დღესასწაულები – ეს არის სასიხარულო მოვლენები და შეხვედრები მეგობრებთან და ნათესავებთან. სუფრასთან სასიამოვნო შეკრებები, სხვადასხვა გემრიელი კერძები და მხიარული სიცილი. დღესასწაულისთვის მზადება ყოველთვის ამაღელვებელია. თითოეული დიასახლისი ცდილობს გააოცოს და გაახაროს თავისი სტუმრები უჩვეულო კერძებით. სტუმრები კი ყოველთვის მოუთმენლად ელიან ახალ შედევრს მასპინძლებისაგან.
მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელიც ყველა გურმანს აწუხებს. როგორ არ ვჭამოთ ზედმეტი სადღესასწაულო სუფრაზე? არა და, გინდა, რომ ყველაფერი გასინჯო და გემოებით დატკბე, კუჭს კი ფიზიკურად მეტის მიღება აღარ შეუძლია. ქეიფის შემდეგ მუცლის ტკივილი და სიმძიმე გაწუხებს. და ყოველ ჯერზე პირდები საკუთარ თავს, რომ აღარ გაიმეორებ ამას, მაგრამ ყოველ ჯერზე ყველაფერი თავიდან მეორდება.
როგორ არ ვჭამოთ ზედმეტი
ამ ყველაფერს ის ემატება, რომ უარის თქმა გვერიდება. სწორედ ეს გვაიძულებს კიდევ ერთი ნაჭერი ნამცხვრის ან ერთი კოვზი სალათის გადაღებას. არ გინდა, რომ გაანაწყენო დიასახლისი, რომელმაც ამდენი ძალისხმევა და შრომა დახარჯა ამ კერძების მოსამზადებლად.
ზოგჯერ კი სწორედ დიასახლისის დაჟინებულობა გვაიძულებს კიდევ ერთი პორციის შეჭმას, ჩვენი სურვილისა და შესაძლებლობების საწინააღმდეგოდ. როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში, რომ არც არავის ვაწყენინოთ და ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ? სწორედ ამ საკითხზეა საუბარი – პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.
სინამდვილეში, კერძის მეორე პორციაზე უარის თქმის საიდუმლო ძალიან მარტივია. ჩვეულებრივ კარგ მანერებს ჯერ არავინ გაუნაწყენებია. თუ მეტის ჭამა აღარ გსურთ, მაშინ უბრალოდ უთხარით დიასახლისს, როდესაც ის რაიმე კერძის დამატებას შემოგთავაზებთ.
შეგიძლიათ უთხრათ, რომ როგორც კი მოშივდებათ, აუცილებლად მიირთმევთ კიდევ ერთ ნაჭერს, მაგრამ ჯერჯერობით აღარ გშიათ. სასიამოვნო ღიმილი და თავაზიანი უარი ცხადყოფს, რომ თქვენ აღარ აპირებთ ჭამას. ამავე დროს, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ კერძის ავტორის შექება წარმოუდგენელი გემოსთვის. ყველა ადამიანს სიამოვნებს, როდესაც მის ძალისხმევას აფასებენ და აქებენ.
რა უნდა უპასუხოთ დიასახლისს: ეტიკეტის წესები
თუ დიასახლისი დაჟინებით გთხოვთ კიდევ ერთი ნაჭრის გადაღებას, ამ დროს ემოციები დაგეხმარებათ. უთხარით, რომ ასეთი ძალდატანება უხერხულ მდგომარეობაში გაყენებთ, რადგან ყველაზე პატარა ულუფის ჭამაც კი აღარ შეგიძლიათ.
უნდა უთხრათ, რომ თქვენი უარით ნამდვილად არ გსურთ მასპინძლების განაწყენება, მაგრამ გირჩევნიათ, რომ შემდეგ პორციამდე ცოტა ხნით მოიცადოთ. და ეს უარი, არანაირად არ გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას მასპინძლის ან კერძის ავტორის მიმართ.
არსებობს კერძის დამატებაზე უარის თქმის კიდევ ერთი მომენტი. შეგიძლიათ თქვათ, რომ საკუთარ წონას ადევნებთ თვალს და არ გსურთ ზედმეტის ჭამა, რათა ზედმეტი კილოგრამები არ მოგემატოთ. ამ მეთოდს უამრავი არგუმენტი აქვს თქვენს სასარგებლოდ და აღარავინ შემოგთავაზებთ კერძის დამატებას. მთავარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ უგემრიელესმა ხემსებმა და მადისაღმძვრელმა ნამცხვრებმა.
ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ჭამს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი ძალიან იტანჯება ზედმეტი საკვების მიღების გამო. ეს მისთვის უზარმაზარი სტრესია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება სადღესასწაულო სუფრების დროს.
ამიტომ, იმისათვის, რომ არ გაკიცხოთ საკუთარი თავი დღესასწაულის შემდეგ, უმჯობესია წინასწარ იფიქროთ ასეთ სიტუაციებზე. დაიმახსოვრეთ, მეორე პორციაზე უარის თქმით არავის შეურაცხყოფთ, თქვენი კუჭი კი მხოლოდ მადლობას მოგახსენებთ. ილაპარაკეთ თავდაჯერებულად და დამაჯერებლად და მაშინ არავინ იფიქრებს, რომ რაიმე არ მოგეწონათ. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ!