე ვერ ვბედავდი. ძალიან პირადულია. მაგრამ ცოტა ხნის წინ სტატია წავიკითხე ინტერნეტში იმის შესახებ, რომ ნაშვილები ბავშვის გაზრდა ძალიან რთულია. ის ცუდად იქცევა, ქურდობს, აგრესიულია. წავიკითხე ერთ-ერთი კომენტარიც: “რა თქმა უნდა! თუ მშობლები ლოთები და ქურდები არიან, გგონიათ, რომ ბავშვი გაიზრდება და პლასტიკური ქირურგი გახდება? გენეტიკას ვერ მოატყუებ! ვაშლი ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება!”
ამ კომენტარმა ცრემლებამდე მიმიყვანა!
არ დავიწყებ ახლა იმის მოყოლას, რომ ეს ისტორია დეიდაშვილმა, მეგობარმა ან კოლეგამ მიამბო. საკუთარ წარსულზე მოგიყვებით.
გენეტიკა – საშინელი მაქვს! ამის შესახებ ვინმეს რომ სცოდნოდა, ნამდვილად არავინ მიშვილებდა. ჩემი მშობლები სვამდნენ და იპარავდნენ. მე მათ ამის გამო არ განვიკითხავ, რადგან სოფელში ვცხოვრობდით, სადაც სხვანაირად არ შეიძლებოდა. არ მოიპარავდი და ვერ გადარჩებოდი. “დინების საწინააღმდეგოდ ცურვა” კი მათ არ შეეძლოთ.
დედა რომ გარდამეცვალა, სამი თვისაც არ ვიყავი. მამა ამ დროს ციხეში იჯდა. როდესაც გამოვიდა, ბავშვთა სახლში ერთხელაც კი არ მომაკითხა. ახლა არ ვიცი, ცოცხალია თუ არა.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ახლანდელ მშობლებს არ გასჭირვებიათ. განსაკუთრებით დედა დაზარალდა. მან მიამბო, რომ ბავშვობაში საწოლის ქვეშ ვიძინებდი, ყველაფერს ვიპარავდი და ძალიან ცუდად ვიქცეოდი. რატომ? ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ, რადგან არ მახსოვს.
ისეთი რთული იყო, რომ ის ხანდახან ნანობდა, რომ შვილად ამიყვანა. დამატებით, მისი დაქალებიც ეუბნებოდნენ: “აბა, რას ელოდი? გაიზრდება და ნამდვილად ციხეში მოხვდება. ის ხომ ქურდია!”
რამდენი უტირია ამის გამო დედაჩემს, რამდენი იწვალა ჩემთან ერთად, ამის გამო დღემდე ვთხოვ პატიებას.
მაგრამ ზრუნვისა და თბილი მოპყრობის წყალობით, მე შევიცვალე. აღარ ვიპარავდი, სკოლა ფრიადებზე დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე და ჟურნალისტი გავხდი. მავნე ჩვევები არ მაქვს. ალკოჰოლურ სასმელს დღესასწაულებზეც კი არ ვსვამ. პრინციპის გამო!
აი, ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოერია დედაჩემი გენეტიკას. დიახ, მან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. ამის გამო, ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები. მისი წყალობით გავხდი ადამიანი.
დაიმახსოვრეთ, გემს რასაც დაარქმევთ, ისეც გასცურავს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბავშვისგან ნორმალური არაფერი გამოვა. ეს სისულელეა! როდესაც სიყვარულით ხარ გარემოცული და კარგ მაგალითს გაძლევენ, გენეტიკა უძლურია. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ეს ზუსტად ვიცი!