ყველა მოსიყვარულე მშობელს სურს, რომ მათი შვილები ბედნიერები, ჯანმრთელები და მდიდრები იყვნენ. მაგრამ ბოლო პუნქტის შემთხვევაში, ყოველთვის ასე არ გამოდის. ალბათ პრობლემა იმაშია, რომ ყველა მშობელს არ შეუძლია შვილისთვის ასეთი ხარისხიანი ფინანსური განათლების მიცემა.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნერგავენ ბავშვებს ებრაულ ოჯახებში ფულის მიმართ სწორ დამოკიდებულებას. ასეთი სწავლება აქ ხომ 7 წლიდან იწყება და უფრო ადრეც. მით უმეტეს, რომ შედეგები ყველამ ვიცით. როგორც ჩანს, აქედან ბევრი რამ არის სასწავლი.
ფინანსური აღზრდა
საინტერესოა, რომ უკვე 7 წლის ასაკში ებრაულ ოჯახში ბავშვს ასწავლიან გონებაში ლოგიკური ჯაჭვების აგებას. ბავშვები აანალიზებენ ისტორიებს რელიგიური წიგნებიდან, განიხილავენ მათ, გამოხატავენ თავიანთ აზრს. მეტიც, ამ დისკუსიაში ყველას აქვს საკუთარი პოზიციის უფლება, ერთადერთი სწორ განმარტებას არავის ახვევენ თავს.
აქ მშობლებისა და აღმზრდელების მთავარი ამოცანა ის არის, რომ ბავშვებს დისკუსიის წარმართვა ასწავლონ. თუმცა, ბავშვმა უნდა ისწავლოს არა მხოლოდ თავისი პოზიციის არგუმენტირება, არამედ თანამოსაუბრის პოზიციის მოსმენაც. ეს ხელს უწყობს მომავალში ახალი იდეების ჩამოყალიბებას და კონტაქტის მარტივად დამყარებას ნებისმიერ ადამიანთან.
საინტერესოა ისიც, რომ ებრაელები ადრეული ასაკიდანვე უნერგავენ ბავშვებს მარტივ აზრს: “იყო მდიდარი – ეს კარგია“. ებრაულ ზღაპრებს თუ წაიკითხავთ, შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, რადგან აქ მდიდარი ხალხი ყოველთვის სიკეთის მხარეზეა. ისინი სხვებს ეხმარებიან და გარშემომყოფებს კარგ მაგალითს აძლევენ.
ეს გასაკვირია, რადგან ბევრ სხვა ერში ზღაპრებში ღარიბები არიან კეთილები, მდიდრები კი ბოროტები. შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობის რამდენიმე ზღაპარი, სადაც მდიდარი აწყენინებს ღარიბს, შემდეგ კი ღარიბი პოულობს გზას, რომ მდიდარს ჭკუა ასწავლოს. და ყველას უხარია ასეთი კარგი დასასრული. უხარიათ, რომ კეთილმა ღარიბმა ბოროტი მდიდარი დაამარცხა. და ასეთი იდეის მეშვეობით სიღარიბე თითქოს წახალისებულია, თითქოს ეს კარგი ადამიანების დამახასიათებელი ნიშანია.
სიღარიბე – ცუდია
ებრაული ტრადიციები გვარწმუნებს, რომ სიღარიბე ცუდია. ერთ-ერთი მთავარი პრინციპია: “გინდა დაეხმარო გაჭირვებულ ადამიანებს? მაშინ ნუ იქნები ერთ-ერთი მათგანი.” ამიტომ ბავშვებს ასე ჯიუტად უდებენ თავებში, რომ სიმდიდრე ციდან კი არ ვარდება, არამედ უნდა იშოვო. ფული – პროდუქტიული შრომის შედეგია, ძალისხმევის შედეგი. და იმისკენ სწრაფვა, რომ იყო მდიდარი – სავსებით ნორმალურია.
ებრაელები არ ცნობენ ისეთ დესტრუქციულ რწმენას, როგორიცაა “ფული – საშიშია”, “რაც უფრო მდიდარი ხარ, მით მეტი პრობლემა გაქვს”, “ყველა მდიდარი ბოროტმოქმედი და ქურდია”. თუმცა, ბევრი მკითხველი დამეთანხმება, რომ მათთვის ასეთი გამოთქმები ძალიან ნაცნობია.
იმისათვის, რომ ბავშვი წარმატებული და თავდაჯერებული გაიზარდოს მას სჭირდება რეგულარულად შექება და წახალისება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, რაც მოესურვება. თავისუფლება ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს. შედეგად, ბავშვი დამოუკიდებელი იზრდება, მაგრამ ამავე დროს ის ყოველთვის უსმენს მშობლებს (და საღ აზრს).
ამავდროულად, ებრაელები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ბავშვებს მიეცეს – ეს არის ბევრი ფული. განცდა, რომ ყველაფრის ყიდვა შეგიძლია, რაც მოგესურვება – დამღუპველია. ეს გამოიწვევს სამყაროს დამახინჯებული აღქმის ჩამოყალიბებას. თავში შეიძლება გაჩნდეს აზრი: ”მე თვითონ არაფრის უნარი არ მაქვს, მაგრამ ჩემი მშობლები ყოველთვის დამეხმარებიან”.
ამიტომაც ხშირად იზრდებიან უპასუხისმგებლო ზარმაცები, რომლებიც არ არიან მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და არ იციან როგორ დაძლიონ სირთულეები. და თუ ბავშვი გრძნობს მშობლების მხარდაჭერას და სიყვარულს, მაგრამ ესმის, რომ ყველაფერს თავად უნდა მიაღწიოს, მაშინ მისგან აუცილებლად თავდაჯერებული, მიზანდასახული და აქტიური ადამიანი გაიზრდება.