დედის ისტორია, რომელმაც ეგოისტი შვილი გაზარდა და ახლა მას ვერ უმკლავდება

1337

თანამედროვე ლიტერატურა და ფსიქოლოგები ერთხმად გვეუბნებიან, რომ ეგოიზმის არსი არის წარმატებული ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ასეთი საქციელის შედეგი, მათი აზრით, სიმდიდრე, დიდება და ტრიუმფია. უნდა იყო მტაცებელი, ზვიგენი, იარო დასახული მიზნისკენ და არავინ დაინდო საკუთარ გზაზე.

პრიალა ჟურნალები სავსეა ასეთი „ალფა მამრების“ ფოტოებით და ქცევის სწორედ ამ მოდელს უწევენ პროპაგანდას. მაგრამ რეალურ სამყაროში ყველაფერი ცოტა სხვაგვარად ხდება. ეგოისტად შეგიძლიათ ზრდასრულ ასაკშიც იქცეთ, მხოლოდ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი ყოველთვის გამოხატავს თანაგრძნობას სხვის მიმართ. ეგოისტის აღზრდა – მარტივი საქმეა. მაგრამ რას მოიტანს ის?

ეგოიზმის არსი

გააჩინო ერთადერთი შვილი, როცა 38 წლის ხარ და არ გაანებივრო, ეს ფანტაზიაა. ჰკითხეთ ნებისმიერ მშობელს, რომელმაც შვილები გვიან გააჩინა, ის დაადასტურებს. ალბათ, ასე მუშაობს ინსტინქტები, მე და ჩემს ქმარს სხვაგვარად უბრალოდ არ შეგვეძლო. გარდა ამისა, მანამდე უამრავი მცდელობა გვქონდა და ყველაფერი ცუდად დამთავრდა. გახსენებაც არ მინდა.

უკვე საბავშვო ბაღში მასწავლებლები საყვედურს გვეუბნებოდნენ იმის გამო, რომ გიორგი ძალიან განებივრებული იყო. ყველა სათამაშო თავისთვის უნდოდა, არ სურდა ვინმესთან გაზიარება. ცდილობდა ვიღაცის ნივთები სახლში წამოეღო, ტიროდა. დიახ, ეს კარგი არ არის, მაგრამ ის ხომ ბავშვი იყო. ზრდასრული ადამიანებიც კი იცვლებიან დროთა განმავლობაში, ბავშვები კი – მით უმეტეს.

ასეთი რამ სკოლაშიც ხდებოდა. ჩვენ, როგორც მშობლები, ვცდილობდით, რომ ჩვენი შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო მიგვეცა. რეპეტიტორებთან დაგვყავდა, კარგ ტანსაცმელს ვყიდულობდით, ჯიბის ფულს ვაძლევდით და ასე შემდეგ – ყველაფერს ვაკეთებდით, რაც საჭირო იყო. გიორგი კარგი ბიჭი იყო, მაგრამ დროდადრო დირექტორთან გვიძახებდნენ. მოჩხუბარი არ იყო, არა. მაგრამ მას შეეძლო გაკვეთილის ჩაშლა რაღაც წვრილმანის გამო.

კლასელმა საკონტროლო მისგან გადაიწერა? აუცილებლად იქნება ჩხუბი. მასწავლებელმა დაბალი ნიშანი დაუწერა? გაკვეთილი ნორმალურად არ გაგრძელდება, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება. და საქმე სულაც არ ეხებოდა ნიშანს. თვითონ ის ფაქტი იყო მისთვის მიუღებელი, რომ რაღაცნაირად დაჩაგრეს…

ვიმედოვნებდით, რომ ხასიათის ასეთი გამოვლინებები მას ზრდასრულ ცხოვრებაში დაეხმარებოდა. ამბიცია საჭიროა, თუ არ გინდა, რომ მთელი ცხოვრება ქარხანაში იმუშაო, ასე არ არის? მაგრამ კლასელები სხვაგვარად ფიქრობდნენ და გიორგის ხშირად უწევდა ბრძოლა.

სამწუხაროდ, ინსტიტუტში უფასოზე ჩაბარება ვერ მოხერხდა. ის გამოცდებს ვერ ჩააბარებდა. მოგვიწია, რომ ფასიან სასწავლებელში მოგვეწყო. ეს გიორგის არავითარ მოტივაციას არ აძლევდა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში განათლების გარეშე, როგორ იქნებოდა. სამწუხაროდ, მესამე კურსიდან გამოაგდეს. ცუდი მოსწრება და ხშირი გაცდენები, მათთან მოლაპარაკება კი შეუძლებელი იყო.

ჩემს შვილს მუშაობა არ უნდოდა. მან ინტერნეტში რამდენიმე სქემა გამოსცადა, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო გარკვეული თანხის ინვესტიცია. ჩვენ არ გვქონდა და ბანკმაც უარი უთხრა სესხის გაცემაზე. გარდა ამისა, ექვსი თვის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი საპნის ბუშტი იყო და, ბოლოს და ბოლოს, გასკდა, რის გამოც ბევრი ინვესტორი ჯიბეში გროშის გარეშე დარჩა.

შემდეგ გიორგიმ თავი მარკეტინგში გამოსცადა. ის ქალაქში დადიოდა და ბუკლეტებს არიგებდა, რომლებიც ახალ ჩინურ პროდუქტს არეკლამებდა. ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა, კონკურენტებმა კიდევ უფრო მეტი ასეთი თანამშრომელი დაასაქმეს და ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პროდუქტი იმდენად გავრცელებული გახდა, რომ მოგება აღარ მოჰქონდა. აგენტებს ხელფასიც კი არ მისცეს და “კომპანიის” დამფუძნებლები უბრალოდ გაქრნენ ყველა რადარიდან.

გიორგი ოფიციალურად უმუშევარი გახდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარი პრეტენზია არ გამოგვითქვამს. სად უნდა წავიდეს ახალგაზრდა კაცი ასეთ სიტუაციაში? მან განაგრძო ჩვენთან ერთად ცხოვრება ჩვენს ოროთახიან ბინაში. ერთადერთი, რისიც მეშინოდა, ის იყო, რომ კომპიუტერთან დაჯდებოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტებოდა და გარეთ გასვლას შეწყვეტდა. ცოტა ხნის მანძილზე ასე იყო, შემდეგ კი მან მაშო გაიცნო.

მაშო რთული ადამიანია. ისიც უმუშევარია. მყვირალა მაკიაჟი უყვარს. გიორგისთვის ის ციდან ჩამოფრენილი ანგელოზია. მე, როგორც დედას, მიხარია, რომ ჩემს შვილს შეყვარებული ჰყავს. მაგრამ მშვენივრად მესმის, რომ თუ ეს ბავშვები არ ისწავლიან საზოგადოებაში თავის გატანას, ყველაფერი ძალიან სევდიანად დამთავრდება. პრობლემა კი ის არის, რომ არც ერთს არ სურს შეცვლა.

ჩემი ქმარი, ასაკის მიუხედავად, აგრძელებს მუშაობას და დამატებითი შემოსავალიც აქვს. მეც ხანდახან დავდივარ ჩემს სახლთან ახლოს ოფისის დასალაგებლად. ამას მინიმალური დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ისინი ხელფასს ყოველთვის დროულად იხდიან. საერთო ჯამში ნორმალური თანხა გამოდის, მაგრამ ის მაშინვე ქრება, როცა პროდუქტების შეძენის დრო მოდის. ახალგაზრდები საერთოდ არ გვეხმარებიან.

მაშომ თავისი ნივთები უკვე ჩვენთან გადმოიტანა. ასე რომ, ის ჩვენთან დიდი ხნით გადმოვიდა. მე წინააღმდეგი არ ვარ, ისინი მაინც სულ თავიანთ ოთახში არიან. მაგრამ მაღიზიანებს ის, რომ ეს გოგო არასოდეს მესალმება, არასოდეს მომიკითხავს. მას შეუძლია მთელი დღე სააბაზანოში გაატაროს, ღამით კი მაცივარში იქექოს. გასაგებია, რომ ასეთი დამოკიდებულება იმის გამოა, რომ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ნეგატივს იწვევს, სწორად გამიგეთ.

ჩემი ვაჟი ამბობს, რომ ისინი უკვე პრაქტიკულად ცოლ-ქმარი არიან. ამიტომ მე და მამამ უნდა ვისწავლოთ მაშოს ოჯახის წევრად აღქმა. მისი მშობლებიც კი არ მინახავს. მეგობრები კი ხშირად მოდიან. ისინი ძალიან ხმაურიანები არიან. მათ უკვე სხვანაირად ველაპარაკები. თავს არ ვიკავებ, რადგან ჩემს სახლში არეულობას ვერ მოვითმენ. მაგრამ ეს ყველაფერი ცუდი და შემაწუხებელია.

მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ შვილის ბინას ვერ ვუყიდით. საკმარისი ფული არ გვაქვს. იპოთეკით რომ ვიყიდოთ, გაურკვეველია, გადაიხდიან თუ არა, თუნდაც პირველი შენატანით ჩვენ დავეხმაროთ. ასეთი ფულის დაკარგვა არ შეიძლება. ახალგაზრდებს სივრცე სჭირდებათ, ჩვენ – სიმშვიდე. იქნებ შევძლოთ ჩვენი ოროთახიანი ბინის ორ ერთოთახიან ბინაზე გადაცვლა, თანხის დამატებით.

სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, მაგრამ როგორმე ხომ უნდა ვიცხოვროთ. ვიმედოვნებთ, რომ ვაჟი მანამდე მოიკრებს გონებას, სანამ თავად გახდება მამა. შვილიშვილს შენახვასაც ხომ ვერ შევძლებთ. ჯერ-ჯერობით კი ყველაფერი გაურკვევლობაშია, რჩება მხოლოდ უფლის იმედი და უკეთესის მოლოდინი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს