განქორწინების შემდეგ შვილები ქმარს დავუტოვე და წავედი. არც მას, არც მის საყვარელს არ გახარებია

0
4

მრავალშვილიანი მშობლები, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს კარგად უმკლავდებიან, ყოველთვის პატივისცემას იწვევენ. ერთი შვილიც ხომ ბევრი საზრუნავი და დიდი პასუხისმგებლობაა. რა უნდა გააკეთოთ, თუ სამი შვილი გყავთ? ასეთ დიდ ოჯახში განქორწინება კატასტროფას ჰგავს, განსაკუთრებით ქალისთვის. ძირითადად, შვილები ხომ დედასთან რჩებიან. იშვიათად გაიგებთ, რომ ქალმა შვილი ქმართან დატოვა. Paparazzi გიზიარებთ ოლიას ამბავს, რომლის ქმარმაც გადაწყვიტა ოჯახის მიტოვება, რომ ახალგაზრდა და უდარდელ ქალთან წასულიყო. როგორც ჩანს, ცოლი სწორად ვერ შეაფასა. მან თამამი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც უპასუხისმგებლო მამა და მისი ახალი მეგზური საგონებელში ჩააგდო.

„ქმართან ურთიერთობა დიდი ხნის წინ გამიფუჭდა. თითქმის მთელი პასუხისმგებლობა შვილებზე მე გადმომაბარა, თავად მხოლოდ ფინანსურად მონაწილეობდა. შვილების სწავლის, ტანსაცმლის, პროდუქტების და სხვა წვრილმანისთვის საჭირო ფულს მაძლევდა. თან მის ბინაში ვცხოვრობდით და წარმოდგენა არ მქონდა, სად წავიდოდი სამ შვილთან ერთად დაშორების შემთხვევაში. თუმცა საქმე განშორებისკენ მიდიოდა. ეს მესმოდა, მისი ახალგაზრდა საყვარლის შესახებ ვიცოდი და შინაგანად განქორწინებისთვის ვემზადებოდი. მაგრამ როგორ შეიძლება ამისთვის მომზადება? მოხდა ის, რისიც მეშინოდა. პირველმა მითხრა, რომ ქორწინებამ თავი ამოწურა, რომ უნდა დავიშალოთ და ცალ–ცალკე ვიცხოვროთ.

რაღაც მომენტში გამეღიმა კიდეც. ნამდვილად, რატომ არ უნდა ვიცხოვროთ ცალ–ცალკე? შორს კაცისგან, რომელიც ჩემთვის უცხო გახდა. შორს შვილებისგან, რომელთაც მამის ფართო ბინაში დარჩენა შეუძლიათ. დავთანხმდი. დაველოდე, სანამ ხარობდა, შემდეგ დავამატე, რომ ამ შემთხვევაში შვილები მასთან დარჩებოდნენ. მე ხომ ბინა არ მაქვს და დედასთან სოფელში ვერ წავიყვანდი. უფროსი შვილი უკვე სკოლაში დადის, უმცროსები – ბაღში. ყველაფერი ახლოსაა, მეზობლად. ამ უბანში დიდი ბინის დაქირავების ფული არ მაქვს. თან სამ შვილთან ერთად ბინის ქირაობა სცადე. ამის გაგონებაც არ მინდა.

რა თქმა უნდა, ქმარი სიტუაციის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა. შემდეგ ცოტა გონს მოვიდა და ჩემი გადარწმუნება სცადა, დედობრივი ინსტინქტისკენ მომიწოდებდა. მისი მცდელობა საბრალო და ცოტა სასაცილო იყო. ვნანობ, რატომ არ ვკითხე, სად იყო მისი მამობრივი ინსტინქტი? ნუთუ ცოტა მამა რჩება შვილებთან, როცა ქალი, მაგალითად, სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის? ცხოვრობენ, უმკლავდებიან, საუზმეს ამზადებენ, ალაგებენ, ბავშვებს აბანავებენ, ნაწნავებს უკეთებენ და გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებიან. თუ ვერ უმკლავდებიან, ბებიას, ძიძას საქმეში რთავენ. ძვირფასო, შენც შეძლებ.

შვილებზე უარს არ ვამბობ. ჩემი ხელფასის ნაწილს ქმარს გადავურიცხავ, რომ შვილებს მოახმაროს. შაბათ–კვირას დროს მათთან ერთად გავატარებ. ზაფხულზე არდადეგებზე სოფელში დედაჩემთან წავიყვან. მთელი საღამო ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, ბოლოს საყვარელს რჩევისთვის დაურეკა, შემდეგ ისევ რაღაცას მიმტკიცებდა. მეორე დღეს დასვენების დღე ავიღე, ნივთები შევაგროვე და მეგობართან გადავედი, თან ბინის ძებნა დავიწყე. შოკირებული ქმარი თავისუფლებით ტკბობისთვის დავტოვე.

მესმის, რომ ბევრი საერთო მეგობარი მის მხარს დაიჭერს. თითქოს, შვილები მივატოვე და საწყალმა, არ იცის, რა გააკეთოს. მაგრამ ბევრი ქალი შვილებთან ერთად უქმროდ როგორღაც უმკლავდება. თან ეს ნორმალურად ითვლება. თუ მამა შვილებთან მარტო რჩება, პირდაპირ უბედურებაა. გადასარჩენად გაიქეცით. თუმცა ჰყავს საყვარელი, რომლის მოყვანას აპირებდა. დაე, დაეხმაროს“ – ამბობს ოლია.

ოლიას შესაშური სიმტკიცე აქვს. ალბათ, ბევრი ქალი შვილებს მამასთან მშვიდად ვერ დატოვებდა და წავიდოდა. თუმცა ქალის არგუმენტები დამაჯერებელი და გონივრულია. ქმარმა ხომ განქორწინება შესთავაზა, მაგრამ არ იფიქრა, როგორ იცხოვრებდნენ მისი შვილები და მათი დედა. პირდაპირ ქუჩაში ხომ არ წავიდოდნენ.